მამუკა მდინარაძის მცდარი განცხადებები ემიგრაციის შესახებ

მამუკა მდინარაძის მცდარი განცხადებები ემიგრაციის შესახებ

27 მარტს, გადაცემაში „ღამის კურიერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ემიგრაციაზე არაერთი მცდარი მტკიცება გააჟღერა. ის ცდილობდა, ისე წარმოეჩინა, თითქოს ემიგრაციის პრობლემა ქვეყანას არ უდგას და მეტიც, ემიგრაციასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესსა და წარმატებაზე საუბრობდა. გთავაზობთ მამუკა მდინარაძის მიერ გადაცემაში გაჟღერებული ფაქტების გადამოწმებას.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გადაცემის წამყვანმა ნინო შუბლაძემ საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის კონკრეტული მაჩვენებლები დაასახელა: „2013-2022 წლებში 718 ათასი, 800 ათასამდე მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ამავე პერიოდში 505 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში“. რაზეც მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს იყო ტყუილი და არასწორი მონაცემები. ის ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო საქსტატის მონაცემები და ჟურნალისტი „ნაცების რომელიღაც სააგენტოს“ მონაცემებს ეყრდნობოდა.

რეალურად, ამ ნაწილში მამუკა მდინარაძის მტკიცება მცდარია. აღნიშნული მონაცემები, რომელზეც წამყვანი მიუთითებდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებია (იხილეთ მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტებისა და იმიგრანტების რიცხოვნობა). ფაქტია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2013-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში: ემიგრანტების [ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელი] რაოდენობამ ჯამში 718,930 შეადგინა, ამავე პერიოდში იმიგრანტების [ქვეყანაში შემოსვლის/დაბრუნების მაჩვენებელი] რიცხოვნობა 505,098 იყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მიგრაციული სალდო [ანუ სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის] უარყოფითი იყო, ჯამში -213.8 ათასი. ალბათ სადავოც არაა ის ფაქტი, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალია. ემიგრაციის მხრივ არსებული უარყოფითი ტენდენცია 2021 და 2022 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. მხოლოდ 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, საერთო ჯამში დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო. უფრო მეტი ადამიანი არის შემოსული ქვეყანაში, ვიდრე არის გასული 2013-2024 წელში“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ მიგრაციის 2023 წლის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული, ხოლო 2024 წლის მონაცემები, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ისედაც ვერ იქნება ცნობილი. მონაცემები, რომელზეც ის საუბრობს, რეალურად, 2022 წლის მაჩვენებლებია.

ემიგრანტი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიგრაციის პრობლემაზე საუბრისას, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლებზე კეთდება აქცენტი, რაც ლოგიკურიცაა.

2022 წელს იმიგრანტების (ქვეყანაში შემოსულთა) რაოდენობამ ემიგრანტების (ქვეყნიდან გასულთა) რაოდენობას 54.5 ათასით გადააჭარბა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან იმიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, სწორედ ამით აიხსნება მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი. საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელს, მოქალაქეობის მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, მამუკა მდინარაძე განცხადების ამ ნაწილში მანიპულირებს. რეალურად, 2022 წელს დაფიქსირებული მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი ქვეყანაში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების შემოდინებით არის განპირობებული. ამავე წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა და უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი (-46.4 ათასი) დაფიქსირდა.

ამასთან, აღნიშნულ ეთერში მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ მტკიცება, თითქოს რუსების ხარჯზე გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო, არის ტყუილი. მისი განცხადებით, „რუსების შემოსვლა და არგასვლა არის ცალსახა ტყუილი“.

მამუკა მდინარაძის განცხადების ეს ნაწილი ტყუილია. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებით არის განპირობებული, რომელთა უდიდესი ნაწილიც რუსეთის მოქალაქეა. 2022 წელს განსაკუთრებით მაღალი იყო რუსეთის მოქალაქეების შემოდინება და მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში ნამდვილად დარჩა. მხოლოდ 2022 წელს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა 62.3 ათასი იყო, ხოლო ემიგრანტების ანუ გასვლის მაჩვენებელი 5.9 ათასი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2 400 ადამიანით არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილი.

პოლიტიკოსი ამ შემთხვევაშიც მანიპულირებს. 2022 წელს 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული. 2022 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 47.8 ათასით (1.3%-ით) გაიზარდა და 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3 736.4 ათასი შეადგინა. რეალურად, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა (იხ. ვრცლად, „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი (-6 799) იყო. ამავე წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მიგრაციული სალდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოდინების ხარჯზე, დადებითი იყო, რამაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

მამუკა მდინარაძემ წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული ემიგრაციის მაჩვენებლებზე ასევე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ იმ პერიოდში 250 ათასი ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. მათ ჰქონდათ უარყოფითი მიგრაციული სალდო“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტებისა და იმიგრანტების სტატისტიკა მხოლოდ 2012 წლიდან იწარმოება. შესაბამისად, უფრო ადრინდელი მონაცემები არ არსებობს.

წინა ხელისუფლების პერიოდზე საუბრისას, შეგვიძლია მხოლოდ მიგრაციული სალდოს ჯამური მაჩვენებლები მიმოვიხილოთ. 2004-2012 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდო ჯამში -221.2 ათასი იყო. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლამდე პერიოდში, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ანუ იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, 2012 წლამდე პერიოდის მიგრაციის მაჩვენებლები შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს.

ამრიგად, მტკიცება, რომ წინა ხელისუფლებას უარყოფითი მიგრაციული სალდო ჰქონდა, სწორია, თუმცა მონაცემები, რომელზეც მამუკა მდინარაძე მიუთითებს, შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს და ამასთან, აღნიშნული სტატისტიკა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოიცავს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენი ადამიანიც გავიდა იმას ამბობენ და რამდენიც შემოვიდა, იმას არა. ჩვენც ვართ იმ 800 ათასში, თქვენც ხართ.. ამ ბოლო წლებში უცხოეთში ხო ხართ ნამყოფი... მე და თქვენც ვართ...

მდინარაძე მართალია იმ ნაწილში, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირებენ და ქვეყანაში დაბრუნების მაჩვენებელს უგულებელყოფენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). თუმცა ის არასწორად განმარტავს „ემიგრანტს“ და მიიჩნევს, რომ ემიგრანტებში ხვდება ყველა ის პირი, რომელიც უცხოეთში არის ნამყოფი. რეალურად კი მიგრაციის მაჩვენებელი საზღვრის კვეთის მონაცემები არ არის. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო ანუ წინა 12 თვის მანძილზე, საქართველოში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე საქართველოში იმყოფებოდა და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

აღნიშნულ გადაცემაში, მამუკა მდინარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ემიგრაციასთან დაკავშირებით წარმატება აქვს, რაც ცალსახად მცდარია. რეალურად, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, 2021-2022 წლებში კი ემიგრაციული სალდოს უარყოფითი მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდა (საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე).