სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2;) და კრემლისტური მედია (1; 2; 3) ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჰოლივუდში აპირებენ, ზელენსკის შესახებ გადაიღონ ფილმი სახელად „The price of victory“ (გამარჯვების ფასი). სტატია, რომელშიც ფილმთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვკითხულობთ, სხვა დეტალებზეც საუბრობს, მაგალითად, სავარაუდო რეჟისორსა და ზელენსკის როლის შემსრულებელზე.

სინამდვილეში, რუსული მედიის გარდა, ინფორმაცია დასახელებული ფილმის შესახებ სანდო გამოცემებში არ იძებნება. ფილმის პოსტერიც მხოლოდ რუსულენოვან სტატიებში/პოსტებსა და X-ზე რამდენიმე ინგლისურენოვან ტვიტში გვხვდება, რომელთა სანდოობა საეჭვოა. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის ფილმის გადაღება რომ იგეგმებოდეს, ბუნებრივია, მსოფლიო მედიის ყურადღებასაც მიიქცევდა.

ვებგვერდი, რომელიც რუსულ დეზინფორმაციას წყაროდ აქვს მოხმობილი, არასანდოა.

რუსულენოვანი სტატიის სათაურში ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ვებგვერდი NY Daily News. ვებგვერდზე მოცემული რიგი უზუსტობები მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. პირველ რიგში, საიტის ლოგოზე არსებული ინფორმაციით გამოცემას New York News daily-ჰქვია, თუმცა „ჩვენს შესახებ“ (About) სექციაში ყველგან Ney York news daily წერია.

საკონტაქტო ინფორმაციაზე გადასვლისას, ტექსტი ლათინურ ენაზე არის მოცემული. მისი ინგლისურად თარგმნისას უშინაარსო ტექსტს ვიღებთ, რაც საკონტაქტო ინფორმაციასთან კავშირში არ არის. აღნიშნული ლათინური ტექსტი სხვა ვებგვერდზეც იძებნება, რომელიც საიტზე მოცემული ინფორმაციით, საბანკო და კრიპტოვალუტის საკითხებზეა ორიენტირებული.

რუსული დეზინფორმაციის მიერ ნახსენები ფილმის პროდიუსერის ასისტენტი Brian Wilson, რომელმაც თითქოს X-ზე სცენარი გამოაქვეყნა, სინამდვილეში ვენესუელელი ქირურგია

გარდა ამისა, სტატიის ტექსტში ნახსენებია, რომ ფილმის სცენარის ნაწილი სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა, რომლის წყაროდაც X-ის ანგარიშის პოსტი აქვთ მითითებული.

ანგარიშის, სახელად Brian Wilson, პროფილის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ამერიკულ კინოკომპანია Paramount Pictures-ში პროდიუსერის ასისტენტია. ამასთან, სწორედ ის ავრცელებს ინფორმაციას ზელენსკიზე ფილმის გადაღების შესახებ. ინტერნეტში ძებნისას ამ სახელით მომღერალსა და პროდიუსერ ბრაიან უილსონს ვპოულობთ, თუმცა პოსტში წარმოდგენილი პიროვნებისგან განსხვავებული ვიზუალი აქვს და იგი არა კინო, არამედ მუსიკალურ ინდუსტრიაში საქმიანობს.

პროფილი სახელად Brian Wilson პლატფორმა X-ზე 2010 წელს შეიქმნა და 2024 წლის 4 მარტის მონაცემებით, 85 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. პირველი პოსტი 2024 წლის 31 იანვარს გამოაქვეყნა, როდესაც ილონ მასკის ტვიტი გააზიარა. საინტერესოა, რომ ამ 85 პოსტიდან, გარდა ზელენსკის ფილმთან დაკავშირებული რამდენიმე პოსტისა, გაზიარებული პოსტებია და არა მის მიერ გამოქვეყნებული. რაც შეეხება პროფილის ფოტოს, ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ფოტოსურათი არა ბრაიან უილსონს, არამედ ვენესუელელ ქირურგ ჰენრი გარსიას ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ფოტოსურათი საკუთარ Instagram-გვერდზე 2022 წლის 16 მაისს გამოაქვეყნა.

ჩაკ ნორისისა და დოლფ ლუნდგრენის ვიდეოები, სავარაუდოდ, cameo.com-ზე შეკვეთილი ვიდეოებია, რომლებსაც პრეზიდენტ ზელენსკისთან კავშირი არ აქვს და რუსული დეზინფორმაცია გაყალბებისთვის აქამდეც იყენებდა.

გარდა ამისა, როგორც Brian Wilson X-ზე, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები აქვეყნებენ ორ ვიდეოს, რომელშიც თითქოს მსახიობები ჩაკ ნორისი და დოლფ ლუნდგრენი ზელენსკის მიმართავდნენ და ფილმის დაფინანსებისთვის მადლობას უხდიან. ვიდეოებზე დაკვირვებისას ცხადია, რომ მასში მსახიობები არც ზელენსკის ახსენებენ, არც უკრაინას და არც ფილმის სახელს. თავად ვიდეო კი ძალიან ჰგავს Cameo.com-ის კონტენტს, სადაც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ცნობილი ადამიანებისთვის სასურველი შინაარსის ვიდეოს შეკვეთაა შესაძლებელი. მაგალითად, დოლფ ლუნდგრენის ვიდეოს ფონი ძალიან ჰგავს cameo.com-ზე მის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში არსებულ ფონს, გადაღების სტილიც მსგავსია.

- ვიდეო cameo.com-დან: -ვიდეო Facebook პოსტიდან:

Cameo.com-ის პლატფორმას რუსული დეზინფორმაცია აქტიურად იყენებდა იმ ნარატივის გასავრცელებლად, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ნარკოდამოკიდებულია და ცნობილი ადამიანები მას ამ დამოკიდებულების დაძლევისკენ მოუწოდებდნენ. ამაზე პლატფორმის ხელმძღვანელმაც ისაუბრა (ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სოციალურ ქსელებში, ფილმთან დაკავშირებით მსახიობების, ჩაკ ნორისისა (Facebook; Instagram) და დოლფ ლუნდგრენის (Instagram; X; Facebook) არც ვიდეო და არც რაიმე სხვა სახის გამოხმაურება არ იძებნება.

-----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.