სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰავაის შემდეგ „ჩილეც გადაწვეს ლაზერით“ (დაარქივებული ვიდეოს ბმული). რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩილეში ტყის ხანძრის მიზეზი მაღალი ენერგიის „ლაზერული სხივები“ გახდა. გარდა ამისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხანძრის წარმოქმნა და გავრცელება მაღალმა ტემპერატურამ და თანმდევმა ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ „ლაზერული სხივებით“ ცეცხლის წარმოშობის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. მაგალითად, 2024 წელს „ლაზერულ სხივებს“ უკავშირებდნენ ტეხასის შტატში, 2023 წელს - თურქეთში, ხოლო 2023 წლის 8 აგვისტოს - ჰავაიში ხანძრის წარმოშობასაც.

იარაღი, რომელსაც ხანძრის გამოწვევას მიაწერენ, სხვადასხვა სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად ლაზერისა და სხვა ელექტრომაგნიტური ენერგიის ტექნოლოგიას იყენებს. ამ იარაღის სახეობას მიმართული ენერგიის იარაღს უწოდებენ (Directed Energy Weapon). აღნიშნული ტიპის იარაღიდან დამაზიანებელი მოქმედება ვიწრო კონად კონცენტრირებული გამოსხივებით ხორციელდება.

კოლორადოს უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ინიციატივების ცენტრის დირექტორმა და ექსპერტმა ენერგეტიკული იარაღის საკითხებში, იაინ ბოიდმა, AFP-ს განუცხადა, რომ მცენარეებზე ნასროლ მაღალენერგეტიკულ ლაზერს თეორიულად ცეცხლის გაჩენა შეუძლია, თუმცა ამ სიმძლავრის ლაზერული სხივის გასავრცელებლად უზარმაზარი ავიამზიდი იქნებოდა საჭირო, რაც თვალისთვის შეუმჩნეველი ვერანაირად დარჩებოდა. გარდა ამისა, ეს სხივები უხილავი იქნებოდა.

ტყის ხანძარი, რომელიც 2024 წლის 2 თებერვალს წარმოიშვა, ჩილეს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა. 2024 წლის 16 მარტის მონაცემებით, ხანძარს 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა ათასობით სახლი. ხანძრის კონტროლი შეუძლებელი გახდა ექსტრემალური კლიმატური პირობების, ძლიერი ქარისა და აალებადი ხეების გამო. ხანგრძლივი გვალვის შედეგად შექმნილმა წყლის ნაკლებობამ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაართულა.

სანტიაგოს უნივერსიტეტის კლიმატოლოგის, რაულ კორდეროს თანახმად, ცენტრალურ ჩილეში ზაფხულის ძლიერი ქარები ხშირია, რადგან ანდების ქედიდან და სხვა ამაღლებული უბნებიდან ჩამომავალი ჰაერი იკუმშება და ცხელდება. „ამჯერად განსხვავება ის არის, რომ ტემპერატურა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ადრე“, - განაცხადა კორდერომ. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში შეიმჩნეოდა სიცხის ტალღა, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებითა და „ელ-ნინიოს ფენომენით“, როდესაც წყლის უჩვეულოდ თბილი ტემპერატურა სამხრეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე რეგიონის კლიმატზე გავლენას ახდენს.

გარდა სითბური ტალღისა, რომელმაც ტემპერატურის ძლიერი ზრდა გამოიწვია, ტყის ხანძარს ხელი შეუწყო დამანგრეველმა გვალვამ, რომელსაც ჩილე გასული 15 წლის განმავლობაში ებრძოდა. ჩილეს უნივერსიტეტის წყლის ექსპერტმა სეზარ მორალესმა განაცხადა, რომ გვალვამ მშრალი მცენარეების მასა შექმნა, რომელმაც წყლის შემცველობა დაკარგა, მაღალი ტემპერატურისას მსგავს პირობებში კი მარტივია ხანძრის გაჩენა. მორალესმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ფენომენი არგენტინაში ანდების გასწვრივ ხდება.

„ელ-ნინიოს“ მოვლენამ გვალვები და ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურა (2024 წლის თებერვლის პირველ კვირას, ტემპერატურა 95-100 გრადუს ფარენჰეიტს აღემატებოდა) გამოიწვია სამხრეთ ამერიკის დასავლეთით, რამაც ტყის ხანძრების რისკი გაზარდა. რამდენიმეკვირიან მშრალ ამინდს, იანვარში კოლუმბიაში ხანძრის შედეგად 17000 ჰექტარზე მეტი (42000 ჰექტარი) მოცულობის ტყის განადგურება მოჰყვა.

ამდენად, მტკიცება, რომ ჩილეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაღალი ენერგიის „ლაზერული სხივები“ გახდა, უსაფუძვლოა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია