სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი დავით დადიანი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. პოსტს თანდართული ფოტოს მიხედვით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „საქართველო უკვე ევროკავშირის წევრია, უბრალოდ ქართველები ვერ ხვდებით ამას, მთავარია, ჩატარდეს გეი პრაიდი, პენსია 800 ევრო გახდება“.

აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებელმაც გაავრცელა.

სინამდვილეში, მტკიცება არცერთ სანდო და ოფიციალურ წყაროში არ იძებნება. ციტატა არც რობინ დანიგანის სატელევიზიო ეთერებში ან ამერიკის საელჩოს რომელიმე სოციალური ქსელის პლატფორმაზე არ გვხვდება.

ცნობისთვის, ამერიკის ელჩი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს 2023 წლის 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეეხო, როდესაც მისალოცი განცხადება გაავრცელა. „ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და ასე გავაგრძელებთ“. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

ამდენად, მტკიცება, თითქოს რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველო უკვე ევროკავშირის წევრია, „გეი პრაიდის“ ჩატარების შემდეგ კი პენსია 800 ევრო გახდება, ყალბია და ის არცერთ ოფიციალურ და სანდო წყაროს არ გაუვრცელებია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.