სოციალურ ქსელში სპორტული სიახლეების Facebook-გვერდი სპორტი • Sport, რომელსაც 65 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, სტატიას აზიარებს, რომლის სათაურში ვკითხულობთ, „საერთოდ არ ვარ კმაყოფილი - ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე“. აღნიშნული სტატიის სათაური შეცდომაში შემყვანია და მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მისი კრიტიკა ფეხბურთელს მიემართება.

Facebook-გვერდი, რომლის აღწერაში მითითებულია, რომ „ახალი ამბებისა და მედიის ვებსაიტია“, სოციალურ ქსელში ვებგვერდ sportline.ge-ს სტატიებს ხშირად აქვეყნებს. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სტატია სწორედ ამ სპორტული გამოცემის მიერ მომზადდა.

სტატიის სრულ ვერსიაში მოცემულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ნიკა გვარამიას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელშიც აღნიშნულია: „საერთოდ არ ვარ კმაყოფილი: კვარაცხელია მე-17ზე და ოსიმენი მე-8 ზე ძალიან უსამართლოა, ძალიან. კვარაცხელია ათეულში ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, არ უნდა ამას ბევრი გნიასი“.

მართალია, სტატიაში ნიკა გვარამიას რეალური პოსტია მოცემული, თუმცა სათაური: „საერთოდ არ ვარ კმაყოფილი“ - ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს“, მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს.

სპორტული გამოცემა ე.წ. სატყუარა (clickbait) სათაურს იყენებს. ე.წ. clickbait ინტერნეტში გავრცელებული ისეთი მასალაა, რომელიც სენსაციური თუ პროვოკაციული სათაურებით ქვეყნდება და რომლის მიზანი ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.