სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა გაავრცელა ვიდეო შემდეგი კომენტარით: „ამერიკული ცვალებადი პრიორიტეტები ნიუ-იორკის ქუჩებში“. ვიდეოზე ჩანს შენობაზე დამონტაჟებული ბილბორდი, რომელზეც წარწერა „Stand With Ukraine“ (უკრაინის გვერდით) იცვლება წარწერით „Stand With Israel“ (ისრაელის გვერდით). სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ყალბია, გავრცელებული ვიდეო კი დამონტაჟებულია.

მსგავსი მტკიცება სხვადასხვა სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა, თუმცა ის მალევე როიტერსის სააგენტომ გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ვიდეოში ნაჩვენები ბილბორდის ეკრანი ნამდვილად ნიუ-იორკში მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 200 W 50th St.

სივრცეს, სადაც ეს ბილბორდია განთავსებული, კომპანია „Clear Channel Outdoors“ მართავს. მათ როიტერსთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ვიდეო ყალბია და მსგავსი რეკლამა მათ ეკრანებზე არ გამოჩენილა.

უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერი ფრაზების გარდა ეკრანზე ტელეკომპანია ABC News-ის ლოგოც ჩანს კომენტარით - „უყურე ახალ ამბებს“, რომელიც იმავე შრიფტითაა დაწერილი, რომლითაც უკრაინის და ისრაელის მხარდამჭერი ფრაზები. თუმცა, როგორც ABC News-ის წარმომადგენლებმა AFP-ისთან დაადასტურეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი შინაარსის რეკლამა მათ არ გაუვრცელებიათ.

დამატებით, BBC Verify-ის ჟურნალისტმა, შაიან სარდარიზადემ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter), განათავსა რეალური რეკლამის სურათი, რომელზეც სინამდვილეში ანიმაციური ფილმის, „ტროლების“ რეკლამა არის გამოსახული.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და რეალობას არ შეესაბამება.

საგულისხმოა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ ადრეც გადაუმოწმებია. მაგალითად, 2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იაპონიაში გამოჩნდა ბანერი წარწერით - „შეწყდეს ომი! გაჩერდეს ზელენსკი!“ - თუმცა მტკიცება ყალბი აღმოჩნდა.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.