რომან გოცირიძე: ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა ტენდერით გათვალისწინებულზე 20 მლნ-ით მეტი დაჯდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
2019 წელს საქართველოში 2021 წელს გასამართი ევრობასკეტის ჯგუფური ტურნირის ჩატარება გადაწყდა. სპეციალურად ამ ტურნირისთვის თბილისში ახალი 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე აშენდა.
პანდემიის მიზეზით, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 1 წლით - 2022 წლამდე, გადავადდა. გადაიწია მშენებლობის ვადებმაც. თავდაპირველი გეგმით, მშენებლობისთვის 70 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, მას შემდეგ რაც 2021 წლის დეკემბერში მშენებლობის ტემპის გამო, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა უკმაყოფილება გამოხატა, ობიექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მლნ ლარით გაიზარდა და 90 მლნ ლარი შეადგინა. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი: საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში თბილისში განხორციელებულ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს პოსტი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი დროში გადავადდა და თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტში ვერ ჩაეტია, დეპუტატმა მაგალითად ახალი სპორტის სასახლე დაასახელა: „მხოლოდ ახალ სპორტის სასახლეზე 20 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ტენდერით იყო გათვალისწინებული“.
ბოლო 10 წელიწადში თბილისში 2 ახალი სპორტის სასახლე აშენდა, პირველი 2015 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის უნივერსიტეტის ქუჩაზე, მეორე მის გვერდით - 2021 წლის ევრობასკეტისთვის. რომან გოცირიძე პოსტში სწორედ ამ მეორე შენობას გულისხმობს.
საქართველომ 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება (გერმანიასთან, ჩეხეთთან და იტალიასთან ერთად) 2019 წლის ივლისში მოიპოვა.
ჩემპიონატისთვის საბურთალოს ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლის აშენება გადაწყდა. მთავარი დარბაზი თავდაპირველი გეგმით 15 000 მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, რომელიც მოგვიანებით 10 000-მდე შემცირდა.
მშენებლობისთვის საწყის ეტაპზე 71 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს „სპორტმშენსერვისმა“ 2020 წლის 29 თებერვალს, შპს „საბა კონსტრაქშენ“-თან 70.8 მლნ ლარიანი (800 ათასი ლარი პროექტირებისთვის, 70 მლნ ლარი მშენებლობისთვის) კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტი მიმწოდებელს 10 000 მაყურებელზე გათვლილ მულტიფუნქციურ სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებას 2021 წლის 30 მაისამდე ავალდებულებდა.
პანდემიის მიზეზით, ევროპის ჩემპიონატი 1 წლით 2022 წლამდე გადავადდა. სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულების თარიღმაც 1 წლით გადაიწია.
2021 წლის დეკემბერში თბილისს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ეწვია, რომელმაც ფედერაციის სახელით, მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
კამილ ნოვაკის ვიზიტიდან 6 დღეში, კულტურის, შპს სპორტმშენსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მშენებლობაზე 20 მლნ ლარის დამატების მოთხოვნის განცხადება წარუდგინა. 24 დეკემბერს, შესყიდვების სააგენტომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, სპორტის სასახლის მშენებლობის ღირებულება 90 მლნ ლარამდე გაიზარდა.
საბოლოოდ, ახალი სპორტის სასახლე 2022 წლის ივნისში გაიხსნა. ახალ დარბაზში პირველი მატჩი 4 ივლისს, საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. სექტემბერში კი სპორტ-კომპლექსმა ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.
საბოლოოდ, მშენებლობის დასასრულებლად ბიუჯეტის 20 მლნ ლარით ანუ თითქმის 30%-ით გაზრდა გახდა საჭირო. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.