2012 წლიდან, 261 კმ მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენ მიერ აშენებული

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან, 261 კმ მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენ მიერ აშენებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: დღეის მდგომარეობით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 261 კილომეტრი გზა არის აშენებული (აქედან, 27-კილომეტრიანი გზა 28 ოქტომბერს გაიხსნა). „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2013-2023 წლებში), მაგისტრალზე 193 კილომეტრი გზა აშენდა, „ნაციონალურმა მოძრაობის“ დროს - 68 კილომეტრი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლება ავტომაგისტრალს 6 წლის განმავლობაში აშენებდა, განსხვავებით „ქართული ოცნების“ 10-წლიანი პერიოდისა.

შესაბამისად, პრემიერი განცხადებაში სტატისტიკურ მონაცემებს ზუსტად ასახელებს, თუმცა სტატისტიკა მთავრობის წარმატებული მუშაობის დასტურად მოჰყავს და ყურადღების მიღმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ტოვებს, კერძოდ - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ, 2024 წლამდე გადაიწია. გარდა ამისა, მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზა განსაკუთრებულად პრობლემური აღმოჩნდა და ამ გზის II მონაკვეთზე თებერვალში ჩანგრეული ხიდი დღესაც აუშენებელია და არა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები, არამედ 8 თვის განმავლობაში ხიდის ექსპერტიზის დასრულებაც კი ვერ მოხერხდა. ასევე, ორზოლიანი იყო ქუთაისის შემოვლითი გზა და ოთხზოლიანად გადაკეთებას დამატებითი სახსრები და დრო დასჭირდა, ორზოლიანია ქობულეთის შემოვლითი გზაც.

პრობლემები იყო რიკოთის უღელტეხილზეც, სადაც მეწყრული პროცესების და ქვათაცვენის გამო აპრილიდან მოყოლებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა (12 ოქტომბრიდან აღნიშნული რეჟიმი მსუბუქი ავტომობილებისთვის მოიხსნა, მისაბმელიანებისთვის კი გადაადგილების დრო 4 საათით გახანგრძლივდა), თუმცა რეგიონული განვითარების მინისტრის ინფორმაციით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე, სადაც მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, არასდროს განვითარებულა მეწყერი და გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მხოლოდ პრევენციული ღონისძიება იყო და ბოლოს, გზების მშენებლობა და ქვეყანაში მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთავრობის არა დამსახურება, არამედ მოვალეობაა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო და განაცხადა: „2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენ მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის მიერ გახსნილი“.

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის განცხადება გადაამოწმა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტშიდაიწყოდა ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 430 კილომეტრია.

ჩვენ მიმდინარე წლის ივლისში საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ იმ დროისთვის, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რამდენი კილომეტრი გზის მშენებლობა იყო დასრულებული. ოფიციალური ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან (2007 წლიდან, რადგან 2006 წელი საწყისი წელია, როცა მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) მიმდინარე წლის ივლისისთვის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობა 234 კილომეტრზე იყო დასრულებული, აქედან 2013 წლიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით - 166 კილომეტრ გზაზე. აქედან გამომდინარე, თუ აღნიშნულ მონაცემს ახლახან გახსნილ რიკოთის 27-კილომეტრიან მონაკვეთს დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ 2013 წლიდან დღემდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებლობა 193 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, პრემიერის განცხადება შინაარსობრივად ზუსტია.

თუმცა აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდედაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდეგაფართოება(3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის - კონკრეტულად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა, მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა, მეორე მონაკვეთზე შეიცვალა პროექტი - თავდაპირველად გზა ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო, თუმცა კომპანიამ მშენებლობის მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. საბოლოოდ, შედეგად მივიღეთ ის, რომ გზამ დეფორმაცია განიცადა და გზის ზედაპირმა დაიწია. იმავე ტიპის პრობლემები იყო გზის მეოთხე მონაკვეთზეც. სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მესამე მონაკვეთზე კი სამუშაოების დასამთავრებლად, საერთოდაც კომპანიის ცვლილება გახდა საჭირო (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე არ განახლებულა სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე ჩანგრეული ხიდის მშენებლობა და არათუ რეაბილიტაცია არ დაწყებულა, ჯერ ექსპერტიზაც კი არ არის დასრულებული და ხიდის ჩავარდნიდან 8 თვის შემდეგაც (შეგახსენებთ, ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში ჩავარდა) გაურკვეველია, როდის დაიწყება ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რიკოთის უღელტეხილზე მეწყრული პროცესების და ქვათა ცვენის გამო, აპრილიდან მოყოლებული გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა. 12 ოქტომბრიდან მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის არსებული რეჟიმი შენარჩუნდა, ოღონდ გადაადგილების დრო 4 საათით გახანგრძლივდა.

ქვათაცვენის პროცესი და სპეციალური რეჟიმის არსებობა, რიკოთზე მიმდინარე გზის მონაკვეთების მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში და სპეციალისტებში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა და მიმდინარე მშენებლობის აუდიტის ჩატარების მოთხოვნაც გაჟღერდა. 30 ოქტომბერს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში 146 გამოცდილი სპეციალისტია ჩართული - 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო. მინისტრის განმარტებით, სწორედ მათი ზედამხედველობის და საავტომობილო დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის საფუძველზე ვლინდება ხარვეზები და ხდება მათი გამოსწორება.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულების ვადად „ქართული ოცნების“ მიერ თავდაპირველად 2020 წელის განისაზღვრა, მოგვიანებით თარიღმა 2023 წლამდე გადაიწია, საბოლოოდ, დღევანდელი ოფიციალური ინფორმაციით, ავტომაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.