პაატა მანჯგალაძე: სამ სხვადასხვა არჩევნებზე გახსნეს სამტრედიის №4 საჯარო სკოლა და დღესაც არ არის აშენებული
ვერდიქტი: პაატა მანჯგალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიის №4 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2019 წელს 33 736 ლარად შეისყიდა. 2020 წლის დეკემბერში კი 2 224 202-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების დროს კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ფუნდამენტი და მზიდი კედლები ავარიული იყო. გადაწყდა, რომ გამაგრება/რეაბილიტაცია არარენტაბელური იქნებოდა და 2022 წლის იანვარში ხელშეკრულება შეწყდა. იმავე წლის სექტემბერში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ახალი ტენდერი გამოცხადდა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა. პროექტი ოცდაოთხ თვეში უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება სკოლის გახსნას, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში ვერ მოვიძიეთ. თუმცა ვიპოვეთ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის (ამჟამად მოქმედი მერის), 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამა, რომელშიც წერია, რომ №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2020 წლიდან მიმდინარეობს. ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის ივლისში, მერმა დააანონსა, რომ მშენებლობა მალე დაიწყებოდა, მომდევნო წლის 15 სექტემბერს, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებაზე კი აღინიშნა, რომ სკოლის მშენებლობა დაიწყო.
განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა: „სამ სხვადასხვა არჩევნებზე გახსნეს სამტრედიის №4 საჯარო სკოლა და დღესაც არ არის აშენებული.“
„ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის ამ განცხადებით დაინტერესდა.
სამტრედიის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მართლაც 2020 წლის 30 დეკემბერს დაიწყო, როცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „გერმანულ სამშენებლო კომპანიასთან“ 2 224 202 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. პროექტის დასრულებისთვის მიმწოდებელს ერთი წელი ჰქონდა. ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, ბოლოს - 2022 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა პროექტის განხორციელება სადემონტაჟო სამუშაოებს ვერ გასცდა. კერძოდ, 2022 წლის 26 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ გამოიკვეთა ფუნდამენტისა და მზიდი კედლების ავარიულობა, რაც არ იყო გათვალისწინებული. ასევე, ბენეფიციარმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც, არსებულ შენობა-ნაგებობაზე გამაგრება/რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება არარენტაბელურ ხარჯად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელს ობიექტის უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაევალა, იმავე წლის 9 აგვისტოს კი მხარეებმა ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 293 546 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმოს ინდუსტრიისგან“ შეისყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იმერეთის რეგიონის თოთხმეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დოკუმენტაცია მოამზადა. პირველი ეტაპით სწორედ საპროექტო ტერიტორიის კვლევა ანუ საძიებო-კვლევითი სამუშაოები და შენობის აზომვა-ფიქსაცია იყო გათვალისწინებული. როგორც აღმოჩნდა, პროექტის ავტორებს მზიდი კედლებისა და ფუნდამენტის ავარიულობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არ შეუტანიათ. ეს ნიშნავს, რომ, ან კვლევა საფუძვლიანად არ ჩატარდა, ან საპროექტო დოკუმენტაციის შედგენიდან სამშენებლო სამუშაოების ტენდერის გამოცხადებამდე შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მშენებელმა კომპანიამ პროექტი ვერ განახორციელა. ხელშეკრულებაში, კონკრეტულად სამტრედიის №4 საჯარო სკოლის დოკუმენტაციის მომზადებისთვის, 33 736 ლარი იყო გათვალისწინებული.
2022 წლის სექტემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 7 682 760 ლარი იყო. ოთხ პრეტენდენტს შორის, სამის დისკვალიფიკაციის შედეგად, შპს „პრაიმ ბეტონისა და ქალაქპროექტის ამხანაგობამ“ გაიმარჯვა. მხარეებს შორის 7 144 900-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა. მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად ოცდაოთხი თვე განისაზღვრა. კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია უკვე ჩააბარა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმწოდებელს 2 349 970 ლარი აუნაზღაურა, აქედან 2 143 470 ლარი - ავანსის სახით. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რაც შეეხება აღნიშნული სკოლის არჩევნების წინ გახსნის ფაქტს, ამის ამსახველი კადრები ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ. თუმცა სამტრედიის მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის, საარჩევნო პროგრამაში, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნდა, წერია: „2020 წელს დაიწყო და მიმ¬დი¬ნა-რე¬ობს ქ. სამტრედიის №4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაზეც, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ჯამში, 2 მლნ 224,2 ათასი ლარი დაიხარჯება.“ ეს ნიშნავს, რომ მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის თემა მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნამდვილად გამოიყენა. ამის შემდეგ, 2022 წლის ივლისში, უკვე არჩეულმა მერმა განაცხადა, რომ მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყებოდა, ხოლო 2023 წლის სექტემბერში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, №4 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტის გათვალისწინებით, რომ სამტრედიის №4 საჯარო სკოლის ჯერ რეაბილიტაციის, ხოლო შემდეგ - მშენებლობის საკითხი, ბოლო რამდენიმე წელია, მართლაც აქტუალურია და დროში გაჭიანურებული, „ფაქტ-მეტრი“ პაატა მანჯგალაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.