სოციალური ქსელის მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), უკრაინის პრეზიდენტის ყალბ ციტატას ავრცელებს. პოსტის ავტორის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ითხოვს: „აშშ-ის არჩევნებიც უნდა გაუქმდეს! ამორალურია ჩვენი ფულის დახარჯვა ასეთ დროს! Zа Россию, მათხოვრობასთან ერთად, ეს მართლა „გნიდა“ სულელიც ყოფილა!“,-წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება და მას მხოლოდ რუსულენოვანი გვერდი ავრცელებს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2023 წლის სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა კიევში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგე კანდიდატი გაიმარჯვებს. თავად ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით არ შეიცვლება: „ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, ის ყოველთვის ამერიკელი ხალხის აზრს დაეყრდნობა“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს არჩევნების გაუქმებას ითხოვს, ყალბია.

..................................................................................................................................

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.