სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა

ირაკლი ღარიბაშვილი: სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე ნორვეგიამ, კორეამ, იაპონიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და ა.შ., რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები აამოქმედეს. სანქციები ძირითადად სამხედრო, საბანკო-საფინანსო, ავია და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხო.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა. მოგვიანებით, მთავრობის პოზიცია დაზუსტდა და სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ქვეყანა ოფიციალურად დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და რუსეთს ორმხრივ სანქციებს თავად არ უწესებს, თუმცა „განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“.

22 თვის განმავლობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე, სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ საეჭვო ინფორმაცია ფაქტებით არ დადასტურებულა.

გარდა იმისა, რომ სანქციების დარღვევის კონკრეტული შემთხვევა არ გამოვლენილა, ბრალდების დამადასტურებელი ირიბი მტკიცებულებებიც არ არსებობს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი და ტრანზიტი ნახტომისებურად არ გაზრდილა, უფრო მეტიც, 2021 წელთან შედარებით 2023 წელს, საქართველოდან ექსპორტი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში (რუსეთის გარდა) 5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით არის გაზრდილი, ვიდრე საქართველოდან რუსეთში.

სანქციების აღსრულების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიბლოკა, აგრეთვე ისიც, რომ სანქციების გამკაცრების მომენტიდან, 2023 წლის აგვისტოდან, რუსეთში ავტოექსპორტი ეტაპობრივად, პრაქტიკულად შეწყდა.

თითქმის ორწლიან პერიოდში, ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე დათანხმება და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა მივიჩნიოთ. პირდაპირი ფრენები, სანქციების დარღვევას არ ნიშნავს, თუმცა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელთან თავსებადობის ვალდებულებაც საქართველოს გააჩნია, ეწინააღმდეგება. უფრო საყურადღებო ფარცხალაძის ქეისია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გამონაკლისთან. ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურებული არც ისაა, მოახერხა, თუ - ვერა ფარცხალაძემ საგამონაკლისო წესით სარგებლობა. კომერციული ბანკების მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვერ.

ცალკეული ბუნდოვანი განცხადებების მიუხედავად, რომლებიც პერიოდულად ვრცელდებოდა, საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევის კონკრეტული ფაქტი მაინც არ გამოვლენილა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი: 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა: „რამდენიმე თვის წინ, მაღალი დონის დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ობრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. სანქციების გვერდის ავლის, თუ თავიდან არიდების არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების”.

2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი უკრაინაში ღიად შეიჭრა, რის საპასუხოდაც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს აგრეთვე: ნორვეგიამ, კანადამ, კორეამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და ა.შ.

საქართველომ უკრაინაზე თავდასხმა დაგმო, თუმცა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებთან მიერთებას არ გეგმავდა. პრემიერმა გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივითა და შესაძლო ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით ახსნა.

„სანქციების არ დაწესება“ და „სანქციების დარღვევა“ განსხვავებული ცნებებია. საქართველომ რუსეთს ცა არ ჩაუკეტა, რაც სანქციების არ დაწესების მაგალითად შეიძლება დასახელდეს, თუმცა ეს არ ყოფილა სანქციის დარღვევა, სანქციის დარღვევა იქნებოდა, თუ საქართველო რუსეთს სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთებს მიაწვდიდა. გასული 22 თვის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა.

პრემიერის განცხადების მიუხედავად, საბანკო სფერო სასანქციო რეჟიმს ფაქტობრივად თავიდანვე მიუერთდა. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და MASTER CARD ბარათები დაიბლოკა, სანქცირებულ პირებს საქართველოში ანგარიშის გახსნა აეკრძალათ, რუსული VTB ბანკიც იძულებული გახდა პორტფელის დიდი ნაწილი ბაზის ბანკისა და ლიბერთი ბანკისთვის მიეყიდა.

ეროვნული ბანკის გარშემო სკანდალი ომის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში მას შემდეგ აგორდა, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, თავისსავე გამოცემულ 4 აგვისტოს ბრძანებაში, 19 სექტემბერს ცვლილებები შეიტანა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ფარცხალაძე იმ დროისთვის ორმაგი (საქართველოსა და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობდა. საგამონაკლისო წესი მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე გავრცელდა. ბრძანებაში ცვლილებას წინ მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილება უძღოდა. "ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის ანგარიშების დაყადაღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ბრძანებაში ცვლილებამ ბაზარზე მცირე პანიკა გამოიწვია. კომერციული ბანკების ინდივიდუალური განცხადებების შემდეგ, რამდენიმე დღეში სიტუაცია დასტაბილურდა. აღნიშნულის შესახებ უფრო ვრცელი მასალა იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

თუ არ ჩავთვლით ფარცხალაძის ქეისს, სადაც დღემდე არ არის დადასტურებული, ისარგებლა, თუ - არა სანქცირებულმა პირმა პრივილეგიით (კომერციული ბანკების მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ვერა), სანქციების დარღვევის ან გვერდის ავლის მტკიცებულებები არ არსებობს.

კონკრეტული ფაქტის გამოვლინების გარდა, სანქციების დარღვევაზე ეჭვი შეიძლება ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, მაგალითად ექსპორტის ან ტრანზიტის არაპროპორციულად, ნახტომისებურად ზრდის შემთხვევაში გაჩნდეს. რეალობა პირიქითაა, 2023 წლის იანვარ- ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი სულ 10%-ით გაიზარდა, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში (ჯამში) კი - 52%-ით. შესაბამისად, რუსეთის წილიც მთლიან ექსპორტში 14.4%-იდან 10.8%-მდე შემცირდა. თუ 2021 წელს რუსეთი N2 საექსპორტო პარტნიორი იყო, 2023 წელს მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

გრაფიკი 1: ექსპორტი იანვარ-ნოემბერი (მლნ. აშშ დოლარი)

სანქციები პერიოდულად მკაცრდება. თუ 2022 წელს რუსეთში 50 ათას ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილის შეყვანა აიკრძალა, 2023 წლის აგვისტოდან ამერიკული ავტომობილების, 26 სექტემბრიდან კი ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული ელექტრომობილების, ჰიბრიდული და 1.9 ათას კუბურ სანტიმეტრზე მეტი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა. სანქციების გამკაცრებამდე, იანვარ-ივლისში რუსეთში თვეში საშუალოდ 691 ავტომობილი იყიდებოდა, აგვისტოში ეს რიცხვი 85-მდე, ნოემბერში კი - 4 ერთეულამდე შემცირდა.

გრაფიკი 2: ავტოექსპორტი რუსეთში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წელს ავტომობილების რეექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და იმავე 2021 წელთან შედარებით 4.7-ჯერ - 1.9 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. მკვეთრი ზრდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ფიქსირდება. გაჩნდა დაუდასტურებელი მოსაზრება, რომ რუსეთში ავტომობილები საქართველოდან მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. თუ პირობითად სომხეთიდან რუსეთში შედის სანქცირებული ტვირთი (რომელიც სომხეთში საქართველოდან მოხვდა), ამ შემთხვევაში, დამრღვევი სომხეთი გამოდის და არა საქართველო, რადგან სომხეთი არ არის სანქცირებული დანიშნულება და შესაბამისად, ექსპორტი სომხეთში აკრძალული არ არის[1]. გარდა ამისა, შუა აზიის ქვეყნები ავტომობილებით ომამდე რუსეთიდანაც მარაგდებოდნენ, ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომხმარებელთა ნაწილი საქართველოზე გადმოერთო.

ექსპორტისგან განსხვავებით, რუსეთიდან იმპორტი მკვეთრადაა გაზრდილი - 900 მლნ-დან 1.6 მლრდ დოლარამდე, თუმცა არც იმპორტირებული პროდუქციაა სანქცირებული. იმპორტის ზრდა რუსული ნავთობპროდუქტების (ძირითადად საავტომობილო ბენზინისა და დიზელის) შედარებით დაბალმა ფასმა განაპირობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაკლები მოცულობით, მაგრამ მაინც, რუსულ გაზსა და ნავთობს ევროკავშირის ქვეყნებში ომის დაწყებიდან 22 თვის შემდეგ ისევ ყიდულობენ.

ტრანზიტული ტვირთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება უფრო რთულია, თუმცა თუ ყაზბეგის საბაჟოზე გასულ სატვირთოებს (ტრაილერების) დავითვლით, სანქციების გვერდის ავლის ეჭვის საფუძველი არც ამ შემთხვევაში გაჩნდება. 2021წლის პირველ სამ კვარტალში ყაზბეგის გამშვები პუნქტი საქართველოს მხრიდან 107 ათასმა სატვირთომ გადაკვეთა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 102 ათასმა და 2023 წელს - ისევ 107 ათასმა.

გრაფიკი 3: ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გატარებული სატვირთოების რაოდენობა (იანვარ-სექტემბერი)

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლების მიცემა.

სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავად რუსეთმა 2000 წელს დააწესა. მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენებიც აიკრძალა. სავიზო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში საქართველოს რაიმე ხელისშემშლელი ბერკეტი არ გააჩნდა. თეორიულად შეეძლო, საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტი აეკრძალა, თუმცა მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მაქსიმუმ რეკომენდაციით შემოიფარგლნენ.

პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. ევროკავშირმა რუსეთს ცა ომის დაწყებისთანავე ჩაუკეტა. ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვები არათუ ყველა რუსულ ავიაკომპანიას ეხება განურჩევლად, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირსაც. კერძოდ, აკრძალულია დაშვება, აფრენა ან გადაფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ თვითმფრინავისათვის, რომელიც გამოიყენება რუსული ავიაკომპანიის მიერ ნებისმიერი ფორმით, ან რეგისტრირებულია რუსეთში, ან არ არის რეგისტრირებული რუსეთში მაგრამ მფლობელობაშია ან დაქირავებულია ნებისმიერი რუსი/რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ორგანიზაციის ან სტრუქტურის მიერ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ.

საქართველომ შავ სიაში შეყვანილ ავიაკომპანიებზე და სანქცირებული ბორტების მიღებაზე უარი მხოლოდ უსაფრთხოების მიზეზით თქვა, კერძოდ, იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით ჰქონდა აღებული და ომის დაწყების შემდეგ მოთხოვნის მიუხედავად უკან აღარ დაუბრუნებიათ. თუ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტში მსგავსი სანქცირებული ხომალდი დაეშვება, საქართველოს მისი ჩამორთმევისა და მესაკუთრისთვის გადაცემის ვალდებულება უჩნდება. 25 დეკემბრის მდგომარეობით, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა. ავიაკომპანიათა ნაწილი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული, თუმცა თბილისს კიევის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება არ აუღია.

საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის და სამართლებრივად თბილისს ბრიუსელში მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაახლოების ვალდებულება კონსტიტუციითაა გაწერილი (მუხლი 78). საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თავსებადობის მოთხოვნა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებითაც აკისრია, პირდაპირი ფრენების აღდგენა ამ თავსებადობას ეწინააღმდეგება.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირში უკმაყოფილება არც დაუმალავთ.საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ ღიად მიუთითა პოლიტიკურ მდგენელსა და პოლიტიკური ვალდებულებების მნიშვნელობაზე. კერძოდ, მისი განცხადებით: „[პირდაპირი ფრენების განახლებაზე] გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე და, ამასთანავე, არაა თანხმობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვალდებულებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში... სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა წელს 31%-მდე შემცირდა ისედაც დაბალი შარშანდელი 44%-დან“.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ყველა ქვეყნის ელჩთან ერთად ეკონომიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დემარში გადასცა.

სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ერთდროულად პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ფასდება. ბრიუსელის მხრიდან ღიად დაფიქსირებული პოლიტიკური უკმაყოფილების მიუხედავად, სამართლებრივად საქართველოს სანქციების დარღვევაზე არავინ მოსდავებია და შესაბამისად, კითხვაზე, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე დათანხმება, თუნდაც საქართველოს მიერ წარდგენილი პირობებით,იყო, თუ -არა სანქციების დარღვევა, პასუხია - არა.

საქართველოს მხრიდან, სანქციების შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად საერთაშორისო ავტორიტეტულ მედიაშიც ჩნდებოდა. 2023 წლის იანვარში New York Times სტატიაში სათაურით: „How Western Goods Reach Russia: A Long Line of Trucks Through Georgia“ (როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში — სატვირთოების გრძელი რიგი საქართველოს გავლით) ეჭვებს ყაზბეგის საბაჟოზე სატვირთოების გრძელი რიგის საფუძველზე გამოთქვამდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ სანქციების დარღვევის ფაქტი საქართველოს მხრიდან არ ფიქსირდებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ მაშინ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა და შეაფასა როგორც სიმართლე.

ივნისში გამოცემა politico-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიენის განცხადება მცდარი ინტერპრეტირებით გაავრცელა, რომ თითქოს საქართველო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემას ქმნიდა. 3 კვირის შემდეგ, თბილისში ვიზიტად მყოფმა ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი სამუშაო გასწია.მისივე თქმით, დაკვირვების პროცესი გაგრძელდებოდა, მანვე დასძინა, რომ სანქციები პერიოდულად მკაცრდებოდა და გარკვეული პროდუქცია, მაგალითად, ელექტროსაქონელი, დროის გარკვეულ მონაკვეთში არ იყო სანქცირებული, რაღაც პერიოდის შემდეგ კი სანქცირებული გახდა.

ო’ბრაიენთან ერთად თბილისში იმყოფებოდნენ აგრეთვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ო’სალივანმა, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა, ევროკავშირის სახელით იმედგაცრუება დააფიქსირა, თუმცა მისივე განცხადებით, ეკონომიკური და გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებით, თბილისის პოზიცია გასაგებია. მანვე დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც სანქციების თავიდან არიდების საშუალება, გამოყენებული არ იქნებოდა.

კუმარ აიერის განცხადებით, ისინი მადლობლები არიან ყველა იმ ნაბიჯის, რაც საქართველოს მთავრობამ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიზნით გადადგა.

ო’ბრაიენის, სალივანისა და აიერის განცხადებები შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად: პარტნიორი სახელმწიფოები/სახელმწიფოთა გაერთიანებები (აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი) იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველო საერთო სანქციებს არ მიუერთდა, თუმცა ეკონომიკურად თბილისის გადაწყვეტილება მათთვის გასაგებია, ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ საქართველო თავად არ არღვევს სანქციებს, მესამე მხარეს არ აძლევს საშუალებას, რომ ქვეყანა სანქციების თავის არიდების მიზნით იყოს გამოყენებული და თანამშრომლობისთვის მზად ყოფნას გამოთქვამს.

საქართველოს მხრიდან სანქციების აღსრულება შეერთებული შტატების იმდროინდელმა ელჩმა კელი დეგნანმაც რამდენჯერმე დაადასტურა (ბმული 1, ბმული 2).

გადაჭრით იმის თქმა, მოხვდა, თუ - არა, ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქცია, რთული სათქმელია. თვეში 10 000 და მეტი სატვირთოს დეტალურად შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია, თეორიულად ისიც დასაშვებია, რომ სანქცირებული ტვირთის ნაწილის, მაგალითად მიკროჩიპების, გადატანა ავტობუსის ან მსუბუქი ავტომობილის მეშვეობით მოხერხდა. პასუხისმგებლობის აღება საჰაერო ტრანზიტზე კიდევ უფრო რთულია, თუმცა ერთია, რა ხდება, ან რა შეიძლება ხდებოდეს ცალკეულ შემთხვევებში და მეორე, აქვს, თუ - არა მას სისტემური ხასიათი. 2023 წლის მარტში, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სანქციების დარღვევის მცდელობის 1000-ზე მეტი შემთხვევა იქნა აღკვეთილი.

მტკიცება, რომ საქართველო რუსეთს სანქცირებული პროდუქციით ამარაგებს, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული ფაქტი ვერ იქნა გამოვლენილი, საფუძველს მოკლებულია. სანქციების დარღვევის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების არ არსებობის, პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების განცხადებების, აგრეთვე საგარეო ვაჭრობისა და ტრანზიტის სტატისტიკის ანალიზზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.



[1] პირობითი მაგალითი მოყვანილია ვითარების ასახსნელად, გამარტივებულად წარმოსაჩენად, ჰიპოთეზური დაშვების სახით. ფაქტ-მეტრს არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია ან მტკიცებულება აღნიშნული პრაქტიკის რეალურად არსებობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.