სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ტერენტი გლდანელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც ბანერზე არსებული ტექსტი რედაქტირებულია. რეალურად, აქციის მონაწილის ბანერზე სრულიად სხვა ტექსტი იყო დატანილი (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე 2024 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა და ბანერზე შემდეგი წარწერაა დატანილი: „სპეცრაზმელებო, გთხოვთ შეიკავეთ გაზები“.
შესაბამისად, ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რედაქტირებულია.
წყაროს შესახებ
სოციალურ ქსელში „ტერენტი გლდანელის“ სახელით Facebook-გვერდი და პირადი ანგარიში გვხვდება, რომლებიც მსგავსი შინაარსის მასალებს ხშირად აზიარებენ. „სამართლიანი არჩევნების“ Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, გვერდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს. გვერდზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტებიც ქვეყნდება. ამავდროულად, ჰომოფობიურ, სექსისტურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებსაც ავრცელებს. ანგარიში მადისკრედიტებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს ხშირად იყენებს. გვერდი საქართველოდან იმართება.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები თბილისში შვიდი დღეა მიმდინარეობს. პარალელურად, სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების გაყალბებული პოსტერები ვრცელდება. „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე მათგანი უკვე გადაამოწმა.
---------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.