ანრი ოხანაშვილი: „მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია... თუ სტატისტიკას ნახავთ, თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული“.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
2013-2022 წლებში, ანუ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში, 718,930 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და ამავე პერიოდში უკან საქართველოში 505,098 მოქალაქე დაბრუნდა. ჯამში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 213.8 ათასი შეადგინა. ეს მაჩვენებლები ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ემიგრაციის მხრივ არსებული უარყოფითი ტენდენცია 2021 და 2022 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. მხოლოდ 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ამრიგად, ანრი ოხანაშვილის მტკიცება, თითქოს ქვეყანაში იმდენივე საქართველოს მოქალაქე შემოვიდა, რამდენიც გავიდა, მცდარია. თუმცა მის განცხადებაში არის სიმართლის ელემენტი - ოპოზიციის წარმომადგენლები ემიგრაციაზე საუბრისას, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე საუბრობენ და შემოსულთა/დაბრუნებულთა რაოდენობას უგულებელყოფენ, რაც შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს. ოპოზიციის წარმომადგენლები რეალურ პრობლემას უფრო ამწვავებენ, ანრი ოხანაშვილი კი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ემიგრაციის პრობლემა ქვეყანას არ უდგას.
„ფაქტ-მეტრი“ ანრი ოხანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი
ემიგრაციას პრობლემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია... თუ სტატისტიკას ნახავთ, თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული“.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის უგულებელყოფასაც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნული განცხადებით ცდილობს. თუმცა ის სწორად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებლებზე საუბარი და ქვეყანაში დაბრუნებულთა უგულებელყოფა, შეცდომაში შემყვანია, რადგან აღნიშნული არსებულ რეალობას კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. მიგრაციის მხრივ არსებული სურათის სწორად შესაფასებლად, მით უმეტეს გრძელვადიან პერიოდზე როცაა საუბარი, მართებულია მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] განვიხილოთ.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიგრაციის პრობლემაზე საუბრისას, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლებზე კეთდება აქცენტი, რაც ლოგიკურიცაა. რიგ შემთხვევაში მიგრაციული სალდოს მაჩვენებელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აბალანსებს. მაგალითად, 2022 წელს იმიგრანტების რაოდენობამ ემიგრანტების რაოდენობას 54.5 ათასით გადააჭარბა. მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
საქართველოს ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. თუმცა ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა.
2013-2022 წლებში 718,930 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და 505,098 მოქალაქე დაბრუნდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო -213.8 ათასი. აღნიშნული მაჩვენებელი კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალია. ამასთან, 2021 და 2022 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდოს ისედაც უარყოფითი მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: 2013-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, მხოლოდ ემიგრანტთა მონაცემების დაჯამება და იმიგრანტთა, ანუ ქვეყანაში დაბრუნების მაჩვენებლის უგულებელყოფა, გარკვეულწილად მართლაც მანიპულაციურია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ადამიანები დღემდე ემიგრაციაში რჩებიან. მიგრაციაზე საუბრისას მართებულია, განვიხილოთ მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის]. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ამ ნაწილში ანრი ოხანაშვილის მოსაზრებას იზიარებს. თუმცა ის ემიგრაციის, როგორც რეალური პრობლემის არსებობას, უგულებელყოფს. ფაქტი კი ის არის, რომ მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც არის, რისი დასტურიც 2021-2022 წლებში მიგრაციული სალდოს ისედაც უარყოფითი მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესებაა. დეპუტატის მტკიცება - „თითქმის იმდენივე შემოვიდა, რამდენიც გავიდა“, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ანრი ოხანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.