ირაკლი ღარიბაშვილი: საგადასახადო ტვირთის სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ბიზნესის საგადასახადო ტვირთის მაჩვენებელი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიყენა, მოგებისა და ქონების გადასახადს მოიცავს. მოგების გადასახადი საქართველოში 15%-ია, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში - 0%. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 2017 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში. ქონების გადასახადი ადგილობრივ გადასახადს განეკუთვნება და განაკვეთის მოცულობა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება, თუმცა მაქსიმალური ზღვარი ქონების ღირებულების 1%-ია.

საერთო ჯამში, ბიზნესის საგადასახადო ტვირთი (ყველა შესაძლო შეღავათის შემდგომ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადები) უახლესი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით 9.9%-ია და საქართველო ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილს იკავებს. შესაბამისად, პრემიერის განცხადება ამ ნაწილში რეალობას შეესაბამება, თუმცა განცხადება არაკორექტულია პროგრესის მხოლოდ ბოლო ათწლეულის მიღწევად წარმოჩენის ნაწილში. სინამდვილეში, ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემცირებისკენ მიმართული რეფორმები წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით მასშტაბური იყო და 2005-2012 წლებში საქართველოს რეიტინგი გადასახადის სიმცირის თვალსაზრისით - 158-ე ადგილიდან მე-14-მდე, თავად განაკვეთი კი 57%-დან 16.5%-მდე შემცირდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: 2023 წლის 23 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში საგადასახადო ტვირთის სიმცირესა და ბიზნესის კეთების სიმარტივეზე ისაუბრა: „გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც საერთო განაკვეთი 9.9%-ია.“

საგადასახადო ტვირთის სიმძიმე სხვადასხვა მეთოდით იზომება: ჯამური გადასახადების ფარდობა მშპ-სთან მიმართებით, შემოსავლებიდან გადახდილი გადასახადები, მოგებიდან გადახდილი გადასახადები... ირაკლი ღარიბაშვილმა მოცემულ შემთხვევაში უშუალოდ ბიზნესის საგადასახადო ტვირთზე ისაუბრა, რომელიც არ მოიცავს იმ გადასახადებს, რომლის საბოლოო გადამხდელი თავად ბიზნესი არ არის და მხოლოდ მის შეგროვებას და გატარებას უზრუნველყოფს (დღგ, აქციზი, საშემოსავლო) და ამავდროულად, ამ კონკრეტული მაჩვენებლის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება არა თავად გადასახადების ტარიფი, არამედ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადები, ყველა შესაძლო შეღავათის გათვალისწინების შემდგომ.

დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს (თავი XIII, მუხლი 98), თუმცა თუ კომპანია მოგების რეინვესტირებას მოახდენს ის აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება (ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა).

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები მსოფლიო ბანკის სტატისტიკა, ამავე ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს, იგივე Doing Business-ს ეფუძნებოდა, რომლის კვლევაც თავად მსოფლიო ბანკმა 2021 წელს შეწყვიტა.

მსოფლიო ბანკის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული სტატისტიკით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს აანალიზებს, საქართველო ბრუნეისა და ვანუატუს შემდეგ, 9.9%-იანი განაკვეთით, მე-3 ადგილზეა. სიმართლეა ისიც, რომ აღნიშნული წინა ათწლეულში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იქნა მიღწეული, 2012 წელს 16.5%-იანი განაკვეთით საქართველო მე-14 ადგილს იკავებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროსაც საგადასახადო ტვირთი ორჯერ, 2006 და 2009 წლებშიც, მკვეთრად შემცირდა. 57%-იანი განაკვეთით 2005 წელს საქართველო 158-ე ადგილზე იმყოფებოდა და 38.6%-იანი განაკვეთით 2008 წელს - 81-ე ადგილზე.

გრაფიკი 1: ბიზნესის საგადასახადო ტვირთი

წყარო: მსოფლიო ბანკი

ბიზნესის საგადასახადო ტვირთის გაანგარიშების მეთოდი, რომელზეც პრემიერმა გააკეთა აპელირება, კომპანიების მიერ გადახდილ მოგებისა და ქონების გადასახადს მოიცავს. მასში არ შედის ყველაზე მსხვილი დღგ და აქციზი, რომლითაც ზოგიერთი პროდუქცია (ძირითადად ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი) იბეგრება. ის ასევე არ მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით იხდის. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში, გადასახადებისგან სულ 18.3 მლრდ-ის მობილიზებაა დაგეგმილი, საიდანაც მოგების გადასახადის წილი მხოლოდ 2.1 მლრდ-ია.

2017 წელს, ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის შემდეგ, როდესაც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადი განულდა, მოგების გადასახადისგან მიღებული თანხები ბიუჯეტში 300 მლნ ლარით 765 მლნ ლარამდე შემცირდა, თუმცა მის საკომპენსაციოდ აქციზის გადასახადი გაიზარდა და აქციზისგან მობილიზებული თანხების მოცულობა 380 მლნ ლარით 1.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2017 წელს თამბაქოს ნაწარმზე, ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმავე წელს ინფლაციამ 6.7%-ს მიაღწია, რაც დიდწილად სწორედ აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიან გადასახადებში მოგების გადასახადის წილი 12%-ზე ნაკლებია და რეფორმის პროცესში აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ის არის ხარჯი, რასაც ბიზნესი მის მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული სარგებლის შემდეგ იხდის და რომელიც შეიძლება ჯამური გადასახადებისგან განცალკევებით იანგარიშებოდეს.

რაც შეეხება ქონების გადასახადს, ის ადგილობრივ გადასახადს განეკუთვნება და განაკვეთის მოცულობა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება, თუმცა მაქსიმალური ზღვარი ქონების ღირებულების 1%-ია.

საერთო ჯამში, ბიზნესის საგადასახადო ტვირთი (ყველა შესაძლო შეღავათის შემდგომ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადები), უახლესი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით[1], 9.9%-ია და საქართველო ამ მაჩვენებლით მე-3 ადგილს იკავებს. შესაბამისად, პრემიერის განცხადება ამ ნაწილში რეალობას შეესაბამება, თუმცა განცხადება არაკორექტულია პროგრესის მხოლოდ ბოლო ათწლეულის მიღწევად წარმოჩენის ნაწილში. სინამდვილეში, ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემცირებისკენ მიმართული რეფორმები წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით მასშტაბური იყო და 2005-2012 წლებში საქართველოს რეიტინგი გადასახადის სიმცირის თვალსაზრისით - 158-ე ადგილიდან მე-14-მდე, თავად განაკვეთი კი 57%-დან 16.5%-მდე შემცირდა.



[1] 2021 წლიდან მსოფლიო ბანკმა აღნიშნული სტატისტიკის წარმოება შეაჩერა და უახლესი პერიოდი რომლისთვისაც ხელმისაწვდომია მონაცემები 2019 წლის მდგომარეობას ასახავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი