რატი ბრეგაძე: როდესაც ადამიანი შეწყალებას ითხოვს, გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის ტყუილი
შეწყალება პრეზიდენტის ფართო დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომლის შინაარსი საქართველოს კონსტიტუციით სრულად განისაზღვრება. კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აქვს მინიჭებული.
შეწყალებამდე მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების მიზანშეწონილობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N556 ბრძანებულება მიუთითებს, თუმცა ამ ბრძანებულებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და პრეზიდენტი შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე არის უფლებამოსილი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება.
ზემოთ თქმულს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, შეწყალების პროცესში პირის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე ბრძანებულებით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი კომპონენტის არსებობა, არ შეიძლება შეწყალების წინაპირობად იქნეს მიჩნეული.
შეწყალების მოქმედი კონსტიტუციური მოწესრიგებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს არა თუ არ ევალება მხოლოდ მაშინ შეიწყალოს პირი, თუ იგი თავს დამნაშავედ ცნობს და დანაშაულს ინანიებს, არამედ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება შესაძლოა სწორედ მაშინ გამოიყენოს, როდესაც იგი მსჯავრდებულს მართლმსაჯულების შეცდომის მსხვერპლად მიიჩნევს.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, რატი ბრეგაძის მტკიცება არაზუსტია. ამასთან, მსგავსი ჩანაწერის შეწყალების დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების წინაპირობად მიჩნევა წინააღმდეგობაში მოდის თავად კონსტიტუციასთან და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ იუსტიციის მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი:
2023 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. მან სხვა საკითხებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი. როცა ის ამბობს, რომ კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნა...ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე. დანარჩენები ორ საქმესაც აღძრავენ და 30-საც...“
აქვს, თუ - არა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების და ამ ბერკეტის მეშვეობით მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა, ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „რბილად თუ ვიტყვით, სააკაშვილის მოთხოვნა შეწყალებაზე არათანმიმდევრულია, რადგან როდესაც ადამიანი შეწყალებას ითხოვს გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული…შესაბამისად, ადამიანი როდესაც დანაშაულს არ აღიარებს, სრულად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ რატი ბრეგაძის განცხადება გადაამოწმა.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულის აღიარება შეწყალების თხოვნის წინაპირობაა, ამ წინაპირობის დადგომის გარეშე კი, გაუგებარია, რა ფორმით უნდა შეიწყალოს პირი პრეზიდენტმა.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აქვს მინიჭებული.
საქართველოს კონსტიტუცია
კონსტიტუციის ჩანაწერის სიცხადის მიუხედავად, პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ შეწყალების პროცესში კონკრეტული წინაპირობების არსებობის საჭიროებაზე. ამ შემთხვევაში, ამგვარ წინაპირობად შესაწყალებელი პირის მიერ დანაშაულის აღიარება გვევლინება. აღნიშნული მსჯელობის საფუძველი, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N556 ბრძანებულებაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად არის შექმნილი და რომელშიც მსჯავრდებულის შეწყალების პირობები და პროცედურაა გაწერილი.
ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება მართლაც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც პრეზიდენტმა შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გაითვალისწინოს.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის N556 ბრძანებულება
როგორც ვხედავთ, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება ამ ბრძანებულების მიხედვითაც კი, შეწყალების საქმის განხილვის სავალდებულო კრიტერიუმს არ წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ პირობებშიც, თუ კი ეს კომპონენტი ბრძანებულების მიხედვით, შეწყალების საქმის განხილვის სავალდებულო წინაპირობად მოგვევლინებოდა, პრეზიდენტი ამ დებულებით მაინც არ იქნებოდა შებოჭილი რიგი მიზეზების გამო:
პირველ რიგში, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აქვს მინიჭებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, კონსტიტუციურ ტერმინებს ავტონომიური მნიშვნელობა აქვთ და მათი შინაარსი არ შეიძლება იბოჭებოდეს კანონმდებლობით.
მეორეც, მეტი სიცხადისთვის, თავად ბრძანებულებაში პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ან/და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძანებულებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
ზემოთ თქმულს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც იმეორებს, რომლის მიხედვითაც, შეწყალების პროცესში პირის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება და სხვა, ბრძანებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი კომპონენტის არსებობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეწყალების წინაპირობად.
2000 წლის 11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივარი განიხილა, სადაც კასატორი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონკრეტული პირის შეწყალება არ შეესაბამებოდა იმჟამინდელ ბრძანებულებას „მსჯავრდებულთა შეწყალების წესის შესახებ“, რადგან ეს ბრძანებულება შეწყალების წინაპირობად პირის მიერ თავის დამნაშავედ ცნობას და დანაშაულის მონანიებას ითვალისწინებდა, შეწყალებული პირი კი, თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ჩადენილს არ ინანიებდა.
სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება შებოჭილი იყოს საქართველოსპრეზიდენტისშესაბამისი ბრძანებულებით - „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“, სადაც კონკრეტულად მითითებულია, თუ რა პირობებში ხდება მსჯავრდებულთა შეწყალება, ვინ შეიძლება შეიწყალონ და ვინ - არა.
სასამართლომ აღნიშნა რომ „ხსენებული ბრძანებულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც ადგენს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურის მუშაობის წესს, რეგლამენტს და არანაირად არ ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით არ არის დადგენილი მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიმე წესის დაცვა“[1].
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, რომელიც პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობას იმაზე დაყრდნობით ითხოვდა, რომ შეწყალებისას სხვა გარემოებებთან ერთად პირმა დანაშაული არ აღიარა და არ მოინანია.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ შეწყალების უფლებამოსილება ამგვარად ჯერ კიდევ მაშინ განმარტა, როდესაც „მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ ბრძანებულება მის სარეკომენდაციო ხასიათზე პირდაპირ მითითებას არ შეიცავდა. კერძოდ, ბრძანებულებაში ექსპლიციტურად არ ეწერა, რომ პრეზიდენტი ბრძანებულების დებულებებით შებოჭილი არ არის და ნებისმიერ დროს შეუძლია მათ დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს, იმ პირობებში, როდესაც ბრძანებულებაში მსგავსი ჩანაწერი გაჩენილია, წესით, აღარ უნდა არსებობდეს შეწყალების უფლებამოსილების ფარგლების დავიწროებისა და მისი შეზღუდულად წარმოჩენის სივრცე.
ზემოთ აღწერილ წმინდად ტექნიკურ საკითხებთან ერთად, რომლებიც კონსტიტუციასა და სხვა კანონებს შორის ნავიგაციით შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, თუ რატომ ეწინააღმდეგება დანაშაულის აღიარების შეწყალების წინაპირობად აღქმა მოქმედ კონსტიტუციურ ლოგიკას.
შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის ფართო დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოიყენებოდეს. მათ შორის, ისეთი მიზნებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომლებიც სრულიად გამორიცხავს პირის მიერ თავის დამნაშავედ აღიარების არსებობას. მაგალითად, „შეწყალების მექანიზმის გამოყენების მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების შეცდომის გამოსწორება, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო ადამიანის გასამართლება“[2], შესაბამისად, თუ კი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ პირი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს, მას თავისუფლად შეუძლია თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება და ამ პირის შეწყალება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დანაშაულის აღიარების შეწყალების წინაპირობად მიჩნევა პრეზიდენტის მიერ თითოეულ შეწყალებულ პირს დანაშაულის ამღიარებლად აქცევდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შეწყალება პრეზიდენტის ფართო დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომლის შინაარსი სრულიად განისაზღვრება კონსტიტუციით, შეწყალებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს კონსტიტუციით და შესაბამისად, „მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება“ მსჯავრდებულის შეწყალების წინაპირობას არ წარმოადგენს. მეტიც, შეწყალების მრავალფეროვან მიზნებზე დაყრდნობით, სრულიად ცხადია, თუ რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით შეიძლება შეიწყალოს პრეზიდენტმა ის პირი, რომელიც არა თუ დანაშაულს არ აღიარებს, არამედ თავს მართლმსაჯულების შეცდომის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, უზენაეს სასამართლოს პრეზიდენტის ბრძანებულების შინაარსი უკვე განმარტებული აქვს და უკვე დადგენილი აქვს, რომ ბრძანებულებისგან დამოუკიდებლად პრეზიდენტს კონსტიტუციის მუხლის ფარგლებში რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და ამ უფლებამოსილებით სარგებლობა ბრძანებულებაზე გვერდის ავლით შეუძლია. უკვე მოქმედ ბრძანებულებაში ისიც პირდაპირ ჩაიწერა, რომ პრეზიდენტს შეუძლია გვერდი აუაროს ამ ბრძანებულებით განსაზღვრულწესებს.
საბოლოო ჯამში, იმ შემთხვევაში, თუ კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, არც მიხეილ სააკაშვილია ვალდებული დანაშაული აღიაროს და არც სალომე ზურაბიშვილს „ეკრძალება“ ამ პირობის დადგომამდე შეიწყალოს იგი. აქედან გამომდინარე, რატი ბრეგაძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება/განჩინება ¹3ა/ად-74-კ