ირაკლი ქადაგიშვილი: ყველგან, სადაც მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს ელექტროენერგია მიყვანილია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
უშუქოდ დარჩენილი სოფლების უმეტესობას, დღეის მონაცემებით, ელექტროენერგია მიეწოდება. თუმცა, დარჩენილია რამდენიმე ერთ-ან რამდენიმე კომლიანი სოფლები, სადაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ არის და ხალხი ელემენტარული პირობების გარეშე არის დარჩენილი. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოეული მოქალაქისთვის საცხოვრებლად აუცილებელი პირობების შექმნა და სერვისების მიწოდება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხევსურეთი საზღვრისპირა მხარეა, სადაც თითოეული ადამიანის ყოფნას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ უშუქო სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოა განხორციელებული და დინამიკაც ჩანს, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა უშუქო სოფლებთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხა განაცხადა: „საქართველოში, ამ წლების განმავლობაში, ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს, ყველგან ელექტროენერგია მიყვანილია.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის რეგიონული სტატისტიკის მიხედვით (ინფრასტრუქტურა), ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 100%-ს შეადგენს. ეს მონაცემი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა. მანამდე, 2011 წელს 99.9% იყო.
ამ მონაცემის მიუხედავად, 2013 წლისთვის საქართველოში 140 სოფელი იყო რეგისტრირებული, რომელიც ელექტროენერგიით არ მარაგდებოდა.
უშუქო სოფლების პრობლემის გადასაჭრელად, ენერგეტიკის სამინისტრო 2013-2016 წლებში პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს“ ახორციელებდა, რომლის ფარგლებში 30 სოფლის ელექტროფიკაცია მოხდა. 2019 წელს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ „საქართველოში ელექტროენერგიის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, ამას ჩვენ სრულადა აღმოვფხვრით ...სამინისტრო შეიძენს და დაამონტაჟებს მზის პანელებს იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს. სადაც შესაძლებელია, მიკრო და მცირე ჰესების რეაბილიტაცია/მშენებლობა განხორციელდება“.
2019 წელს ხევსურეთის რამდენიმე სოფელში მიკროჰესები მართლაც აშენდა : 2019 წლის დეკემბერში დასრულდა 200 კვტ დადგმული სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტროსადგურ „ბიტეხი1“-ის მშენებლობა შატილში, რომელიც ელექტროენერგიას შატილის მოსახლეობას უკვე 2020 წლის იანვრიდან აწვდის; ახალი, 200 კვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი აშენდა არხოტის ხეობის სოფელ ახიელში; ასევე სოფელ არდოტში 150 კვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელიც ელექტროენერგიით არდოტის, ბახაოს და ანდაქის მოსახლეობას უზრუნველყოფს. მანამდე, 2015 წელს მცირე სიმძლავრის ჰესი -150 კვტ დადგმული სიმძლავრის, მუცოში უკვე აშენებული იყო.
გარდა მიკროჰესებისა, უშუქო სოფლების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მზის პანელების დამონტაჟებაა. საქართველოში არის სოფლები, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ელექტროენერგიის მიყვანა ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში, მზის პანელების მონტაჟი ყველაზე კარგი გამოსავალია. თანაც ქსელის შეყვანა იმ სოფლებში, სადაც ცოტა ოჯახი ცხოვრობს, გაცილებით ძვირი ჯდება, მზის პანელების საშუალებით კი ხარჯის შემცირება არის შესაძლებელი.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მზის პანელები მაღალმთიანი დასახლებების 87 სოფლის 207 ოჯახს დაუფინანსდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანელები მხოლოდ იმ სოფლებისთვის იყო გათვალისწინებული, სადაც მუდმივი მაცხოვრებლები არიან. მზის პანელების სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.
პროექტის განხორციელებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევდა. დახმარების ფარგლებში მოხდა საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელმაც ადგილზე უზრუნველყო პანელების დამონტაჟების ზედამხედველობა, ოჯახების ინფორმირება პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ.
როგორც აღვნიშნეთ, პროგრამის ფარგლებში პანელები იმ სოფლებში დამონტაჟდა, სადაც მოსახლეობა მუდმივად არის. ამჟამად ხევსურეთში რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადაც თითი-თითო კომლი ცხოვრობს და მათ ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებათ და ამის გამო ძალიან მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ხევსურეთში რამდენიმე სოფელს დენი დღემდე არ აქვს. კერძოდ, ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი სოფელი ხახმატი, არჭილო, ჩირდილი, ღული.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვა, რომ უშუქოდ დარჩენილი სოფლების უმეტესობას, დღეის მონაცემებით, ელექტროენერგია მიეწოდება. თუმცა, დარჩენილია რამდენიმე ერთ-ან რამდენიმე კომლიანი სოფლები, სადაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ არის და ხალხი ელემენტარული პირობების გარეშე არის დარჩენილი. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, თითოეული მოქალაქისთვის საცხოვრებლად აუცილებელი პირობების შექმნა და სერვისების მიწოდება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხევსურეთი საზღვრისპირა მხარეა, სადაც თითოეული ადამიანის ყოფნას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ უშუქო სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოა განხორციელებული და დინამიკაც ჩანს, განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.