პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ კანადაში წარდგენილ კანონპროექტ C-367-თან დაკავშირებით ამერიკული გამოცემის The People’s Voice-ის სტატიის ქართულ თარგმანს აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, კანადის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც „შესაძლოა ქრისტიანები დააპატიმრონ ბიბლიის ციტირების ან ტრადიციული, რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის, თუ კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი „სიძულვილს ან ანტისემიტიზმს აღვივებენ“. კანონპროექტი C-367, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებას შეიტანს, ხელახლა განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლების საზღვრებს − კრიმინალად იქნება მიჩნეული ბიბლიის საჯარო კითხვა, ლოცვები და ქრისტიანული სწავლებების საჯაროდ წარმოთქმა“.

პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა და თანამოაზრეებთან ერთად კონსერვატიული გაერთიანების, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ, ვატო შაქარიშვილს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული გამოცემა „The People’s Voice“, რომლის სტატიის თარგმანსაც პორტალი გვთავაზობს, არასანდო წყაროდ ითვლება და ყალბ ამბებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1; 2; 3) ხშირად ავრცელებს. სტატიის სათაურში გამოცემა კანადის პრემიერ-მინისტრს შემდეგ ციტატას მიაწერს: „საჯარო სივრცეებში ლოცვა და ბიბლიის კითხვა „სიძულვილის ენაა“, რომელიც მკაცრად დაისჯება“. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ჯასტინ ტრუდოს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამავდროულად გამოცემა სტატიაში წერს, რომ კანონპროექტი მთავრობამ წარადგინა. რეალურად, კანონპროექტი გასული წლის ნოემბერში არა მთავრობამ, არამედ ოპოზიციაში მყოფი რეგიონული პარტია კვებეკის ბლოკის ლიდერმა ივ-ფრანსუა ბლანშემ წარადგინა.

ჯერჯერობით კანონპროექტის მეორედ მოსმენაც არ შემდგარა, თუ ის თემთა პალატის სამ მოსმენას დაძლევს, სამი მოსმენის გავლა უკვე სენატში მოუწევს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდება.

კანონპროექტში ნახსენები არ არის ქრისტიანობა ან სხვა რელიგია. მისი მიზანი კანადის სისხლის სამართლის კოდექსში ორი ცვლილების განხორციელებაა:

1. პირველ რიგში, გაუქმდეს კოდექსის 319(3)(ბ) პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პირი არ შეიძლება დაისაჯოს სიძულვილის განზრახ წახალისებისთვის, „თუ ის კეთილსინდისიერად გამოხატავს ან ავითარებს არგუმენტს რელიგიურ საკითხზე ან მოსაზრებაზე, რომელიც რელიგიურ ტექსტში არსებულ რწმენას ეფუძნება“.

2. გაუქმდეს 319(3.1)(ბ) პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პირი არ შეიძლება იყოს მსჯავრდადებული ანტისემიტიზმის განზრახ წახალისებისთვის, „თუ ისინი კეთილსინდისიერად გამოხატავდნენ ან ავითარებდნენ არგუმენტს რელიგიურ საკითხზე ან მოსაზრებაზე, რომელიც რელიგიურ ტექსტში არსებულ რწმენას ეფუძვება“.

კანონპროექტის ირგვლივ გამართული დებატების დროს, 2023 წლის 28 ნოემბერს ინიციატორმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში არ არის ნახსენები ქრისტიანობა ან სხვა რელიგია. ის ცდილობს, მოხსნას რელიგიური გამონაკლისები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიძულვილის, ანტისემიტიზმის ან ძალადობის წაქეზებისთვის. კანონპროექტში არ წერია, რომ ბიბლიის წაკითხვის გამო ადამიანებს დააკავებენ, პირი შეიძლება დააკავონ იმ შემთხვევაში, თუ ის ბიბლიას ძალადობის წასაქეზებლად ციტირებს.

ავტორმა კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოს, სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოაგვარებდა პრობლემას, რომლის წინაშეც ებრაული თემი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონრეალში სროლის ხმა ისმოდა. ფანჯრები ჩამსხვრეულია და გრაფიტები სპეციალურად ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული",(..) არსებობს შიში, რომ ეს ქმედებები გარკვეულწილად წახალისებული იყო სისხლის სამართლის კოდექსში არსებული გამონაკლისით, რომელიც უშვებს სიძულვილის ენას და ძალადობის წაქეზებას“.

ჯოანი რიოპელმა, პარტიის პრესმდივანმა, PolitiFact-ს განუცხადა, რომ კანადაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის კონტექსტში, სიძულვილის ენა, ძალადობა და ანტისემიტიზმი გაიზარდა. რიოპელმა ახსენა შემთხვევა, როცა მონრეალში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე, რელიგიური მქადაგებელი "სიონისტების" სიკვდილს სკანდირებდა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს იმ ქრისტიანების დადანაშაულება, რომლებიც განცხადებებს ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ აკეთებენ. თუმცა, AFP-სთან ვინდსორის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი რიჩარდ მუნი აცხადებს, რომ კანონი ეხება „ექსტრემალურ“ საუბარს და პირი, რომელიც მაგალითად ლგბტქ+ ცხოვრების წესს „ცოდვილს“ უწოდებს, სიძულვილის წაქეზების ან წახალისების კანონიერ ზღვარს ვერ დააკმაყოფილებს. სიძულვილის ენად ჩაითვლება მაგალითად პირის მიერ გარკვეული ჯგუფების განადგურებაზე მითითება.

Politifact-თან რიჩარდ მუნი განმარტავს, რომ მისთვის ბუნდოვანია, რა შეიძლება თქვას ქრისტიანმა ასეთი ექსტრემალური, რელიგიაზე დაყრდნობით. მაგალითად, თუ ქრისტიანი იტყვის, რომ გეები პედოფილები არიან, ეს სიძულვილის ენად ჩაითვლება, მაგრამ პროფესორის თქმით, რამდენადაც მან იცის, ეს არ არის რომელი ქრისტიანული, ან თუნდაც ძირითადი ქრისტიანული ჯგუფის შეხედულება.

ემეტ მაკფარლეინი, ვატერლოოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი აცხადებს, რომ „გამონაკლისები, რომლებსაც კანონპროექტი ამოიღებს კანონიდან, არ შეცვლის საკმაოდ მაღალ ზღვარს, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, სანამ რაიმე გამოხატულება ჩაითვლება სიძულვილის ან ანტისემიტიზმის ხელშემწყობად“. მაკფარლეინიც ხაზს უსვამს, რომ კანონში ცვლილებები არ შეუშლის ხელს ადამიანებს, ციტირებდნენ მაგალითად ბიბლიიდან ტექსტებს.

ცნობისთვის, კანადაში არსებობს უფლებათა და თავისუფლებათა ქარტია (Canadian Charter of Rights and Freedoms), რომელიც უზრუნველყოფს რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებას იმ „გონივრულ ფარგლებში“, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში გამართლებულია.

ამდენად, კანონის მიღების შემთხვევაში ქრისტიანებს ან სხვა რელიგიის წარმომადგენლებს რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის არ დააპატიმრებენ. კანონპროექტის მიხედვით, ბიბლიიდან ციტირება დანაშაული არ იქნება, თუ მას არ ახლავს რომელიმე ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების უკიდურესი რიტორიკა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.