Facebook-გვერდმა Bautista, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდისტული ხასიათის მასალის გავრცელებითა და დარეკლამებით გამოირჩევა და ყალბი ამბის გავრცელებაში აქამდეცაა შემჩნეული, Facebook-ზე შემდეგი სარკასტული ტიპის სურათი (ე.წ. მიმი) გამოაქვეყნა და დაარეკლამა:
სურათზე მოცემული ტექსტისა და ვიზუალიზაციის ერთობლიობიდან გამომდინარეობს მტკიცება, რომ „საქართველოს, რომელსაც უნდა თავისი გზით წასვლა“, „ევროპის კავშირი თავისი მოთხოვნებით“ აფერხებს და დამოუკიდებლად წინსვლის საშუალებას არ აძლევს. ამდენად, გამოქვეყნებული პოსტი ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირი საქართველოს აიძულებს გაერთიანების წევრობას და ამ პროცესში ძალდატანებით თავს იმ ტიპის მოთხოვნებს ახვევს, რაც საქართველოს აფერხებს.
სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება მცდარია და ის მიზანმიმართულად უგულებელყოფს როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს, ისე საქართველოს ხელისუფლებებისა და მოქალაქეების მრავალწლიან დეკლარირებულ მიზანსა და სურვილს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
რეალურად, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია და არა თავად ევროკავშირის მიერ თავსმოხვეული ან დაძალებული პოლიტიკა. ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს მთავრობებისა და მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი არჩევანი იყო. ამ ხნის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდებოდა და ამ პროცესში ევროკავშირმა საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარებაც გაუწია.
მეტიც, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული:
„მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ასევე, საქართველოს პოლიტიკური კლასის უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, რაც მათი საარჩევნო პროგრამებითა, დაპირებებითა და საჯარო განცხადებებით დასტურდება.
პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე (მოქმედი) მოწვევის პარლამენტში დაინიციირდა, იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის, 2020 წლის 15 დეკემბრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის საგარეო პოლიტიკის მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ ნაბიჯების გადადგმა იყო. მისი განცხადებით, აღნიშნული პრიორიტეტი „ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას“. საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს, აღნიშნულია:
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს ქვეყანამ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანაა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის შიდა ბაზართა ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება და ევროკავშირთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, რაც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის საფუძველია. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეუფერხებელი მოქმედება და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობა, აგრეთვე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში კავშირების გაღრმავება“.
შესაბამისად, აშკარაა, რომ ევროკავშირთან დაახლოების, მასში გაწევრიანებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისკენ სწრაფვა საქართველოს სუვერენული არჩევანია და რეალობას არ შეესაბამება ის მტკიცება, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სხვა მიმართულებით სურს წასვლა და ევროკავშირი თავისი მოთხოვნებით ამ პროცესის შეფერხებას ცდილობს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს შანსი მიეცა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დასახულ მიზნამდე - 2024 წლამდე - უფრო მალე გაეკეთებინა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამდენად, ევროკავშირში გაწევრიანება თავად საქართველომ ითხოვა. განაცხადის პასუხად, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
საქართველოს ასევე შესასრულებლად განესაზღვრა 12 პრიორიტეტი, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. პრიორიტეტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დეპოლარიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერება, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, სასამართლოს ჯეროვანი რეფორმა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, ანტი-კორუფციული ძალისხმევის გაძლიერება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, გენდერული თანასწორის ხელშეწყობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისადმი ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების საქართველოს სასამართლოების მიერ პროაქტიული გათვალისწინება და სახალხო დამცველად გამჭვირვალე პროცესით დამოუკიდებელი პიროვნების არჩევა. ჩამოთვლილი საკითხები გარდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისა, უპირველესად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვალდებულება საჯაროდ აიღეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნების შესრულების გეგმა წარადგინეს.
საქართველოს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მიზანია და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი ზომები მიიღონ.
ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ნებაყოფლობითი ხასიათისაა - ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების მასში გაწევრიანებას არ აძალებს, არამედ სხვა სახელმწიფოები ამის სურვილს თავად გამოთქვამენ. მეტიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რიგ შემთხვევებში, შემდგომი გაფართოებისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, თუმცა გაწევრიანების მოსურნე ქვეყნები ცდილობდნენ ევროკავშირთან დაახლოებას და გაწევრიანების საკითხის ადვოკატირებას.
მას შემდეგ რაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს გააკეთებს, ის ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის და პრაქტიკულად ყველა სფეროში დაახლოების ეტაპებს გადის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირთან დაახლოება, ეფუძნება ე.წ. „პირობითობის პოლიტიკას“ - მეტი ინტეგრაციისთვის და ევროკავშირისგან მეტი სარგებლის მისაღებად ევროკავშირი წევრი ქვეყნებისგან მეტ დემოკრატიულ რეფორმებს და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას მოითხოვს. აღნიშნული კი შესაბამისი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, უნდათ, თუ - არა აღნიშნული გზით წასვლა. მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოდან სამმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ - ევროკავშირთან ინტეგრაცია აირჩია და შესაბამისად, ევროკავშირმაც მათთან გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება (რომელიც მოიცავს შესასრულებელ ვალდებულებებს) თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასოცირებულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა აამოქმედა. ასოცირების შეთანხმების შესრულების კვალდაკვალ აღნიშნული სახელმწიფოები ევროკავშირისგან მეტ სარგებელს იღებენ.
ბელარუსმა და აზერბაიჯანმა ევროკავშირთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა არ აირჩიეს და შესაბამისად, ევროკავშირს მათთვის მსგავსი ტიპის მოთხოვნები არ განუსაზღვრია. ევროკავშირმა შეთანხმება სომხეთთანაც გააფორმა, თუმცა, ის ასოცირებულ ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ჰარმონიზებისა და თანამშრომლობის დონეს ჩამორჩებოდა.
2022 წელს საქართველოსთვის რეკომენდებული 12 პრიორიტეტი უკავშირდება საქართველოს სურვილს, გახდეს გაერთიანების წევრი სახელმწიფო. ევროკავშირი მსგავს პრიორიტეტებს ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით არ აქვეყნებს, არამედ მხოლოდ აპლიკანტი ქვეყნებისათვის, ვინც თავად გამოთქვეს სურვილი და აირჩიეს ევროკავშირთან დაახლოების გზა. საქართველოს კი, თავისი ნებით, აქვს არჩეული, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია ისე ევროკავშირის „მოთხოვნების“ შესრულება, კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების და 12 პრიორიტეტის.
ამავე კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაც, რაც არჩევნებში ევროინტეგრაციის მოსურნე პარტიების მხარდაჭერის გარდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც გამოიხატება. NDI-ს 2023 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 82%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სხვა მსგავსი ტიპის გამოკითხვებიც ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას 80%-ზე ზემოთ აჩვენებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, „ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას“.
შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველოს „თავისი გზით“ უნდა წასვლა, მაგრამ ევროკავშირი თავისი მოთხოვნებით მას ამის საშუალებას არ აძლევს, დეზინფორმაციაა. ის მიზანმიმართულად უგულებელყოფს ფაქტს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თავად საქართველოს არჩევანია, რასაც ადასტურებს როგორც ქვეყნის კონსტიტუცია, ისე პარლამენტისა და მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკა და მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, რომლებიც, რეალურად, საქართველოს განვითარებას ეხმარება, ასევე საქართველოს სუვერენული არჩევანის შედეგია.
--------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.