სოციალურ ქსელში Facebook (1; 2; 3; 4) და TikTok-ანგარიშები (1; 2) კანადაში დაინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ“ განიხილავენ. ზოგიერთ პოსტში ვხვდებით კომენტარს - „არა რუსულ კანონს“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კანადაში დაინიციირებული კანონპროექტი საქართველოში დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსია. (არქივირებული პოსტი)

სინამდვილეში, კანადაში ინიციირებული კანონმდებლობა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია, რომელთა მიზანიც უცხოური ჩარევისგან კანადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აღნიშნული აუცილებლობა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2019 წელს დადგა, როდესაც ჩინეთი, კანადაში წარმოებული გამოძიების მიხედვით, რომელსაც მოსამართლე მარი-ჟოზე ჰოგი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, 2019 წელს ლიბერალური პარტიის ნომინაციის პროცესში ჩაერია. მთავრობის მიერ მომზადებული Bill c-70 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის მიზანიც კანადური დემოკრატიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მის მოსამზადებლად კანადის სახელმწიფო 1 წლის განმავლობაში ატარებდა კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან.

კანადის სახელმწიფო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას შემდეგნაირად ასაბუთებს - საგარეო ჩარევა მოიცავს მავნე აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება კანადის ინტერესების საზიანოდ უცხო სახელმწიფოს ან უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირების მიერ, ხორციელდება ფარულად, შეცდომაში შეყვანითა და პირისათვის საფრთხის შექმნით, უცხო ძალასთან შეთანხმებით, უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად. საგარეო ჩარევა საფრთხეს უქმნის ხელისუფლების ყველა დონეს, კერძო სექტორს, აკადემიას, დიასპორას, თემსა და ზოგადად საზოგადოებას.

საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აქტს (Foreign Influence Transparency and Accountability Act (FITAA)), რომლის საფუძველზეც იქმნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრი. რეესტრის ზედამხედველობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის დამოუკიდებელი კომისრის ვალდებულება იქნება და მის მიზანს წარმოადგენს: 1. უცხო ძალის (უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბიზნესი) სახელით მოქმედი პირების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; 2. იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც უცხო ძალის სახელით ფარულად / გაუმჭვირვალედ მოქმედებს.

მოცემული კანონმდებლობა გულისხმობს ინდივიდუალური პირებისა და იურიდიული პირების იმ აქტივობების რეგისტრაციას, რომლებიც მათ უცხო ძალასთან შეთანხმებით და, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით განახორციელეს. კანონპროექტის ტექსტი განმარტავს შეთანხმების იმ შინაარსსაც, რა შემთხვევაშიც ეს შეთანხმება უცხო ძალასთან შეთანხმებად და დასარეგისტრირებელ აქტივობად უნდა მივიჩნიოთ. კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალასთან შეთანხმება არის იმგვარი შეთანხმება, როდესაც პირი იღებს ვალდებულებას, უცხო ძალის მითითებით ან მასთან ასოცირებით (ასოცირება გულისხმობს ფორმალურ სამუშაო ურთიერთობას, რომელიც მოიცავს რეგულარულ კონსულტაციებს), განახორციელოს პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები: ა) საჯარო თანამდებობის პირთან კომუნიკაცია; ბ) იმგვარი ინფორმაციის კომუნიკაცია ან გავრცელება ან კომუნიკაციისა ან გავრცელების გამოწვევა, მათ შორის სოციალურ მედიაში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან; გ) ფულის ან ფასიანი ნივთების განაწილება ან სერვისის მიწოდება ან ქონების გამოყენება. მთელი შემდგომი კანონპროექტი კი საუბრობს იმაზე, რომ მისი მიზანი და დასარეგისტრირებელი აქტივობები სწორედ ამგვარი შეთანხმების შედეგად განხორციელებულ მოქმედებებს მოიცავს.

ამ კანონმდებლობის საქართველოში ინიციირებულ „გამჭვირვალობის კანონთან“ შედარება არარელევანტურია, ვინაიდან საუბარია ორ რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე:

-საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი, ნებისმიერი დაფინანსების მიღების ფაქტს გასაკონტროლებლად მიიჩნევს;

-კანადაში ინიციირებული ცვლილებების პაკეტი, უცხო ძალასთან შეთანხმებით მოქმედების აქტივობებს არეგისტრირებს.

შესაბამისად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი რეგისტრაციის ვალდებულებას უჩენს თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას მაშინ, როცა კანადაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიმართულია იმ კონკრეტული აქტივობების გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულების, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირების გზით, უზრუნველყოფაზე, რომელიც პირმა უცხო ძალასთან შეთანხმებით, უცხო ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, კანადის ინტერესების საზიანოდ განახორციელა.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

—---------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.