ლევან დავითაშვილი: საკრედიტო სააგენტოებმა საქართველოს რეიტინგი შეუნარჩუნეს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შეუმცირეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ქვეყნის სუვერენული რეიტინგით სახელმწიფოთა საინვესტიციო გარემო ფასდება. რეიტინგებს რამდენიმე საერთაშორისო სააგენტო ადგენს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა სამი: Fitch, Moody’s და Standard & poor’s.

სამივე სააგენტო რეიტინგებს საინვესტიციო და არასაინვესტიციო დონეებად ყოფს, თავის მხრივ, ორივე ჯგუფი ქვეკატეგორიებად იყოფა. სამივე შემთხვევაში, საქართველო არასაინვესტიციო ქვეყანათა ჯგუფშია, თუმცა ახლოსაა საინვესტიციო დონესთან.

საქართველოს სუვერენული რეიტინგი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამივე საერთაშორისო სააგენტომ შეუნარჩუნა. მეტიც, Fitch-მა მოლოდინი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, Standard & poor’s-მა ნეგატიურიდან პოზიტიურამდე.

საქართველოს რეიტინგი არ გაუარესებულა, თუმცა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის გამოკლებით, ანალოგიური ვითარებაა ფართო რეგიონშიც, რომელიც მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 სახელმწიფოს მოიცავს. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ამ სახელმწიფოების სუვერენული რეიტინგიც შენარჩუნდა ან გაუმჯობესდა.

საქართველოს ნაწილში მინისტრის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, რეგიონის ნაწილში არა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ინვესტორები ზუსტად ამ რეიტინგების მიხედვით ხელმძღვანელობენ თავიანთი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას. ზოგადად, ქვეყნის ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ საბოლოოდ იმას, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხი და უფრო გაიაფდეს ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკურ ზრდას“.

ქვეყნის სუვერენული რეიტინგით სახელმწიფოთა საინვესტიციო გარემო ფასდება. მსგავსი რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე ახდენს გავლენას. თავის მხრივ, ინვესტიციები მშპ-ში, მშპ კი ცხოვრების დონეზე აისახება.

საკრედიტო რეიტინგებს რამდენიმე საერთაშორისო სააგენტო ადგენს, მათგან უდიდესია სამი: Fitch, Moody’s და Standard & poor’s. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს, მოიცავს. თითოეული მათგანი სახელმწიფოების რეიტინგს ორ ძირითად კატეგორიად ყოფს: საინვესტიციოდ და არასაინვესტიციოდ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად იყოფა.

ცხრილი 1: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია

წყარო: bankersalmanac.com

ბოლოს განახლებული მონაცემით, რომელიც 12 იანვრით თარიღდება, Fitch-მa საქართველოს რეიტინგი BB-ზე შეუნარჩუნა პოზიტიური მოლოდინით. ქვეყანამ გასული წლის იანვარსა და ივლისშიც ანალოგიური შეფასება მიიღო. BB-ზე იყო რეიტინგი 2022 წელსაც, ოღონდ სტაბილური მოლოდინით. 2021 წელს BB-ს შეადგენდა. პანდემიამდე, 2019 წელს - BB სტაბილურს. BB პოზიტიური მოლოდინით საუკეთესო შეფასებაა, რაც კი საქართველოს ოდესმე ჰქონია.

თებერვალში, სუვერენული რეიტინგი BB-ზე დაადასტურა S&P-მაც და მოლოდინი პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ხოლო Moody’s-მა Ba2-ზე, რომელმაცნეგატიური მოლოდინი სტაბილურით შეცვალა.

სამივე სააგენტოს შეფასებით, საქართველო არასაინვესტიციო ქვეყანათა ჯგუფის ზედა კატეგორიაში ხვდება, რაც სპეკულაციური რისკების არსებობაზე მიუთითებს.

მტკიცების ნაწილი, რომლის მიხედვითაც წამყვან სარეიტინგო კომპანიებს საქართველოს სუვერენული რეიტინგი არ შეუმცირებიათ, სიმართლეს შეესაბამება. სააგენტოებმა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია შეუნარჩუნეს და მოლოდინი გაუუმჯობესეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადების მეორე ნაწილი რეგიონს ეხებოდა, სადაც ლევან დავითაშვილის მტკიცებით, სახელმწიფოთა პოზიციები „მასიურად გაუარესდა.“ სომხეთის სუვერენული რეიტინგიFitch-მa 2023 წელს (B+)-დან (BB-)-მდე გაზარდა და 2024 წლის დასაწყისშიც შეუნარჩუნა. აზერბაიჯანის 2022 წლის ოქტომბერში (BB+) სტაბილურიდან (BB+) პოზიტიურამდე გაუმჯობესდა და შემდგომ ყოველ განახლებაზე შენარჩუნდა. ომის დაწყების შემდეგ, თურქეთის სუვერენული რეიტინგი ჯერ (BB-)-დან (B+)-მდე შემცირდა, შემდეგ B-მდე, 2024 წელს კი (B+)-ს დაუბრუნდა, სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა მოლოდინიც. 2022 წლიდან რუსეთი რეიტინგებით აღარ ფასდება და ამიტომ შედარებაც შეუძლებელი ხდება.

„რეგიონში“ ხშირად მეზობელ სახელმწიფოებთანაა გაიგივებული, თუმცა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, რეგიონი, რომელშიც საქართველო იმყოფება, ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 სახელმწიფოს მოიცავს. ჯგუფი 11 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის ოთხ წევრს: ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიასა და პოლონეთს, აერთიანებს[1].

ცხრილი 2: ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგი

წყარო: Fitch და countryeconomy.com

ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ომისა და სანქციების გამო, შესადარებლად არარელევანტურია. სხვა ქვეყნებიდან კი უმეტეს შემთხვევაში ვხვდებით პოზიციის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას. სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ხორვატიამ, ალბანეთმა და ბოსნიამ პოზიციები გაიუმჯობესეს, ყაზახეთმა და ხორვატიამ მოლოდინები. სერბეთის მოლოდინი გაუარესებულია, თურქეთის შემთხვევაში Fitch-მა მოლოდინი გაუუმჯობესა, Moody’s-მა და S&P-მ კი შეფასება ერთი საფეხურით დასწია, მაგრამ ეს არსებით სურათს ვერ ცვლის.

მართალია, სააგენტოების შეფასებით, საქართველოს რეიტინგი შეუნარჩუნდა და მოლოდინი გაუუმჯობესდა, მაგრამ აღნიშნული რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა, პროცესები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურად განვითარდა. საქართველოს ნაწილში სიმართლისა და რეგიონის ნაწილში უზუსტობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.



[1] ჯგუფში ასევე შედის კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობაც საქართველოს აღიარებული არ აქვს


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი