ანრი ოხანაშვილი: [სასამართლოს რეპუტაციაზე] ამის მთავარი ინდიკატორი არის, თუ რა რაოდენობით მიდის გადაწყვეტილებები სტრასბურგში და როგორ საჩივრდება. ისტორიულ მინიმუმზეა შემცირებული სტრასბურგში მიმართვიანობა
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
2024 წლის 24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა, შაბათის ქრონიკის ეთერში, ,,ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის მიზანმიმართულად მიყენებულ რეპუტაციულ ზიანზე’’ ისაუბრა. ,,...ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ეს ხალხი ყოველ ჯერზე და, რა თქმა უნდა, ამის მთავარი ინდიკატორი არის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდგომ, თუ რა რაოდენობით მიდის გადაწყვეტილებები სტრასბურგში და როგორ საჩივრდება, ისტორიულ მინიმუმზეა შემცირებული სტრასბურგში მიმართვიანობა“ განაცხადა ოხანაშვილმა.
,,ფაქტ-მეტრმა’’ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.
ხელისუფლების წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხის ინდიკატორად აქტიურად ასახელებენ.
ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი საქართველოდან „მიმართვიანობის რიცხვზე“ აპელირებს, რაც სავარაუდოდ, წლების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობას ასახავს. ამ კატეგორიაში თავს ისეთი საჩივრები იყრის, რომლებიც ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული და სასამართლოს დანაყოფისთვის გადაცემული არ არის. ევროპული სასამართლო 2006 წლიდან ამ კატეგორიის საჩივრების შესახებ მონაცემებს აღარ ავრცელებს, სანდო კვლევებში კი, მხოლოდ 2018 წლამდე არსებული მონაცემებია ხელმისაწვდომი. [1]
გრაფიკი 1: წლების მიხედვით ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა
როგორც გრაფიკი N1-დან ჩანს, 2000 წლიდან 2013 წლამდე, საჩივრების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2013 წლის შემდეგ კი, ნიშნული თანდათან მცირდება, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გაუმჯობესებულ მდგომარეობას თუ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხის განმტკიცებას მიაწერენ. რეალურად, ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და მაჩვენებლების ცვლილებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას ეჭვქვეშ არაერთი თვალსაჩინო გარემოება აყენებს.
მაგალითად, 2008 წელს საჩივრების კოლოსალური ზრდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად შეტანილი სტრატეგიული საჩივრების შედეგია, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ სხვადასხვა დროს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა და, რომელთა გავლენა სტატისტიკურ მონაცემებზე მხოლოდ 2022 წელს დასრულდა. საქმეთა წარმოების სტატისტიკაზე გავლენა რუსეთის მიზანმიმართული კამპანიის გარდა, თავად ევროპულ სასამართლოსა თუ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებმა, მაგალითად, სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მის გადატვირთულობაზე პასუხად რიგი რეფორმების გატარებამ, იქონია. [2]
კერძოდ, 2013 წლის შემდეგ, სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული არაერთი რეფორმის შედეგია თავად ევროპული სასამართლოც განიტვირთა კოლოსალური რაოდენობის საქმეებისგან. [3] მაგალითად, განმეორებად საჩივრებთან საბრძოლველად და ზოგადად, სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასამართლომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმებს - ცალმხრივ დეკლარაციებსა და მეგობრულ მორიგებებს მიმართა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, 2012 წლიდან ამოქმედდა. 2014 წლის 1-ელი იანვრიდან კი, სასამართლოში განცხადების შეტანის პროცესი გართულდა. ასევე, განმცხადებლის მხრიდან გასაჩივრების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა შემცირდა. [4]
ანრი ოხანაშვილი თავის განცხადებაში ამტკიცებს, რომ სტრასბურგში მიმართვიანობა ისტორიულ მინიმუმზეა, რაც ერთი მხრივ, ფაქტობრივად არაზუსტია, რადგან საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპული კონვენციის რატიფიცირების პირველ წლებში ევროპულ სასამართლოში ბევრად ნაკლები საჩივარი იგზავნებოდა, ხოლო მეორე მხრივ კი, სტატისტიკური მონაცემების ქვეყნის პროგრესის საილუსტრაციოდ გამოყენება ვალიდური არაა, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს წლების განმავლობაში მომხდარ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელთაც მოცემულ სტატისტიკაზე გავლენა ჰქონდა.
მეტიც, თუ დავუშვებთ, რომ ქართული სასამართლო სისტემის სანდოობისა თუ გამართულობის შესაფასებლად ვალიდური მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვიანობაა, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკოსი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში მიმართვიანობაც გაზრდილია.
ამის საილუსტრაციოდ შეიძლება სასამართლო დანაყოფებისთვის გადაცემული საქმეების სტატისტიკის გამოყენება. სასამართლო დანაყოფებისთვის გადაცემული საქმეები გულისხმობს იმ საქმეებს, რომელთა სააპლიკაციო ფორმა სრულად იყო შევსებული, დარეგისტრირდა სასამართლოს რეესტრში და განსახილველად დაეწერა სასამართლოს კონკრეტულ დანაყოფს (ერთეული მოსამართლე, კომიტეტი თუ პალატა).
გრაფიკი 2 : ევროპული სასამართლოს დანაყოფებისთვის გადაცემული საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საჩივრები
პირველ რიგში, ზოგადად სასამართლო დანაყოფებისთვის გადაცემული სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წელთან შედარებით, ვითარება ორჯერ არის გაუარესებეული, რადგან თუ 2016 წელს ასეთი 74 საქმე იყო, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 156 შეადგინა. თუმცა ეს მაინც არ არის მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ტექსტშიცაა აღნიშნული, მიმართვიანობის სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა და ჩვენ მხოლოდ 2018 წლამდე სტატისტიკის მიკვლევა შევძელით. 2023 წელს სასამართლო დანაყოფებისთვის გადაცემული საქმეების რაოდენობა აღემატება 2013 წლიდან მოყოლებული სასამართლოსადმი ზოგადად არსებულ მიმართვიანობას. მათემატიკურად შეუძლებელია ამგვარი ზრდა მიმართვიანობის ზრდის გარეშე მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თავის განცხადებაში თავისი, თუნდაც არასწორი მეთოდოლოგიითვე ნაჩვენებ მდგომარეობის გაუარესებას უგულებელყოფს. [5]
იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსი ვითარების შესაფასებლად არარელევანტურ მაჩვენებელს იყენებს და ამ მაჩვენებლის ფარგლებშიც კი, კონტექსტს მიღმა ტოვებს მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას, „ფაქტ-მეტრი“ ანრი ოხანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.
ამ საკითხზე უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატიები ( ბმული 1, ბმული 2 )
[1] Gnomon Wise - ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში’’
[2] იქვე. გვ. 20
[3] იქვე. გვ. 51
[4] იქვე გვ. 52 – 94
[5] ბუნებრივია, სასამართლოს დანაყოფისთვის გადაცემული საქმეების უხეშად შედარება იმ წელს ზოგად მიმართვიანობასთან, შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლოს დანაყოფებს, შეიძლება, წინა წელს შესული საქმე გადაეცეთ. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში და დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ამგვარი მცირე სხვაობა ბუნებრივად კორექტირდება და შედარებაც რელევანტური ხდება. სასამართლოს დანაყოფისთვის გადაცემული საქმეების მზარდი ტენდენცია, მათ შორის, მიმართვიანობის ზრდაზეც მიუთითებს იმ დათქმით, რომ ჩვენთვის ცნობილია შემდეგი - 2022-2023 წლებში სასამართლოს დანაყოფისთვის გადაცემული საქმეები უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში ადამიანის უფლებათა სასამართლოსადმი ზოგადი მიმართვიანობა.