ანგარიში Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2), ვიდეოს ავრცელებს, სადაც 2023 წლის მაისში, ევროპარლამენტში გამართულ საერთაშორისო კოვიდ სამიტზე ცნობილი კონსპიროლოგის, დევიდ მარტინის გამოსვლაა ნაჩვენები. მარტინი ამტკიცებს, რომ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 1 (SARS-CoV-1) არის ბიოიარაღი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში შეიქმნა. აქვე აღსანიშნავია, რომ მარტინი ფინანსური ანალიტიკოსია და მას მედიცინასთან პროფესიული კავშირი არ აქვს. რეალურად, ვირუსის წარმოშობის ისტორიის გადამოწმებამ ცხადყო, რომ დევიდ მარტინის მტკიცებებს არცერთი სანდო და სამეცნიერო წყარო არ უჭერს მხარს.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ბრიტანული და იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ: Logically Facts და Open.online renewal. Fa

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) ვირუსული რესპირატორული დაავადებაა, რომელიც SARS-თან ასოცირებული კორონავირუსით (SARS-CoV) არის გამოწვეული. ის გრიპის მსგავსად წვეთოვანი გზით ვრცელდება. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო პორტალის თანახმად, ვირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე დაზუსტებული არაა, თუმცა, მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პირველად დაავადება ცხოველებში წარმოიშვა და შემდეგ ადამიანებზე გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების თანახმად, SARS პირველად 2003 წლის თებერვლის ბოლოს, გუანგდონში, ჩინეთში დაფიქსირდა და 4 სხვა ქვეყანაში გავრცელდა. ამგვარად, სრულიად დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ SARS ლაბორატორიაში ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია.

ამასთანავე, მარტინი ამტკიცებს, რომ 2002 წელს ჩაპელ ჰილის უნივერსიტეტში შექმნილი პატენტი სახელად „კორონავირუსის დეფექტურ ინოვაციური რეპლიკა“ ადასტურებს, რომ SARS წინასწარ შექმნილი ბიოიარაღი იყო. წყაროდ მითითებულ ერთადერთ „მტკიცებულებას“ - პატენტს ჩაპელ ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან, სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო SARS-CoV-1-თან. „რეკომბინირებული კორონავირუსის წარმოების მეთოდებია“ იმ პატენტის სახელი, რომელიც ჩაპელ ჰილის შემთხვევაში იძებნება, თუმცა, აღნიშნული პატენტი საერთოდ არ ახსენებს „დეფექტურ ინფექციურ რეპლიკას“.

ამგვარად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ 2003 წელს გავრცელებული SARS, როგორც ბიოიარაღი შემუშავდა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში შეიქმნა. შესაბამისად, ვიდეოში მოცემული ინფორმაცია მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.