თამარ მახარაშვილი: ჩვენ არ გვახარებს ის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის, თუმცა, არც გაუარესებულა - იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ მახარაშვილის განცხადება არის მცდარი.
PISA 2022-ის შედეგების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 1 ქულით გაიზარდა. შესაბამისად, ქართველი მოსწავლეების შედეგები ნამდვილად გაუარესდა და იმის აღნიშვნა, რომ სტატისტიკურად ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის, რეალურად, არაფრის მომცემია. ამაზე აპელირება ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ სამივე დისციპლინაში საბაზისო ცოდნის მიღწევა კვლევაში მონაწილე ქართველი მოსწავლეების მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტმა (33%-35%) შეძლო, რაც კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (69%-76%) საგრძნობლად ჩამორჩება.
მინისტრის მოადგილე 2022 წელს ქართველი მოსწავლეების მიერ ნაჩვენებ დაბალ შედეგებს კოვიდპანდემიით ხსნის. 2018 წელს პანდემია არ ყოფილა, თუმცა ქართველი მოსწავლეების შედეგები 2015 წელთან შედარებით ამ წელსაც გაუარესდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ მახარაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეთა საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გაუარესდა. აღნიშნული საკითხი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა შეაფასა და განაცხადა: „ ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არა რის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის - იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო“. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევა კოვიდის პერიოდში არის ჩატარებული და მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული, რისი მიზეზიც კოვიდპანდემია იყო.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA – Program for International Student Assessment) მსოფლიოში განათლების ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება.
PISA 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OESD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ტარდება. აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს, 15 წლის მოზარდები სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რამდენად არიან მზად, ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. კვლევის მიხედვით, მოზარდების კომპეტენცია წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში ფასდება.
საქართველო PISA-ში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015, 2018, 2022 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა.
PISA 2022-ში 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 000 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოში PISA 2022 ციკლის ძირითადი საველე სამუშაოები 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა 267 სკოლის 6 583-მა მოსწავლემ მიიღო.
PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევამ მათემატიკაში 390 ქულა შეადგინა, კითხვაში - 374, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 384 ქულა იყო. შესაბამისად, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით, თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ PISA-ში საბაზო ცოდნის დონედ ცოდნის მეორე დონე განიხილება, რომელიც მოსწავლისთვის საზოგადოებაში სრული მონაწილეობისთვის არის საჭირო.
PISA 2022 წლის მონაცემების მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს საქართველოს მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია, რაც OECD-ის ქვეყნების საშუალოზე მნიშვნელოვნად ნაკლებია (69%), კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს ( OECD-ის საშუალო 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა ( OECD-ის საშუალო 76%), რაც ასევე დაბალი შედეგია.
კვლევის მიხედვით, შედეგები სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლეთა სქესის მიხედვითაც კი განსხვავებულია. PISA 2022 -ის შედეგების მიხედვით, კერძო სკოლის მოსწავლეებს, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი შედეგები აქვთ, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს, კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა - 392 ქულა, ბიჭი - 357 ქულა), საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).
PISA 2022-ის კვლევის მიხედვით, შეფასების სამივე სფეროში მოსწავლეთა მიღწევები მონაწილე ქვეყნების/ეკონომიკების უმრავლესობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაუარესდა. საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში 2018-დან 2022 წლამდე მათემატიკაში მიღწევების მაჩვენებლები თითქმის 15 ქულით გაუარესდა, რაც უპრეცედენტო კლებაა 2015-2018 წლებში სტაბილური ტენდენციის შემდეგ და 2018 წლამდე მიღწევების ცვლილებებთან მიმართებით, სადაც ციკლიდან ციკლამდე სხვაობა 4 ქულას არ აღემატებოდა. კითხვაში, OECD-ის ქვეყნებში 2022 წელს 11- ქულიანი კლება აღინიშნა, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლებაა. საბუნებისმეტყველო საგნებში, OECD-ის საშუალო ქულა 2018 წელთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და კლება მხოლოდ 3-ქულიანი იყო.
რაც შეეხება საქართველოს წინა წლების შედეგებს, 2018 წელს კვლევაში ოფიციალურად საქართველოს 5 572 მოსწავლემ და 326 სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სულ PISA-ში, 72 ქვეყნის 600 000 მოსწავლის შედეგები შეფასდა. სამი კომპონენტიდან პროგრამა წიგნიერების ნაწილზე იყო ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება წაკითხულის გააზრების შემეცნების ნაწილს დაეთმო, თუმცა მათემატიკური და საბუნებისმეტყველო უნარებიც შემოწმდა.
PISA-ს საშუალო მაჩვენებელი წიგნიერებაში 487 ქულა იყო, მათემატიკაში საშუალო 489 ქულა დაფიქსირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე, 489 ქულა იყო. საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში მონაცემები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა 380, მათემატიკაში - 398 ქულა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 383 ქულა იყო. შესაბამისად, კითხვის უნარებში საქართველომ 79 ქვეყანას შორის 70-71-ე ადგილი დაიკავა, მათემატიკაში - 60-63-ე ადგილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში - 71-72-ე ადგილი. კითხვაში მოსწავლეების 36% მიღწევის მეორე (საბაზო) დონეზე ან მის ზემოთ მოექცა, 64% საბაზო დონის ქვემოთაა და მაღალი მიღწევების ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 2% მოხვდა.
2018 წელს საქართველოზე დაბალი შედეგი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ - პანამა, ინდონეზია, კოსოვო, მაროკო, ლიბანი, დომინიკის რესპუბლიკამ უჩვენა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით, საქართველომ შედგები გააუარესა, აღნიშნულ წელს კითხვის უნარებში საქართველოს 401 ქულა ჰქონდა საშუალო 493 ქულიდან (59-64-ე), მათემატიკაში 404 – 490 ქულიდან (56-59-ე), საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში 411 493 ქულიდან (58-61-ე ადგილი).
განხილული მასალის მიხედვით, PISA 2022-ის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 1 ქულით გაიზარდა . შესაბამისად, ქართველი მოსწავლეების შედეგები ნამდვილად გაუარესდა და იმის აღნიშვნა, რომ სტატისტიკურად ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის, რეალურად, არაფრის მომცემია. ამაზე აპელირება ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ სამივე დისციპლინაში საბაზისო ცოდნის მიღწევა კვლევაში მონაწილე ქართველი მოსწავლეების მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტმა (33%-35%) შეძლო, რაც კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (69%-76%) საგრძნობლად ჩამორჩება.
მინისტრის მოადგილე 2022 წელს ქართველი მოსწავლეების მიერ ნაჩვენებ დაბალ შედეგებს კოვიდპანდემიით ხსნის. 2018 წელს პანდემია არ ყოფილა, თუმცა ქართველი მოსწავლეების შედეგები 2015 წელთან შედარებით ამ წელსაც გაუარესდა.
მთავრობა განათლების ბიუჯეტის და მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, ასევე სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ხშირად აპელირებს და აღნიშნულს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩენს, თუმცა განათლების, კერძოდ, ზოგადი განათლების მთავარი მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისად, მოსწავლეთა მომზადების დონის ზრდა უნდა იყოს, რაც სამწუხაროდ, ზემოთ განხილული კვლევებით, არ დასტურდება.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თამარ მახარაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.