2012 წელს პენსია 110 ლარი იყო  და გახდა 500 ლარამდე

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს პენსია 110 ლარი იყო და გახდა 500 ლარამდე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე 110 ლარი, 67+ ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარამდე იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარამდე. 500-ლარიანი პენსია კი მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ 70 და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ.

პენსიის ზრდა ერთი შეხედვით შთამბეჭდავი ჩანს, რადგან პრემიერი 12-წლიან პერიოდს იღებს შესადარებლად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება, შესაბამისად, პენსიის რეალური ზრდაც [მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით] ნაკლებია. ანუ, 2024 წელს რეალური პენსიის მოცულობა, 2012 წლის ფასებში თუ განვიხილავთ, 186.4 ლარის და 245.5 ლარის შესაბამისი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით, პენსიის მოცულობა როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ მაჩვენებელში გაზრდილია, აღნიშნულ ზრდას პრემიერ-მინისტრი გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

3 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „პენსიონერებს გავუზარდეთ პენსია, 500 ლარამდე. 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე“.

ასაკობრივი პენსიის ოდენობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დიფერენცირებული. დღეს არსებული მონაცემებით, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 295 ლარს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 365 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები პენსიის 20%-ის ოდენობის საპენსიო დანამატს იღებენ. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერის პენსია 354 ლარს, 70 და მეტი ასაკის მოსახლეობისთვის კი 438 ლარს შეადგენს.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარამდე იზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირებისთვის პენსია 380 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან ასაკის პენსიონერებისთვის 500 ლარამდე იზრდება.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო.

ამრიგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 12-წლიან პერიოდში 70 წლამდე პირთა პენსია 110 ლარიდან 315 ლარამდე გაიზარდა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 125 ლარიდან 415 ლარამდე. 500-ლარიანი პენსია კი, რომელზე პრემიერ-მინისტრი საუბრობს, მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ 70+ ასაკის პენსიონერებს ექნებათ, 2024 წლიდან.

გრძელვადიან პერიოდში პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფლაციის გამო, პირობითად 100 ლარით დღეს უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე წლების წინ. შემოსავლები ნომინალურ და რეალურ კატეგორიებად იყოფა. ნომინალური შემოსავალი ხელზე ასაღებ, კონკრეტულ ფულად ერთეულში გამოსახულ თანხას ასახავს. რეალური შემოსავალი კი რეალურ დოვლათს, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელზე კორექტირდება.

ცხრილ 1-ში, 2012-2024 წლებში, ნომინალური და რეალური პენსიის დინამიკაა წარმოდგენილი. 2024 წელს რეალური პენსია 2012 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, როგორც ნომინალურ მაჩვენებელში. რეალურად, 2024 წელს 70 და მეტი წლის პენსიონერი 415-ლარიანი პენსიით იმდენივე პროდუქტის შეძენას შეძლებს, რამდენსაც 2012 წელს 245.5 ლარით შეიძენდა. მომავალ წელს 70 წლამდე პენსიონერის პენსია კი, 2012 წლის ფასებში თუ განვიხილავთ, 186.4 ლარის შესაბამისი იქნება. ამრიგად, 2024 წელს 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო 70+ ასაკის პენსიონერებისთვის კი 1.9-ჯერ.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური პენსია ლარში, 2012-2024 წლებში (2012=100) (1)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

ამრიგად, პრემიერ-მინისტრი პენსიების ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მომავალი წლიდან 500-ლარიანი პენსია, რომელზეც პრემიერი საუბრობს, მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ 70 და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ. 2012-2024 წლებში პენსია 70 წლამდე პირებისთვის 110 ლარიდან 315 ლარამდე, ხოლო 70+ ასაკის პირებისთვის კი 125-დან 415 ლარამდე იზრდება. რეალურ მაჩვენებლებში, ანუ ფულის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ეს ზრდა კიდევ უფრო ნაკლებია. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ გრძელვადიან, ანუ 12-წლიან პერიოდზეა საუბარი. ბუნებრივია, შედარებისას რაც უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ და თან ნომინალურ მაჩვენებელს, ზრდა უფრო „შთამბეჭდავი“ გამოჩნდება, რაც რეალურ სურათს ამახინჯებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

(1) რეალური მონაცემების გაანგარიშებისას აღებულია: 2012-2022 წლების საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, 2023 წლის გასული 10 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, ხოლო 2024 წლის შემთხვევაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი.