საქართველოში არსებული დემოგრაფიული გამოწვევები - ირაკლი ნადირაძის განცხადების გადამოწმება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით: „შარშან 125 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, მათ შორის 5 ათასი ბავშვი იყო. 60 ათასი ბავშვი იბადებოდა 2015 წელს და 20 ათასით ნაკლები იბადება. ოჯახები 29 ათასი იქმნებოდა და 26 ათასზეა ჩამოსული“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ნადირაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ემიგრაცია
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125,269 ადამიანი წავიდა, მათ შორის - 5,099, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იყო. აქვე განვმარტავთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. მონაცემები, რომელსაც ირაკლი ნადირაძე ასახელებს, არის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე ემიგრანტების ჯამური მაჩვენებელი. ამასთან ის მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირებს და ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებელს უგულებელყოფს.
2022 წელს, დადებითი მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობა ქვეყნიდან გასულთა რაოდენობას 54.5 ათასით აღემატება. აღნიშნული საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოს 100.8 ათასი მოქალაქე წავიდა. ამავე პერიოდში, 54.4 ათასი მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში ანუ მხოლოდ გასულ წელს 46.4 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10-წლიან პერიოდში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ამრიგად, ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა ამის საილუსტრაციოდ ირაკლი ნადირაძის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემები არ გამოდგება. კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ნაწილში „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ნადირაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
შობადობა
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, ასევე შობადობის კოეფიციენტი [1 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით] ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1).
2015 წელს საქართველოში 59 249 ბავშვი დაიბადა. შობადობის კოეფიციენტმა 15.9 შეადგინა. 2022 წელს 42 319 ბავშვი დაიბადა, შობადობის კოეფიციენტი კი 11.4-მდე შემცირდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ შობადობის შემცირებას მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოჰყვა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში [2020-2022] ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.
გრაფიკი 1: შობადობის მაჩვენებლები, 2014-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, 2022 წელს 2015 წელთან შედარებით, 16 930-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. ირაკლი ნადირაძის განცხადებაში მოყვანილი კონტექსტი სწორია, მის მიერ დასახელებული რიცხვები კი მეტ-ნაკლებად ზუსტი, თუმცა არსებულ ვითარებას მცირედით გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადების ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ქორწინება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს 26 048 ქორწინება დარეგისტრირდა. 2015 წელს 29 157 ქორწინება იყო რეგისტრირებული. მართალია, 2015 წელთან შედარებით, რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა 2016-2021 წლებთან შედარებით, გაზრდილია. ამის გათვალისწინებით, განცხადების ამ ნაწილს ფაქტ-მეტრი ვერდიქტით ნახევრად სიმართლე აფასებს.
გრაფიკი 2: რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ქვეყანა ნამდვილად დგას მთელი რიგი დემოგრაფიულ გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შობადობის შემცირება. ირაკლი ნადირაძის განცხადების კონტექსტი სწორია, თუმცა მის მიერ დასახელებული მონაცემები არსებულ რეალობას გადაჭარბებულად, კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. ემიგრაციის შემთხვევაში, ის შეუსაბამო სტატისტიკურ მონაცემებზე აპელირებს. შობადობის შემთხვევაში, დასახელებული მონაცემები გადაჭარბებულია. ქორწინებათა შემთხვევაში, ის მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა უგულებელყოფს, რომ 2022 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ნადირაძის განცხადებას დემოგრაფიულ მონაცემებზე აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.