Facebook-მომხმარებელი თამარ მიქელაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ჩალაძის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. თამარ მიქელაძე გიორგი ჩალაძისა და გიული ალასანიას ბრიუსელში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით: “შვილზე ისე ინერვიულა გულზე რომ მოეშვას გათხოვდა”. აღნიშნულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი Facebook-მომხმარებელი David Tordia, რომლის Facebook-გვერდზე ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდის, “ლიდერი 41-ის” ჟურნალისტია, გამოქვეყნებულ პოსტში წერს: “სააკაშვილის დედა და ჩალაძე გაიპარნენ... მოსახდენი უკვე მოხდა - ვრჩები! - აცხადებს გიული ალასანია”. აქვე შეგახსენებთ, რომ Facebook-გვერდი „ლიდერი 41“, სადაც David Tordia ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, ISFED-ის ანგარიშების თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და ოპოზიციის და მედიის მადისკრედიტებელ და ნაციონალისტური ხასიათის პოსტებს აქვეყნებს.

აღნიშნული დეზინფორმაცია ექსპრეზიდენტის დედისა და ენმ-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში ვიზიტის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. თუმცა, მათი დაქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო. გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე “ფაქტ-მეტრმა” საქართველოს უნივერსიტეტთან გადაამოწმა, სადაც გიული ალასანია პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. “ფაქტ-მეტრთან” სატელეფონო ინტერვიუს დროს მათ აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს არის მოკლებული და გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს შორის მსგავსი ტიპის კავშირი არ არსებობს. ექსპრეზიდენტის დედასთან ქორწინების შესახებ ინფორმაცია გიორგი ჩალაძემაც უარყო “ჯორჯიან თაიმსთან” ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს “აბსურდული და სამარცხვინო” კამპანია მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენებისა და მისი დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

შესაბამისად, გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის დედისა და გიორგი ჩალაძის ბრიუსელში ვიზიტი და დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრა საქართველოს ექსპრეზიდენტის პატიმრობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე 4 სექტემბერს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასაც შეხვდნენ. ანა ფოტიგამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტიც გამოაქვეყნა: “ქართულმა ოცნებამ” არ მომცა საშუალება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომენახულებინა. მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი წელია დაკავებულია. მე მის დედას, გიული ალასანიასა და მის მეგობარს, გიორგი ჩალაძეს შევხვდი სააკაშვილის მდგომარეობის გასაგებად. მათი სიმტკიცით და შემართებით აღფრთოვანებული დავრჩი”. ევროპარლამენტართან ვიზიტის შესახებ გიორგი ჩალაძემაც გააკეთა კომენტარი: “გუშინ, ჩვენს მეგობარ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრაზე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე” - აღნიშნა ჩალაძემ Facebook-პოსტში.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედა 30 აგვისტოს კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც მან ჟურნალისტებთან ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირბით გააკეთა კომენტარი.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.