დავით კირკიტაძე: ასეთი მასიური ემიგრაცია 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არისმეტწილად მცდარი.
90-იან წლებში, მიგრაციის სტატისტიკური აღრიცხვის სისტემა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა და არსებული მონაცემები შეფასებითია, რომელიც დემოგრაფიული კვლევებს და საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა.
საქსტატის შეფასებითი მონაცემებით, 1990-2001 წლებში გარე მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] ჯამში -1.2 მლნ.ზე მეტი იყო.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10-წლიან პერიოდში, 213.8 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. 2021-2022 ემიგრაციის მაჩვენებელი გაუარესდა. მხოლოდ 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ბოლო პერიოდში ემიგრაციის მაჩვენებლები გაუარესებულია. ემიგრაციის მაჩვენებლები მიახლოებულიც კი არაა იმ მონაცემებთან, რაც 1990-იან წლებში იყო.
ამრიგად, დავით კირკიტაძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი
31 იანვარს „ღამის კურიერში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ემიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა, მისი განცხადებით: „ჩვენი ქვეყნიდან ამხელა გადინება სამოქალაქო ომის დროსაც კი არ ყოფილა, ასეთი მასიური ემიგრაცია 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა“.
„ფაქტ-მეტრმა“ დავით კირკიტაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.
90-იან წლებში, მიგრაციის სტატისტიკური აღრიცხვის სისტემა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა და გარე მიგრაციის სალდო ე.წ. „ექსპერტული შეფასებების“ საფუძველზე ქვეყნდებოდა. 2012 წლიდან ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების ზუსტი აღრიცხვა ხდება. შესაბამისად, ემიგრაციის დეტალური მონაცემები, მათ შორის მოქალაქეობის მიხედვით, ამ პერიოდიდან გვაქვს.
ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნამდვილად არის. საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ეს უარყოფითი ტენდენცია დღემდე გრძელდება. ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი არაა იმ მასშტაბის, რაც 90-იან წლებში იყო. ემიგრაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები 1994-1998 წლებში ფიქსირდება, ამ პერიოდში 763.1 ათასი ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა.
გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის], 1994-2022 წლები
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2020 წელს დადებითი მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, ემიგრაციაში ვერ მიდიოდნენ, პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა.
2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ემიგრაციის მაჩვენებლები ბოლო წლებში გაუარესდა, თუმცა მტკიცება, რომ „ქვეყნიდან ამხელა გადინება სამოქალაქო ომის დროსაც კი არ ყოფილა“, სიმართლეს არ შეესაბამება.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, მიგრაციის და სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაიანგარიშა. საქსტატის შეფასებით, 1990-2001 წლებში გარე მიგრაციული სალდო ჯამში 1.2 მლნ ადამიანით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10-წლიან პერიოდში 213.8 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. ამასთან, 2021-2022 წლებში[i] საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის [მიგრაციული სალდო] მაჩვენებელი წინა წლებთან [2013-2020] შედარებით მკვეთრად გაიზარდა [იხილეთ გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ის ახლოსაც კი არა ემიგრაციის იმ მაჩვენებლებთან, რაც 1990-იან წლებში იყო. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ დავით კირკიტაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.