სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებენ (1; 2). პოსტში ვკითხულობთ: “ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი ნატოს დაუპირისპირდება და აღვმოჩნდებით სიტუაციაში, როცა ჩვენ ერთმანეთს ვესვრით", - ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლების მიერ მოყვანილი ციტატა არასრულია, რამაც შესაძლოა მკითხველს მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას.
31 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესში უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ იმსჯელეს. მოსმენაზე ამერიკელი სენატორების წინაშე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინი წარდგნენ.
უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგზავნაზე უარის თქმა გაზრდის იმის ალბათობას, რომ ამერიკულმა ჯარებმა, ერთ დღეს, შესაძლოა პუტინის ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები განახორციელონ, რათა ევროპაში ნატოს მოკავშირე დაიცვან. სენატორი ჯეკ რიდის კითხვაზე: „თუ არ გავგზავნით რესურსებს [უკრაინაში] ზრდის თუ არა ეს შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს მოგვიწევს ახალგაზრდა ამერიკელები ევროპის საომარი მოქმედებების თეატრში გავგზავნოთ“. ლოიდის პასუხი შემდეგი იყო: „აბსოლუტურად, სენატორო რიდ, ვფიქრობ, როგორც ადრეც ვთქვით, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის უკრაინაში არ გაჩერდება. თუ ბალტიის სახელმწიფო ხარ, ფიქრობ, რომ შემდეგი ხარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან ის [პუტინი] ნატოს დაუპირისპირდება და ჩვენ ბრძოლაში აღმოვჩნდებით“. ამის შემდეგ სენატორმა რიდმა გააკეთა კომენტარი: „ასე რომ, ამას არჩევანთან მივყავართ, მივაწოდოთ მათ [უკრაინელებს] იარაღი, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ თუ ვნახოთ ბრძოლაში ჩართული ახალგაზრდა ამერიკელები“, რასაც ოსტინმა უპასუხა: „გეთანხმებით, სენატორო!“.
ამგვარად, Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ციტატას განცხადების პირველი ნაწილი აკლია, რითიც ცხადი ხდება, რომ ის ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას იმ შემთხვევაში უშვებს, თუკი რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს.
---------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.