გიორგი ვაშაძე: სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მლნ ლარი იყო გამოყოფილი ამ გზის დასაგებად, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა?
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მიმდინარე წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. ოფიციალური ინფორმაციით, მდინარე რიონის ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაშინ აცხადებდა, რომ როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევდა, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. ამ შემთხვევიდან 7 თვე გავიდა და არათუ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულა, დღემდე ხიდის ექსპერტიზაც კი არ არის დასრულებული.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი გზის საწყის ბიუჯეტს, 2013 წელს 237 მილიონი ლარით განისაზღვრა და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, როგორც პროექტის ბიუჯეტი ასევე დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მთლიანი მონაკვეთისთვის ჯამში 902 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ვაშაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.
ანალიზი
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენისას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ დასვა შეკითხვა და აღნიშნა: „ეს ცენტრალური მაგისტრალი ვერა და ვერ დამთავრდა, სამტრედიის ხიდი ისევ ჩამონგრეულია, 200 მილიონი იყო გამოყოფილი გზის დასაგებად დასავლეთ საქართველოში, ბიუჯეტი 900-მდე გაიზარდა, დაგრძელდა ეს გზა კაცო? დაგრძელდა, თუ რა მოუვიდა, მართლა საინტერესოა“.
მიმდინარე წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, რადგან იმ დროისთვის მდინარე რიონის წყლის დონე დიდი იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდებოდა და წყლის დონის დაწევისთანავე ბურჯის აღდგენა დაიწყებოდა.
ამ შემთხვევიდან უკვე 7 თვე გავიდა, წყლის დონემ რიონში, რა თქმა უნდა, დაიწია, მაგრამ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მდინარე რიონზე 24-მალიანი მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დღემდე ახორციელებს, ხიდის აღსადგენად საჭირო თანხის ოდენობა, შესაბამისი ღონისძიებები და დასრულების ვადები კვლევის დასრულების შემდეგ განისაზღვრება. საავტომობილო გზების დეპარტამენტისვე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღნიშნული გზის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).
რაც შეეხება გზის მთლიანი მონაკვეთისთვის გამოყოფილ სახსრებს, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ 902 640 700 ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა 2024 წლამდე გადაიწია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა (იხ: სტატია). განსაკუთრებულად პრობლემური გზის პირველი და მეორე მონაკვეთი აღმოჩნდა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე, რომლის საერთო სიგრძე 11,5 კილომეტრია, 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის - 3 ხიდის და ერთი რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადის მშენებლობა იგეგმებოდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ 2018 წლიდან ახორციელებდა. 2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.
გასული წლის ბოლოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთის შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ „გზის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევად რჩება რიონზე ასაშენებელი ხიდი, რომლის დიდი ნაწილი - ბურჯები, ამოყვანილია. თუმცა მე-7 ბურჯი ჯერ კიდევ გამოწვევა არის და მნიშვნელოვანი ძალისხმევაა კონტრაქტორის მხრიდან და გეგმაზომიერად, შესაბამისი ტექნოლოგიებით მაქსიმალურად ვცდილობთ გამოწვევა დროულად იქნას გადაჭრილი და შემდგომ უკვე გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მაღალი ხარისხით იქნას ნაწარმოები“.
როგორც ხიდის ჩავარდნამ ცხადყო, გამოწვევა გამოწვევად დარჩა და პრობლემურ მე-7 ბურჯს, მე-8 ბურჯიც დაემატა და აღნიშნულმა საბოლოოდ, ხიდის დაზიანება გამოიწვია.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ 83 884 701 ლარი, 8 349 342 ევრო და 14 024 354 აშშ დოლარი დაიხარჯა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე ჩავარდნილ ხიდზე ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს და ხიდის ჩავარდნიდან 7 თვის თავზეც უცნობია, ხიდის რეაბილიტაცია როდის დაიწყება ან მის აღსადგენად რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო. ასევე, სამტრედია-გრიგოლეთის გზის საწყისი ბიუჯეტი 237 მლნ ლარი იყო, რაც წლების განმავლობაში იზრდებოდა და საბოლოოდ, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გზის მთლიანი ხარჯი 902 მლნ ლარით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.