2022 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 47.8 ათასით (1.3%-ით) გაიზარდა და 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (-6 799), ხოლო მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რამაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

2022 წლის მონაცემებით, იმიგრანტების (ქვეყანაში შემოსულთა) რაოდენობა ემიგრანტების (ქვეყნიდან გასულთა) რაოდენობას 54.5 ათასით აღემატება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან იმიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, სწორედ ამით აიხსნება მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი. 2022 წელს, საქართველოში რუსეთის 62.3 ათასი მოქალაქე, უკრაინის 20.7 ათასი მოქალაქე და ბელარუსის 13.3 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელს, მოქალაქეობის მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (იხილეთ: გრაფიკი 1). 2013-2022 წლებში, საქართველო ჯამში 213.8 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1: საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შეგახსენებთ, რომ მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა (სიღარიბე, უმუშევრობა, არასათანადო ანაზღაურება და ა.შ.). 90-იანი წლებიდან მოყოლებული გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო გამოწვეული. 2022 წელს დაფიქსირებული მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი ქვეყანაში რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების შემოდინებით არის განპირობებული. ამავე წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია