სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ქართული ლეგიონის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, ქართული ლეგიონი უკრაინაში ღვინოს აწარმოებს და ყიდის. „ომში ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვაც თუ ხდებოდა ნაღდად არ მეგონა მარა გმირი რისი გმირია რომ იომოს და დაჟე ღვინოც გაყიდოს. გეროემ სლავა“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ქართული ღვინო ლეგიონის მიერ არ იწარმოება. ღვინის პროექტის ავტორები ეკატერინე დემეტრაშვილი და სალომე ქურდიანი არიან. მათ ღვინის სახელწოდებად „ქართული ლეგიონი“ აირჩიეს და ეტიკეტის დიზაინისთვის ლეგიონის ლოგოს და მეთაურის ფოტოს იყენებენ.

ქართული ღვინო სახელწოდებით „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ ბაზარზე სულ მალე ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკატერინე დემეტრაშვილმა საკუთარ Facebook-ანგარიშზე დაწერა (იხილეთ ფოტო) . მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანი „ქართული ლეგიონის მხარდაჭერაა“. პოსტის ავტორი ქართულ ლეგიონს და მის მეთაურს მამუკა მამულაშვილს, რომლის ფოტოც ბოთლის ეტიკეტის დიზაინზეა გამოყენებული, მადლობას უხდის. ბოთლზე დატანილია წარწერები: „დიდება უკრაინას“; „დაბადებული გამარჯვებისთვის“; „ქართული ლეგიონი“ და სხვ.

ცნობისთვის, „ქართული ლეგიონი“ მოხალისეობრივი დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ შეიქმნა და დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს. ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია.

ამდენად, მტკიცება, რომ „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ღვინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.