ლაშა ხუციშვილი: [2012 წლის შემდეგ] საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
2012 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო დასაბეგრი (დარიცხული) ხელფასი 713 ლარს შეადგენდა, 2022 წელს 1543 ლარს. 2023 წლის 2 კვარტლის საშუალო 1761 ლარია, რაც 2012-ის მონაცემებს 2.47-ჯერ აღემატება (საქსტატი კვარტალურ მონაცემებს 2014 წლიდან აქვეყნებს, რის გამოც, 2023 წლის პირველი ნახევრის, 2012 წლის პირველ ნახევართან შედარება ვერ მოხერხდა).
შემოსავლის ზრდისას გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ფაქტს ენიჭება, თუ რამდენჯერ მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა შეუძლია ადამიანს მომატებული ხელფასით/სხვა შემოსავლით.
ხელფასების ნომინალურად 2.5-ჯერ ზრდის მიუხედავად, ადამიანთა რეალური შემოსავალი 2.5-ჯერ არ გაზრდილა. ინფლაციის გათვალისწინებით, საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 1.5-ჯერ ანუ 50%-ით გაიზარდა.
ნომინალურად სწორად დასახელებული მონაცემისა და ინფლაციის ფაქტორის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ხელფასების ზრდის ტემპზე ისაუბრა და აღნიშნა: „საშუალო ხელფასი [2012 წელთან შედარებით] საჯარო და კერძო სექტორში, დაახლოებით, 2.5-ჯერ არის გაზრდილი“.
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, როგორც წესი შრომის ანაზღაურებაც იზრდება, ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი განვითარებად ქვეყნებშია. ლარის ემისიის შემდეგ, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში - 1995-2003 წლებში, ნომინალური დარიცხული ხელფასი 833%-ით - 13.5 ლარიდან 126 ლარამდე, გაიზარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში - 2004-2012 წლებში, კიდევ 466%-ით - 126-დან 713 ლარამდე.
ზრდის ტენდენცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც შენარჩუნდა, თუმცა ტემპი ისევ კლებადი იყო. 2022 წელს, საშუალო ხელფასი 1543 ლარს შეადგენდა - 117%-ით მეტს 2012 წელთან შედარებით. 2023 წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასი 1761 ლარამდე[1] გაიზარდა, ეს თანხა კი 2012 წლის მონაცემს 147%-ით აჭარბებს. უფრო ზუსტი შედარება 2012 წლის პირველ ნახევართან იქნებოდა, თუმცა საქსტატის გვერდზე კვარტალურად ჩაშლილი ხელფასების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2014 წლიდან იძებნება. წლის მეორე ნახევარში როგორც წესი საშუალო ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ნახევარში (2022 წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასი 1494 ლარს უდრიდა, მეორე ნახევარში 12.7%-ით მეტს - 1685 ლარს). შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობით, 2023 წლის საშუალო ხელფასი 1761 ლარზე მეტი იქნება და 2012 წლის მაჩვენებელს 2.5-ჯერ ან უფრო მეტჯერ წლიურ ჭრილშიც გადააჭარბებს.
ნომინალურ დაანგარიშებას ერთი პრობლემა აქვს - ინფლაცია. ხელფასებთან ერთად, წლიდან წლამდე, ფასები პროდუქციასა და მომსახურებაზეც იზრდება. 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 64%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი საკმარისი იყო 2023 წელს 164 ლარი გახდა საჭირო.
2023 წელს ნომინალური ხელფასი მართალია 1761 ლარს გაუტოლდა, მაგრამ მას იგივე ძალა აქვს, რაც 2012 წელს 1073 ლარს გააჩნდა.
გრაფიკი 1: დაქირავებით დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი ლარში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინფლაციის გათვალისწინებით, 2012-2023 წლებში რეალური ხელფასი 51%-ითაა გაზრდილი (მესამე და მეოთხე კვარტლის გამოქვეყნების შემდეგ ზრდის ტემპი სავარაუდოდ 51%-ზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით მეტი აღმოჩნდება, მაგრამ არა 150%-ით).
ფინანსთა მინისტრის განცხადება სიტყვა-სიტყვით სწორია. 2012-2023 წლებში ნომინალური ხელფასი ნამდვილად 2.5-ჯერ ანუ 150%-ით გაიზარდა, თუმცა ხელფასის ან ნებისმიერი სხვა შემოსავლის შემთხვევაში მთავარი მისი მსყიდველუნარიანობაა. საანგარიშო პერიოდში ხელფასები მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებითაც გაიზარდა, ოღონდ მხოლოდ 51%-ით. ნომინალურად სწორად დასახელებული მონაცემების, მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რის გამოც ზრდის მასშტაბი გადაჭარბებულად წარმოაჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
[1] თითოეულ შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები დაბაგვრამდელ მონაცემებს ასახავს. 2012 წელს ამ რიცხვს საშემოსავლო გადასახადი აკლდებოდა, 2023 წელს საპენსიო შენატანი (დასაქმებულთა უმეტესობისთვის) და საშემოსავლო. შესაბამისად ხელზე ასაღები ნომინალური ხელფასი 2012 წლის შემდეგ 570-დან 1380 ლარამდე გაიზარდა.