[რუსულ კანონზე] რუსული და ცუდი ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში და სათაურს ჩაეჭიდნენ

მამუკა მდინარაძე: [რუსულ კანონზე] რუსული და ცუდი ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში და სათაურს ჩაეჭიდნენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

საკუთარ Facebook გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ 2024 წლის 14 მაისს აღნიშნულ კანონპროექტს  მესამე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ,,რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაური და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო“, - აღნიშნა დეპუტატმა.  პარლამენტში რუსული კანონის დაინიციირების შემდეგ, კანონპროექტის ინიციატორები და მისი სხვა მხარდამჭერები ოპონენტებს არგუმენტების სიმცირეში სისტემატურად „ამხელენ“, თუმცა ბრალდებები არგუმენტების არ არსებობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება (ამ საკითხთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კანონპროექტის ტერმინი -  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მართლაც პრობლემურია. აღნიშნულ ტერმინს მასტიგმატიზებელი ხასიათი აქვს და მისი გამოყენება საქართველოშიც, ისევე როგორც რუსეთში, სამოქალაქო საზოგადოების გაქრობისკენ გადადგმული ერთ-ერთი რეპრესიული ნაბიჯია. ტერმინის მასტიგმატიზებელი ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ის, უცხოეთის ინტერესების გამტარს არქმევს ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, რა აქტივობას ახორციელებს ის. საქმეზე ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინია, რადგან გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად, რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია. მართალია, 2024 წელს დაინიციირებულ კანონპროექტი ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად, იყენებს ტერმინს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, თუმცა  ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტერმინ „აგენტს“ ზუსტად იმ შინაარსით განმარტავს, რა შინაარსსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციებს ანიჭებს. აგენტი და ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთის ინტერესებს ატარებს, ანუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ფაქტობრივად ერთი და იგივეა.

კანონპროექტის მასტიგმატიზებელი სათაურის გარდა,  სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი არგუმენტი გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ რეალურად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი  დასავლური ქვეყნების პრაქტიკისგან  რადიკალურად განსხვავდება და ის, რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) ორგანიზაციას იმაზე დაყრდნობით აცხადებს, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან.

მარტივად რომ ავხსნათ, ევროკავშირში დაინიციირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები ქვეყნის წინაშე არსებული რისკების პრევენციას მიემართება, რისთვისაც ირჩევს პროპორციულ მექანიზმს და გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. ამრიგად, დასავლური პრაქტიკა საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღებ არაკომერციულ ორგანიზაციებზე კი არ არის ფოკუსირებული, არამედ იმ კონკრეტული აქტივობების იდენტიფიცირებას მიემართება, რომლებმაც შესაძლოა დემოკრატიულ პროცესებზე მავნე გავლენები იქონიოს.

აღნიშნულზე ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

ამისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი აქტივობის შინაარსს არ აფასებს და „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს. დასავლეთში მოქმედი თუ ინიციირებული კანონები/კანონპროექტები, იზიარებენ ეუთოს მითითებას იმის თაობაზე, რომ „გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისეთების, როგორებიცაა საჯარო წესრიგი, ან იმგვარ დანაშაულთან ბრძოლა როგორიცაა კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამგვარი მყარი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობა ჩაითვალოს“.

ვინაიდან საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი და რუსული კანონი უყურებს არა აქტივობებს, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, არამედ პირდაპირ უცხოეთიდან თანხის მიღების გამო არეგისტრირებს ორგანიზაციებს უცხოეთის გავლენის გამტარებლებად (აგენტებად), ქართულ კანონპროექტსა და რუსეთში მიღებულ აგენტების კანონს შორის შინაარსობრივი თანხვედრაა.

კანონის კიდევ ერთი პრობლემა რეპრესიული მონიტორინგის მექანიზმია. იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ დროს უფლებამოსილია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ან კანონის აღსასრულებლად, დაიწყოს მონიტორინგი. მონიტორინგის დაწყების საფუძველია იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ან მინიშნება.  აღნიშნული საფუძვლები ზედმეტად ბუნდოვანია, რაც თვითნებობის რისკს ზრდის. კანონპროექტი მონიტორინგის ჩასატარებლად იუსტიციის სამინისტროს არ უდგენს შემჭიდროებულ ვადებს და ამით მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეაფერხოს ორგანიზაციის მუშაობა. იუსტიციის სამინისტროს ასევე ეძლევა უფლება, ნებისმიერ საჭირო პერსონალურ მონაცემზე ჰქონდეს წვდომა. კანონპროექტი არ აკონკრეტებს, თუ რას ნიშნავს საჭირო პერსონალური მონაცემი, ან ვინ ადგენს მონაცემის საჭიროებას, ეს კი სრულ და უკონტროლო ძალაუფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს და ქმნის ორგანიზაციების ბენეფიციართა უფლებების დარღვევის მყარ საფუძველს. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში: სტატია 1; სტატია 2. არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკოსების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჩამოყალიბებული არგუმენტები დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, სათაურისა და სახელის გარდა, კანონპროექტის სხვა პრობლემურ ნაწილებზეც აპელირებენ, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.