არჩილ თალაკვაძე: „წინა ხელისუფლების პერიოდი შეადარეთ, ჩვენი ხელისუფლების წლებში არსებულ მიგრაციის სტატისტიკას, ნახავთ რომ ანტირეკორდული წლები აქვთ, საქართველო დატოვა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, არათუ წლების განმავლობაში, არამედ ერთ წელიწადში და ყოველ წელს იყო ძალიან დიდი მიგრაცია საქართველოდან“.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ეს უარყოფითი ტენდენცია დღემდე გრძელდება. თუმცა 2021-2022 წლებში ემიგრაციის მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა. 2022 წელს საქართველო 46.4 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, 2021 წელს კი - 40.8 ათასმა, რაც 2012-2022 წლებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (აქვე განვმარტავთ, 2012 წლამდე პერიოდში მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკას არ იწარმოებოდა).
არჩილ თალაკვაძე უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 2021-2022 წლებში ემიგრაციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც ისედაც უარყოფითი იყო, მკვეთრად გაუარესდა. ამის საპასუხოდ, წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ მაჩვენებლებზე აპელირებს.
ემიგრაცია წინა ხელისუფლების პერიოდშიც უმთავრესი გამოწვევა იყო და ქვეყნიდან გადინების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა. თუმცა 2012 წლამდე, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლამდე პერიოდის მიგრაციის მაჩვენებლების 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარება, მანიპულაციურია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს.
„ფაქტ-მეტრი“ არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი
გადაცემაში „ღამის კურიერი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლების შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა - „წინა ხელისუფლების პერიოდი შეადარეთ, ჩვენი ხელისუფლების წლებში არსებულ მიგრაციის სტატისტიკას, ნახავთ რომ ანტირეკორდული წლები აქვთ, საქართველო დატოვა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, არათუ წლების განმავლობაში, არამედ ერთ წელიწადში და ყოველ წელს იყო ძალიან დიდი მიგრაცია საქართველოდან“.
პირველ რიგში, უნდა ავხსნათ, მიგრაციის მაჩვენებლები 2012 წლამდე პერიოდის მონაცემებს რატომ ვერ დარდება.
2012 წლამდე პერიოდში, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა, ანუ იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება, ვერ ხერხდებოდა. 2012 წლიდან კი ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. მითითება იმის შესახებ, რომ 1995-2011 წლების მონაცემები შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს და 2012 წლიდან კი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა, საქსტატის ოფიციალურ გვერდზეც არის.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შემდეგ, სტატისტიკაში არსებული შეუსაბამობის გამო, დღის წესრიგში წინა წლების მონაცემების გადაანგარიშება/განახლების აუცილებლობა დადგა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერათაშორის პერიოდში [2002-2014] მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი გარე მიგრაციული ნაკადები იყო. შესაბამისად, საქსტატმა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა (მიგრაციის დადებითი მაჩვენებლები უარყოფითი მაჩვენებლებით შეიცვალა). (იხილეთ გრაფიკი 1). ზოგადი ტენდენცია, რომ აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება. თუმცა, 2012 წლამდე, ცალკეული პერიოდის მონაცემები, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს არსებული მოსახლეობის რიცხოვნობის ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად.
გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო, ძველი და განახლებული მონაცემები (2002-2014 წლები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ძველი და ახალი მონაცემები
ამრიგად, დღეს არსებული მიგრაციის მაჩვენებლების, 2012 წლამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარება, არამართებულია და რეალურ სურათს ამახინჯებს, იმ მიზეზით, რომ 2012 წლამდე პერიოდის მაჩვენებლები შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ამგვარი შედარება მანიპულაციურია, არჩილ თალაკვაძე უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ წელიწადში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. საქსტატის [შეფასებითი] მონაცემებით, 2010-2011 წლებში ემიგრანტთა, ანუ ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა 100 ათასს აღემატებოდა. თუმცა ანალოგიური მაჩვენებლები „ქართული ოცნების“ პერიოდშიც არაერთხელ დაფიქსირდა, რასაც არჩილ თალაკვაძე უგულებელყოფს. 2019 წელს 105 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. 2021 წელის თითქმის 100 ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან. 2022 წელსაც, ქვეყანა საქართველოს 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
ზოგადად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში, ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. 2021 წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.
2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო [სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის] დადებითი იყო, იმიგრანტების [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა ემიგრანტების [ქვეყნიდან გასულთა] რაოდენობას 54.5 ათასით აღემატება. დადებითი მიგრაციული სალდო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (აქვე განვმარტავთ, რომ 2012 წლამდე პერიოდში მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკა არ იწარმოებოდა).
გრაფიკი 2: საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური