თინა ბოკუჩავა: სკოლაში ბავშვების 45%-ს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, მათ შორის 17%-ს არ აქვს წიგნები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა“, მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების 47.5%-ს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვს, მათ შორის, 14.5%-ისთვის ეს საგანმანათლებლო მასალა წიგნებია, თუმცა კვლევაში მითითებულია, რომ ეს წიგნები არ არის სასკოლო სახელმძღვანელოები.

თინა ბოკუჩავა განცხადებაში პროცენტულ მონაცემებს თითქმის ზუსტად ასახელებს, თუმცა განცხადებაში მოყვანილი მაგალითი, რომ ერთ-ერთი სკოლის სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედის შვილს წიგნები არ აქვს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საუბარი სასკოლო სახელმძღვანელოებზეა და სკოლის ბავშვების 14.5% სწორედ სკოლის სახელმძღვანელოების გარეშეა დარჩენილი, მაშინ როდესაც, 2013 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში „უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა“ მოქმედებს და ამ მიზნით ქვეყნის ბიუჯეტში გარკვეული თანხა ყოველწლიურად არის გათვალისწინებული.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თინა ბოკუჩავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბავშვების 45%-ს არა აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, რაც სურს რომ ჰქონდეს, მაგრამ უსახსრობის გამო, ხელი არ მიუწვდება. მათ შორის 17%-ს არ აქვს წიგნები. კოლეგა ოპოზიციონერი საუბრობდა ერთ კონკრეტულ ადამიანზე, სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედაზე, რომლის შვილს არ აქვს წიგნები“.

„ფაქტ-მეტრმა“ თინა ბოკუჩავას განცხადება Unicef-ის მონაცემებზე დაყრდნობით გადაამოწმა.

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა“ შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის - ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები.

ჩვენ განცხადებიდან გამომდინარე, ყურადღებას კვლევის იმ ნაწილზე გავამახვილებთ, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას ეხება.

დასახელებული კვლევის მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების (6-17 წლის) 98.4% დადიოდა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში და/ან პროფესიულ სასწავლებელში, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა, 97.5% - სკოლა, გიმნაზია ან ლიცეუმში. ბავშვების მხოლოდ 0.04 პროცენტი სწავლობდა პროფესიულ სასწავლებელში. ბავშვების მხოლოდ 1.6% არ დადიოდა არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევაში“ კითხვები ბავშვისთვის საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის შესახებაც (სასკოლო სახელმძღვანელოების გამოკლებით) იყო შესული. კვლევის მიხედვით, ბავშვების 45.3%-ს არ აქვს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა (კვლევა სკოლამდელი (3-5წლის) და სკოლის ასაკის (6-17წლის) ბავშვების შესახებ მონაცემებს მოიცავს).

ჩვენთვის საინტერესოა სასკოლო ასაკის ბავშვებში, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვთ. ეს მაჩვენებელი 47.5%-ია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში იგივე მონაცემი 33.9%-ია. უთანასწორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქალაქად და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების 59.6%-ს არ აქვს რაიმე სახის საგანმანათლებლო მასალა, ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების 35.6%-თან შედარებით.

კვლევის მიხედვით, ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის დაფიქსირდა - მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 74.9%-ს არ გააჩნია მისთვის სასურველი რაიმე საგანმანათლებლო მასალა, ხოლო მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვებში ეს მონაცემი უფრო დაბალია და 25.5%-ს შეადგენს.

საგანმანათლებლო მასალა, რაზეც სკოლის ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად არ მიუწვდებათ ხელი, არის „ლეპტოპი“/კომპიუტერი (32%). შემდეგ მოდის წიგნები (14.5%), მუსიკალური ინსტრუმენტები (10.7%) და სახატავი მასალები (7.9%). თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, 3-5 წლის ასაკის ბავშვების ყველაზე დიდ ნაწილს არ აქვს სახატავი მასალები ( 18.5%), შემდეგ მოდის წიგნები (16.5%), ლეპტოპი/კომპიუტერი (13.6%) და მუსიკალური ინსტრუმენტები (6.7%). აღნიშნული სხვაობა, კვლევის ავტორების აზრით, დიდწილად ასახავს ბავშვების სხვადასხვა საგანმანათლებლო ინტერესებს ადრეულ და უფრო მოზრდილ ასაკში.

გრაფიკი1: საგანმანათლებლო მასალების კატეგორიები, რაზეც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ

წყარო: unicef

განხილული კვლევის მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების 47.5%-ს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვს, მათ შორის, 14.5%-ისთვის ეს საგანმანათლებლო მასალა წიგნებია, თუმცა კვლევაში მითითებულია, რომ ეს წიგნები არ არის სასკოლო სახელმძღვანელოები.

შესაბამისად, თინა ბოკუჩავა განცხადებაში პროცენტულ მონაცემს თითქმის ზუსტად ასახელებს, თუმცა მაგალითი რომელიც დეპუტატს განცხადებაში მოჰყავს, რომ ერთ-ერთი სკოლის სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედის შვილს წიგნები არა აქვს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საუბარი სასკოლო სახელმძღვანელოებზეა და სკოლის ბავშვების 14.5% სწორედ სკოლის სახელმძღვანელოების გარეშეა დარჩენილი, მაშინ როდესაც, 2013 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში „უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა“ მოქმედებს და ამ მიზნით ქვეყნის ბიუჯეტში გარკვეული თანხა ყოველწლიურად არის გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის (მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა 32.02.06) 37 მლნ ლარია გამოყოფილი.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თინა ბოკუჩავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ განცხადებაში თინა ბოკუჩავა სკოლის პერიოდში ბავშვთა კვებაზეც ამახვილებს ყურადღებას. რადგან „ფაქტ-მეტს“ აღნიშნულ თემაზე სტატია ამავე დეპუტატის განცხადების მიხედვით, უკვე მომზადებული აქვს (იხ. სტატია), წინამდებარე სტატიაში ამ საკითხზე ყურადღება აღარ გავამახვილეთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია