ირაკლი ქადაგიშვილი: მიმდინარეობს სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის სერია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, 79 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერები უკვე დასრულებულია, აქედან 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 72 სკოლის მიმართებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ხორციელდება, რის შემდგომადაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 1 სკოლის მშენებლობის დაწყებისთვის კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ასევე, 320 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები უკვე დასრულებულია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 21 203 მოსწავლეა სკოლის გარეშე დარჩენილი და სხვა, ახლომდებარე სკოლებში გადანაწილებული, რაც დისკომფორტის გარდა სწავლის ხარისხზეც აისახება, რადგან გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დროულად განხორციელდეს.აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა სკოლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის სერია.
ოფიციალური ინფორმაციით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს და ჯამში 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 79 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერები უკვე დასრულებულია, აქედან 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 72 სკოლის მიმართებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ხორციელდება, რის შემდგომადაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 1 სკოლის მშენებლობის დაწყებისთვის კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, ოფიციალური ინფორმაციით, 320 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები უკვე დასრულებულია. დღეის მდგომარეობით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოებს 11 საჯარო სკოლაში და 150-მდე სკოლის მიმართებით, სრული რეაბილიტაციის დაწყებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 21 203 მოსწავლეა სკოლის გარეშე დარჩენილი და სხვა, ახლომდებარე სკოლებში გადანაწილებული, რაც დისკომფორტის გარდა სწავლის ხარისხზეც აისახება, რადგან გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დროულად განხორციელდეს (დაწვრილებით, იხილეთ სტატია).
რაც შეეხება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. კერძოს, აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია 555 არსებულ ბაღს ჩაუტარდება. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტები დროში გაწელილად მიმდინარეობს (სკოლების შემთხვევაში), რის გამოც დისკომფორტი უსკოლოდ დარჩენილ 21 000 ბავშვს ექმნება, ამის გათვალისწინებით, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
საბავშვო ბაღების მშენებლობა/ რეაბილიტაციის პროექტი საწყის ეტაპზეა. აქედან გამომდინარე, პროექტის მიმდინარეობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მკითხველს მოგვიანებით მივაწვდით.