სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო (ბმული 1, ბმული 2, რომლის თავდაპირველი ვარიანტი 2020 წელს გავრცელდა - ბმული 3, ბმული 4). ფოტოზე საქართველო ღია ზღვაში კანოეს ტიპის ნავში მჯდომი დაღლილი მეზღვაურის სახითაა გამოსახული, რომელსაც ირგვლივ ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის სახით ზვიგენები დასტრიალებენ. გავრცელებულ Facebook-პოსტებს თან ერთვის აღწერა: „ვერ ეღირსებით საქართველოს დაჩოქებას“.

გავრცელებულ პოსტებში, პოსტის აღწერისა და სურათის ერთობლიობით შემდეგი მტკიცებები გამომდინარეობს: 1) ევროკავშირი, აშშ და რუსეთი საქართველოს დაჩოქებას ცდილობენ (აღნიშნულ კონტექსტში „დაჩოქება“ მეტაფორულ სიტყვას წარმოადგენს და მისი შესატყვისი დამორჩილება იქნება); 2) ევროკავშირი, აშშ და რუსეთი საქართველოზე თავდასხმას აპირებენ/საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამასთან, ფოტო ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთთან ერთ სიბრტყეში აყენებს და იმავე დონის საფრთხედ წარმოაჩენს. მოცემული მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება.

რუსეთის შემთხვევაში, საქართველოს დამორჩილების მცდელობაზე მტკიცება ფაქტებით არის გამყარებული. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები) ოკუპირებული აქვს და მასზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რაც, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებმაც დაადგინეს.

ამასთან, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციას, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე „დამორჩილებული“ (ოკუპირებული) აქვს საქართველოს 20%-ზე მეტი და კვლავ ცდილობს საქართველოს მეტ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და მკვლელობებს ახორციელებენ.

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს სამხედრო აგრესია განახორციელა. 2008 წლის ომის ფარგლებში მან არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რასაც ცხინვალიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. რუსეთი ასევე ჩართული იყო 1990-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში, რასაც ასევე ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. სამხედრო ბერკეტების გარდა, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ბერკეტებსაც იყენებს, როგორებიცაა: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელება და კიბერთავდასხმები. საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს წინაშე არსებული რისკებში გამოყოფს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს.

ასევე, ისტორიულად, რუსეთი საქართველოს დამორჩილებას ცდილობდა - 1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროების ანექსია განახორციელა და მათ 1918 წლამდე აკონტროლებდა. ასევე საბჭოთა რუსეთმა 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკის ანექსია მოახდინა და იძულებით საბჭოთა კავშირის ნაწილად აქცია. ამდენად, რუსეთის მიერ გასულ საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და მისი ანექსიის, დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადების შემდეგ კი საქართველოზე ხელახალი თავდასხმებისა თუ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით, ფოტო, რუსეთის შემთხვევაში, რეალობას ფაქტობრივად სწორად წარმოაჩენს.

რაც შეეხება აშშ-ს, მის მიერ საქართველოს დაჩოქების მცდელობა, ისევე როგორც აშშ-ის მიერ საქართველოს მტრად ან საფრთხედ გამოცხადება, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, რასაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები (მათ შორის, სხვადასხვა პარტიის მმართველობის პერიოდში) ხშირად უსვამდნენ ხაზს. მეტიც, 2009 წლიდან საქართველოსა და აშშ-ს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიის გაძლიერების, ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებისა და კულტურული გაცვლის გაფართოების სფეროებში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აშშ საქართველოს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, რომლის ღირებულებაც ჯამში დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარია და მოიცავს, მათ შორის სამხედრო დახმარებას და უსაფრთხოების გაძლიერებას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ხელშეწყობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას. აშშ ასევე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ე.წ. არაღიარების პოლიტიკას.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოებიც საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნად არის დასახული. საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ევროკავშირისა და ნატოს წევრობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტად ასახელებს.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ევროკავშირში ეტაპობრი ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ასახელებს. მასში ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება აღიარებულია, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებს, უსაფრთხოების განმტკიცებ და ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაცი ხელშემწყობი.

მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული:

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს მთავრობებისა და მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი არჩევანი იყო. ამ ხნის განმავლობაში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდებოდა და ამ პროცესში ევროკავშირმა საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარებაც გაუწია. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო საოკუპაციო რეგიონებთან მიმართებით, უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობის მიზნით, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს.

ასევე, საქართველოს პოლიტიკური კლასის უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, რაც მათი საარჩევნო პროგრამებითა, დაპირებებითა და საჯარო განცხადებებით დასტურდება (დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველ ჩაუყარა საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას.2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა (საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგია იხილეთ ბმულზე).

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს შანსი მიეცა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დასახულ მიზნამდე - 2024 წლამდე - უფრო მალე გაეკეთებინა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამდენად, ევროკავშირში გაწევრიანება თავად საქართველომ ითხოვა. განაცხადის პასუხად, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ამდენად, მტკიცება რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს დაჩოქებას/დამორჩილებას ცდილობენ, რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული მტკიცებისთვის ფაქტობრივი საფუძველი მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში არსებობს. მტკიცება, რომ ევროკავშირი, აშშ და რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს/მასზე თავდასხმას აპირებს, ფაქტობრივი გარემოებებით მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში დასტურდება, მაშინ, როდესაც აშშ და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ და პირიქით, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარებიან.

აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, მის აღწერასთან ერთად, შეცდომაში შემყვანია.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.