ირაკლი ღარიბაშვილი: ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ინფლაცია რამდენიმე მეთოდით შეიძლება გაიზომოს: წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ძირითადად თვე თვესთან, კვარტალი კვარტალთანაც), წლის დასაწყისიდან საანგარიშო პერიოდამდე, გასული თვეების საშუალოსა და ბოლო 12 თვის საშუალოს წინა 12 თვის საშუალოსთან შედარებით. გარკვეული მიზნებისთვის შედარება წინა თვესთანაც შეიძლება, რაც სეზონურობის გათვალისწინებით მხოლოდ პროდუქციის გარკვეულ რაოდენობაზე შეიძლება იყოს რელევანტური.

2023 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 0.7% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი იყო ივნის-აგვისტოშიც, თუმცა რადგან პირველ კვარტალში ინფლაცია 7%-ს აჭარბებდა, ერთობლიობაში იანვარ-სექტემბერში ფასების ზრდის საერთო დონემ 3.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდის ტემპი მაღალი იყო გასული წლის მეოთხე კვარტალშიც და ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციამ 4.9%-ს მიაღწია.

პრემიერი სავარაუდოდ წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით სექტემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს გულისხმობდა. უშუალოდ სექტემბრისთვის ცალკე აღებული სტატისტიკური მონაცემი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მთლიანობაში 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელი 3.3%-ს შეადგენს და დასახელებულ სიდიდეს 3.3-ჯერ აღემატება. ამავდროულად გასათვალისწინებელია გარემოება, რომ 3.3%-იან მაჩვენებელს წლის დასაწყისში არსებული შედარებით მაღალი ინფლაცია განაპირობებს და ტენდენცია წლის მეორე ნახევარში ინფლაციის შემცირებას ადასტურებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას განაცხადა: ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.

საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, თითქმის ყველაფერზე, მათ შორის სამომხმარებლო ფასებზეც ახდენს გავლენას. ინფლაციაზე გავლენას დამატებით მაღალი იმპორტდამოკიდებულებაც ზრდის.

ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას (მუხლი 3) წარმოადგენს. „სტაბილური ფასები“ მათ ერთ ნიშნულზე გაყინვას არ გულისხმობს, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. 2019-2022 წლებში ზედიზედ 4-ჯერ სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში დარჩენა ვერ მოხერხდა.

2019 წელი სურსათზე ფასების ზრდით გამოირჩეოდა. 12 თვეში ამ ჯგუფზე ფასები საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

2020 წელს პანდემიამ მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია. ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნამ და მოთხოვნის ხელოვნურად შემცირებამ კი ინფლაციური პროცესები გარკვეულწილად დააბალანსა. თუმცა საერთო ჯამში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ისევ გადასცდა.

2021 წელს კოვიდრეგულაციების მოხსნისა და მოთხოვნის აღდგენის ფონზე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, საქართველოში წლის ბოლოს ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, წლიურმა ინფლაციამ 9.6% შეადგინა და რომ არა ცენტრალური მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების (იანვარ-თებერვალში) გავლენა ის ორნიშნა იქნებოდა.

გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წელს გლობალურად ინფლაციის ტემპის შენელება იყო მოსალოდნელი, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მიწოდების ჯაჭვის მორიგი შეფერხება და ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. შედეგად, ფასების ზრდის ტემპმა რიგ სახელმწიფოებში ათწლეულების რეკორდი მოხსნა. საქართველოშიც 1999 წლის შემდეგ პირველად წლიურმა ინფლაციამ 11.9%-ს მიაღწია.

2023 წელს გარე ფაქტორების გავლენა შემცირდა. 9 თვეში 3.3%-მდე შემცირდა ფასების ზრდის ტემპიც. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ზედიზედ 4-ჯერ წლიური ინფლაციის განაკვეთი 1%-ს ჩამოსცდა, ყოველივე ეს აჩენს იმის მოლოდინს, რომ წლის ბოლოს ინფლაცია შესაძლოა, სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებს დაუბრუნდეს.

გრაფიკი 2: წლიური ინფლაცია (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ერთის მხრივ, ინფლაციური პროცესების მასშტაბის არსებითი კლება თვალსაჩინოა, 2022 წლის დეკემბრიდან ის ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს დაუბრუნდა, აპრილიდან 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდა, ივნისიდან 1%-იანს. მეორე მხრივ, დაკონკრეტების გარეშე, ერთი ან თუნდაც 4 თვის მონაცემი, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირების საფუძველი გახდეს. ბოლო 12 თვეში საშუალო ინფლაციამ, წინა 12 თვესთან შედარებით, 4.9% შეადგინა, იანვარ-სექტემბრის საშუალომ - 3.3%.

რა პერიოდს ასახავდა მაჩვენებელი, ამ გარემოების დაუკონკრეტებლად მონაცემის დასახელებამ რეალობის მცდარად წარმოჩენის საშუალება გააჩინა, თუმცა გასათვალისწინებელია გარემოება, რომ 3.3%-იან მაჩვენებელს წლის დასაწყისში არსებული შედარებით მაღალი ინფლაცია განაპირობებს და ტენდენცია წლის მეორე ნახევარში ინფლაციის შემცირებას ადასტურებს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეფასდა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია