არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეიმუშაონ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2024 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით მმართველი პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოვიდა. უკვე ორი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე ისაუბრა და პარალელი დასავლურ პრაქტიკასთან გაავლო. „ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი სპეციალური დირექტივით, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, შექმნან გამჭვირვალობის რეესტრები. ამ სფეროში კანონმდებლობა უკვე აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ავსტრალიას. კანონზე მუშაობს კანადაც. გარე ჩარევის საფრთხეები ერთიორად მაღალია საქართველოსთვის“.

„ფაქტ-მეტრმა“ არჩილ თალაკვაძის განცხადება გადაამოწმა.

არჩილ თალაკვაძე საკუთარი განცხადებით, საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ დასავლურ კანონმდებლობასთან აკავშირებს. სინამდვილეში, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

მთავარი განსხვავება ევროკავშირის დირექტივის პროექტსა და ქართულ კანონპროექტს შორის ისაა, რომ ევროკავშირის დირექტივის პროექტისთვის გამჭვირვალობა არა თვითმიზანი, არამედ კონკრეტული მიზნების მიღწევის საშუალებაა. ამისგან განსხვავებით, საქართველოში წარდგენილი კანონპროექტი, კონკრეტულ რისკებზე მითითების გარეშე, თვითმიზნად გამჭვირვალობას ასახელებს და ამ ერთი შეხედვით „კეთილშობილური“ მიზნის მიღმა კანონპროექტში არსებული რეპრესიული მექანიზმები სამოქალაქო სექტორს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს. (ევროკავშირის დირექტივის პროექტსა და ქართულ კანონპროექტს შორის არსებულ განსხვავებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რაც შეეხება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას, ამ სახელმწიფოებში, სინამდვილეში, რადიკალურად განსხვავებული ნორმები მოქმედებს. ეს ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები / პოლიტიკები და მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.

მიუხედავად ამისა, ორივე ამ მიდგომაში საერთოა ერთი მთავარი ასპექტი - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები (აშშ-ს, ბრიტანეთის, ავსტრალიის) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა (ამ ქვეყნების კანონმდებლობების შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გარდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებისა, არჩილ თალაკვაძე ასევე ახსენებს კანადის მაგალითსაც. ის კანონმდებლობა, რომელზეც კანადაში მუშაობენ, გულისხმობს ინდივიდუალური პირებისა და იურიდიული პირების იმ აქტივობების რეგისტრაციას, რომლებიც მათ უცხო ძალასთან შეთანხმებით და, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით განახორციელეს. კანონპროექტის ტექსტი განმარტავს შეთანხმების იმ შინაარსსაც, რა შემთხვევაშიც ეს შეთანხმება უცხო ძალასთან შეთანხმებად და დასარეგისტრირებელ აქტივობად უნდა მივიჩნიოთ.

კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალასთან შეთანხმება არის იმგვარი შეთანხმება, როდესაც პირი იღებს ვალდებულებას, უცხო ძალის მითითებით, ან მასთან ასოცირებით (ასოცირება გულისხმობს ფორმალურ სამუშაო ურთიერთობას, რომელიც მოიცავს რეგულარულ კონსულტაციებს), განახორციელოს პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები: ა) საჯარო თანამდებობის პირთან კომუნიკაცია; ბ) იმგვარი ინფორმაციის კომუნიკაცია ან გავრცელება ან კომუნიკაციისა ან გავრცელების გამოწვევა, მათ შორის სოციალურ მედიაში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან; გ) ფულის ან ფასიანი ნივთების განაწილება ან სერვისის მიწოდება ან ქონების გამოყენება. მთელი შემდგომი კანონპროექტი კი საუბრობს იმაზე, რომ მისი მიზანი და დასარეგისტრირებელი აქტივობები სწორედ ამგვარი შეთანხმების შედეგად განხორციელებულ მოქმედებებს მოიცავს.

ამ კანონმდებლობის საქართველოში ინიციირებულ „გამჭვირვალობის კანონთან“ შედარება არარელევანტურია, ვინაიდან საუბარია ორ რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე:

-საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი, ნებისმიერი დაფინანსების მიღების ფაქტს გასაკონტროლებლად მიიჩნევს;

- კანადაში ინიციირებული ცვლილებების პაკეტი, უცხო ძალასთან შეთანხმებით მოქმედების აქტივობებს არეგისტრირებს.

შესაბამისად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი რეგისტრაციის ვალდებულებას უჩენს თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას მაშინ, როცა კანადაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიმართულია იმ კონკრეტული აქტივობების გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულების, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირების გზით, უზრუნველყოფაზე, რომელიც პირმა უცხო ძალასთან შეთანხმებით, უცხო ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, კანადის ინტერესების საზიანოდ განახორციელა (კანადაში დაინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დამატებით იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

იქიდან გამომდინარე, რომ ქართული კანონპროექტი გასაკონტროლებლად მიიჩნევს ნებისმიერ დაფინანსებას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია მიიღებს, ხოლო დასავლური პრაქტიკა კონცენტრირებულია კონკრეტული - უცხო ძალის დავალებით/კონტროლით განხორციელებული აქტივობების გამჭვირვალობაზე, მათი შედარება შეცდომაში შემყვანია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია