სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Bautista, რომელიც 2023 წლის 10 მარტს შეიქმნა და Facebook-ზე მხოლოდ ორი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. „ამბავი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ მანჩესტერიდან სწრაფად გავრცელდა მასმედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ძლიერმოქმედი ნივთიერებებით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილის მეგობრებმა თქვეს, რა შეიძლებოდა, გამხდარიყო ნიკოლ ს.-ს უეცარი გარდაცვალების მიზეზი. სოციალურ ქსელებში მათ მოყვეს, რომ გოგონა სამსახურში ბულინგის წინაშე აღმოჩნდა. ამ დამოკიდებულების მიზეზი იყო გარდაცვლილის მუდმივი შეურაცხყოფა კოლეგებისა და უფროსების მხრიდან მისი ეროვნების გამო - ნიკოლ საქართველოდან ინგლისში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. გოგონამ თავისი ამბავი სოციალურ ქსელშიც კი გააზიარა“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული პოსტი და მსგავსი შინაარსის სტატია არ იძებნება. ამავდროულად, სააკაშვილი ნიკოლ სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და სულ რამდენიმე ადამიანი თუ გვერდი ჰყავს გამოწერილი.

გვერდის Bautista ფოტო-ანაბეჭდზე ნაჩვენები საჯარო პოსტი 26 ივნისს გამოქვეყნდა. თუმცა ანგარიშის სააკაშვილი ნიკოლ Facebook-ის კედელზე, არც 26 ივნისს და არც სხვა დროს, პოსტი, სადაც ის თითქოს წარმომავლობის გამო კოლეგებისა და უფროსის მხრიდან ბულინგზე საუბრობს, არ იძებნება.

გარდა ამისა, Bautista-ს პოსტში თანდართულია ახალი ამბების ვებ-გვერდის Manchester Evening News ფოტო-ანაბეჭდი, თითქოს ვებ-გვერდმა აღნიშნულ ამბავზე სტატია სახელწოდებით „Watch What You Say and Where” გამოაქვეყნა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ აღნიშნული სტატია ახალი ამბების ვებ-გვერდზე და სხვა ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება. სურათი, რომელიც Facebook ანგარიშს აქვს გამოყენებული Manchester Evening News-ს ეკუთვნის, თუმცა სტატია სხვა ამბავს ეხება. კერძოდ, გამოცემის თანახმად, 21 ივლისს, მანჩესტერში, 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

თავის მხრივ, სავარაუდოდ, ყალბია ანგარიში სააკაშვილი ნიკოლ. მომხმარებელს მეტი დამაჯერებლობისთვის, ინფორმაციაში საცხოვრებელ ადგილად - ლონდონი, ხოლო დაბადების ადგილად თბილისი აქვს მითითებული. ამავდროულად, ანგარიში სასწავლებელ ადგილად კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტს უთითებს.

ამდენად, Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებული ამბავი, თითქოს ქართველი ემიგრანტი ქალის გარდაცვალების მიზეზი სამსახურში წარმომავლობასთან დაკავშირებული ბულინგი იყო, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი