ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის შემდეგ, [საქართველოს] მოქალაქეთა დეპოზიტების მოცულობა გაათმაგებულია, ხალხი მდიდრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: ხელისუფლების ცვლილებამდე, 2012 წლის სექტემბერში, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობა - როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, ერთად 8 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ის 49 მილიარდამდეა გაზრდილი. შესაბამისად, 11 წელიწადში დეპოზიტების ნომინალური მოცულობა არა 10-ჯერ, არამედ 6-ჯერ გაიზარდა. ფიზიკური პირების დეპოზიტები კი 3.4-დან 24.9 მლრდ ლარამდე - 7.2-ჯერ.
დეპოზიტების მოცულობის ზრდაზე დამატებით მინიმუმ ორმა ფაქტორმაც იქონია გავლენა, რაც საქართველოს მოქალაქეების გამდიდრებასთან კავშირში არ არის - გაცვლითი კურსის ცვლილებამ, რამაც ლარში გადაყვანით უცხოური ვალუტის დანაზოგი მხოლოდ ტექნიკურად გაზარდა (1$-ის ოდენობის დანაზოგი 2012 წელს პირობითად 1.65 ლარს უტოლდებოდა, დღეის მდგომარეობით იგივე 1$-ის ოდენობის დანაზოგი 2.65 ლარამდეა[1]) და 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში გადმოტანილმა დეპოზიტებმა.
შესაბამისად, ერთი მხრივ პრემიერმა არასწორად დაასახელა რიცხობრივი მაჩვენებლები, რითაც ზრდის ტემპი გადაჭარბებით წარმოაჩინა (10-ჯერ ზრდა, ნაცვლად რეალური 6.1-7.2-ჯერ ზრდისა), მეორე მხრივ - მთლიანი დეპოზიტები მოქალაქეთა დანაზოგად წარმოაჩინა და მათ გამდიდრებას დაუკავშირა, მაშინ როცა მთლიანი დეპოზიტები გარდა საქართველოს მოქალაქეებისა მოიცავს უცხოელების, იურიდიული პირებისა და თავად მთავრობის დეპოზიტებსაც. ამავდროულად, მას არ გაუმახვილებია ყურადღება გარემოებაზე, რომ დეპოზიტების ზრდა სიახლეს ან განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს და ის ზრდადი იყო წინა პერიოდებშიც (ცალკეულ შემთხვევებში, უფრო მაღალი ტემპითაც), ისევე როგორც ყურადღების მიღმა დატოვა გარემოება, რომ დეპოზიტების ზრდაში არსებითი გავლენა უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდგომ პერიოდში რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტების ნახტომისებურმა ზრდამ შეიტანა, რასაც საქართველოს მოქალაქეთა გამდიდრებასთან საერთო არაფერი აქვს.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად მცდარი.
ანალიზი
11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ თემებზე საუბრისას დეპოზიტების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა (12:16-დან): „2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო თუ სწორად მახსოვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ამდენივე ლარში, ახლა არის 23 მილიარდი დოლარი და ამდენივე არის ლარში. გაათმაგებულია ჩვენს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ანუ ხალხი მდიდრდება, ქვეყანა ვითარდება“.
რა თქვა პრემიერ მინისტრმა?!
განცხადების ანალიზისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, განიმარტოს, სავარაუდოდ, რა იგულისხმა პრემიერმა, რადგან გამოყენებული ტერმინოლოგიიდან და ერთეულებიდან გამომდინარე მისი ტექსტი აღქმადი არ არის, ბუკვალური გაგების შემთხვევაში კი დასახელებული მონაცემები აბსურდულია. პრემიერის განცხადებიდან ცხადია მხოლოდ ის რომ, ის საქართველოს მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტებს 11 წლის მანძილზე 10-ჯერ გაზრდილად აცხადებს და აღნიშნულს მოქალაქეთა გამდიდრებით ხსნის. „ფაქტ-მეტრმა“ სცადა, გაერკვია, თუ რა თქვა პრემიერმა.
მტკიცება N1 – ახლა [2023 წელი] მოქალაქეთა დეპოზიტების მოცულობა არის 23 მლრდ დოლარი და ამდენივე ლარი. ტექსტის ბუკვალურად გაგების შემთხვევაში გამოდის რომ პრემიერის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტების ჯამური მოცულობა 120 მლრდ ლარამდეა (2*23,000,000,000*2.6292[2]), რაც არათუ მოქალაქეთა, არამედ ქვეყანაში არსებული საბანკო დეპოზიტების ჯამურ მოცულობასაც კი (რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირები, მთავრობა), რაც 48.9 მლრდ ლარს შეადგენს, 2.5-ჯერ აღემატება. ვინაიდან, ნაკლებად მოსალოდნელია, პრემიერი მსგავსი მასშტაბის შეცდომას უშვებდეს, სავარაუდოა, რომ ის გულისხმობს უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ლარში გამოსახული მნიშვნელობისა (23 მლრდ ლარი) და ლარში განთავსებული დეპოზიტების („ამდენივე“, ანუ 23 მლრდ ლარი) ჯამურ მოცულობას, რაც მისი სიტყვების მისთვისვე სასარგებლოდ ინტერპრეტირებით 46 მლრდ ლარი გამოდის და დეპოზიტების ჯამურ მოცულობასთან (48.9 მლრდ ლარი) ახლოსაა.
მტკიცება N2 – [2012 წელთან შედარებით] გაათმაგებულია დეპოზიტების რაოდენობა, ხალხი მდიდრდება.
აღნიშნული მტკიცებიდან (პირველი მტკიცების პრემიერის სასარგებლოდ ინტერპრეტირების შემთხვევაში) გამომდინარეობს, რომ 2012 წელს დეპოზიტების ჯამური მოცულობა 46 მლრდ-ზე 10-ჯერ ნაკლები, შესაბამისად - 4.6 მლრდ ლარი იყო და აღნიშნული ცვლილება ხალხის გამდიდრებითაა გამოწვეული.
მტკიცება N3 – 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო 2 მლრდ დოლარზე მეტი და ამდენივე ლარი.
სინამდვილეში, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით (არჩევნებამდე ბოლო თვე) დეპოზიტების ჯამური (მ.შ უცხოელების, ბიზნესისა და მთავრობის) მოცულობა 8 მლრდ ლარს შეადგენდა და პრემიერის სიტყვები არცერთი ინტერპრეტაციით არ არის ახლოს აღნიშნულ მაჩვენებელთან. მეტ-ნაკლებად უახლოვდება ბუკვალური გაგებისას მიღებული მაჩვენებელი (2*2,000,000,000*1.6567[3]), რომელიც 6.6 მლრდ ლარი გამოდის. თუმცა ერთი განცხადების ფარგლებში ერთი და იგივე ტერმინოლოგიის განსხვავებული ინტერპრეტაციით გამოყენება პრემიერის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ ის 2012 წლის მდგომარეობით დეპოზიტების ჯამურ მოცულობას 4 მლრდ-ზე მეტად მიიჩნევს, რაც ერთიანობაში პირველ და მეორე მტკიცებებთან ლოგიკურ ჯაჭვს კრავს.
შესაბამისად, ზუსტად იმის დადგენა თუ რა მონაცემებზე საუბრობს პრემიერი, პროფესიული ანალიზის პირობებშიც კი შეუძლებელია. რიგითი მოქალაქისათვის კი მხოლოდ ის არის გასაგები, რომ პრემიერის პოზიციით საქართველოს მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი, დღეის მდგომარეობით 46 მლრდ ლარამდეა [სავარაუდოდ] და აღნიშნული მოქალაქეთა გამდიდრებით არის განპირობებული.
შეესაბამება, თუ - არა რეალობას პრემიერის განცხადება?!
ეროვნული ბანკის საიტზე დეპოზიტების შესახებ სტატისტიკა 1996 წლიდან იძებნება. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, მრუდი ყოველთვის აღმავალია. შესაბამისად, საბანკო დეპოზიტები მთელ პერიოდზე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
1996 წლის იანვარში დეპოზიტების საერთო მოცულობა 33 მლნ ლარს შეადგენდა - ამჟამინდელზე 1500-ჯერ ნაკლებს. ეკონომიკა ამ მასშტაბით არ გაზრდილა, მაგრამ გაიზარდა ნდობა საბანკო სექტორის მიმართ, მეორე მხრივ, მოქალაქეთა უფრო დიდ ნაწილს გაუჩნდა დაზოგვის შესაძლებლობა და მათი შემოსავალი მხოლოდ მიმდინარე ხარჯებისათვის საკმარის ნიშნულს გასცდა. ვარდების რევოლუციამდე, დეპოზიტების მოცულობა 774 მლნ ლარამდე იყო გაზრდილი, 2012 წლის სექტემბერში კი 8 მლრდ ლარამდე. 2008-2009 წლებში ომის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ზრდა 16 თვით 2009 წლის დეკემბრამდე შეჩერდა, თუმცა სისტემას კოლაფსი არ განუცდია.
საბანკო აქტივებისა და მათ შორის დეპოზიტების მოცულობის ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში, ლარში განთავსებული დეპოზიტები 8.2-ჯერ - 2.9 მლრდ-დან 23.9 მლრდ ლარამდე, გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 5-ჯერ - 5 მლრდ-დან 25 მლრდ ლარამდე, დეპოზიტები ჯამურად 6.1-ჯერ - 8 მლრდ-დან 48.9 მლრდ ლარამდე.
გრაფიკი 1: საბანკო დეპოზიტები ჯამში, მლნ. ლარი (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჯამური მაჩვენებელი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ, ჯამური დეპოზიტები არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დეპოზიტები და ის მოიცავს როგორც რეზიდენტი ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირების (შინამეურნეობები) და იურიდიული პირებისა (ბიზნესი) და მთავრობის დეპოზიტებს. პრემიერი საქართველოს მოქალაქეთა დეპოზიტებზე საუბრობდა. შესაბამისად, მისი განცხადების რეალურობის შეფასებისათვის მიზანშეწონილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირთა საბანკო დეპოზიტების ცვლილების ტენდენციის შეფასება. თუმცა ეროვნული ბანკი მოქალაქეობის მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ მონაცემებს საჯაროდ ხელმისაწვდომი სახით არ აქვეყნებს, რეზიდენტობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები კი 2015 წლიდანა რის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებიდან, პრემიერის მიერ დასახელებულ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არის ფიზიკურ პირთა დეპოზიტები[4].
თუ მთლიანი დეპოზიტებიდან ფიზიკურ პირებს ცალკე გამოვყოფთ, დაახლოებით ანალოგიურ ზრდას მივიღებთ, თუმცა ბუნებრივია, აბსოლუტური მოცულობა გაცილებით ნაკლებია. კერძოდ, 2012 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ივლისამდე, ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 7.2-ჯერ - 3.4-დან 24.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და არა 10-ჯერ, როგორც ამას პრემიერი აცხადებს.
გრაფიკი 2: ფიზიკურ პირების დეპოზიტები (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამავდროულად, მხოლოდ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე ფიზიკური პირების დეპოზიტები 18.3%-ით - ნომინალურად 3.7 მლრდ ლარითაა გაზრდილი, თუმცა ამ 3.7 მლრდ-დან 1.6 მლრდ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე მოდის. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დეპოზიტების მოცულობის ზრდაზე დამატებითი გავლენა უცხო ქვეყნის - უმეტეს შემთხვევაში რუსეთის, მოქალაქეების მიერ განთავსებულმა დეპოზიტების მოცულობის ზრდამ იქონია. თუ 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 567 მლნ ლარს ინახავდნენ, 2022 წლის დეკემბერში ეს 2.420 მლრდ-მდე გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეების წილი დეპოზიტებში 1.5%-ს შეადგენდა, 2022 წლის დეკემბერში 5.3%-ს.
ომამდე, მთლიანად არარეზიდენტი პირები ქართულ ბანკებში 5.3 მლრდ ლარის ეკვივალენტ თანხას ინახავდნენ, რომელიც 2023 წლის ივლისში 8.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ომის შემდგომ პერიოდში რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტების ზრდის ტემპმა იმდენად მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომ მაისში ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებს რუსეთის მოქალაქეებისთვის დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნა 30%-40%-დან 80%-მდე გაუზარდა. გადაწყვეტილების მიზეზად დეპოზიტების გადინების რისკი დასახელდა. არარეზიდენტი პირების დეპოზიტები ომამდეც იზრდებოდა, მაგრამ გაცილებით დაბალი ტემპით. პანდემიამდეც - 4 წელიწადში, არარეზიდენტი პირების დეპოზიტები სულ 46%-ით გაიზარდა, ომის დაწყების შემდეგ, 1.5 წელიწადზე ნაკლებ დროში კი - 58%-ით. იმავე პერიოდში, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე შინამეურნეობების მიერ განთავსებული დეპოზიტები კი მხოლოდ - 12%-ით.
გრაფიკი 3: დეპოზიტები განმთავსებლის მიხედვით (მლრდ. ლარი)[5]
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები თითქმის თანაბარია. ამავდროულად, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, მთავრობას დეპოზიტებზე 4.5 მლრდ ლარი ჰქონდა განთავსებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 1.5 წლის წინანდელს თითქმის ორჯერ აღემატება.
დასკვნა
პრემიერმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებული ჯამური საბანკო დეპოზიტები საქართველოს მოქალაქეების დეპოზიტებად წარმოაჩინა. ამავდროულად, დეპოზიტების საერთო ჯამური მოცულობა (მიმდინარე) სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად სწორად დაასახელა, თუმცა შეცდა 2012 წლის მონაცემების დასახელებისას, ხელისუფლების ცვლილებამდე ბანკებში დეპოზიტების სახით არა ოთხი (ოთხზე მეტი), არამედ 8 მლრდ ლარი იყო განთავსებული. შესაბამისად, ბოლო 11 წელიწადში მისი მოცულობა 6-ჯერ გაიზარდა და არა 10-ჯერ.
მანიპულაციურია მთლიანი ზრდის მოქალაქეთა გამდიდრებით ახსნის ნაწილიც. ბუნებრივია, 11-წლიან პერიოდში მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდებოდა, თუმცა დეპოზიტების მოცულობა იზრდებოდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის პერიოდშიც კი. შესაბამისად, აღნიშნულ ზრდაში განსაკუთრებული სიახლე არ არის. გარდა ამისა, პრემიერმა დეპოზიტების მოცულობის ზრდა სრულად „მოქალაქეების გამდიდრებას“ დაუკავშირა და მათი დეპოზიტები 10-ჯერ გაზრდილად წარმოაჩინა. რეალურად, 2012 წლიდან ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა არა 10-ჯერ არამედ 7.2-ჯერ არის გაზრდილი. ამავდროულად, დეპოზიტების ზრდაზე ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ფიზიკური პირების, ძირითადად რუსეთის მოქალაქეების, დეპოზიტებმა იქონია გავლენა. 2012 წლის დროინდელი მონაცემები რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს შორის ჩაშლილი სახით ეროვნული ბანკის გვერდზე არ მოიძებნება (მსგავსი სტატისტიკა 2015 წლის ნოემბრიდანაა ხელმისაწვდომი). თუმცა ბოლო 1.5 წელიწადში არარეზიდენტების დეპოზიტების მოცულობა 58%-ით გაიზარდა, მთავრობის - 96%-ით, იურიდიული პირების (გარდა მთავრობისა) - 22%-ით, ხოლო რეზიდენტი შინამეურნეობების (რაც ყველაზე ახლოს დგას საქართველოს მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობასთან), რაზედაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუთითებდა, მხოლოდ - 12%-ით.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეფასდა როგორც მეტწილად მცდარი.
[1] კურსის გავლენის სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს დეპოზიტების ნაკადები და არა მხოლოდ ნაშთი, თუმცა საკურსო ეფექტის ზუსტი შეფასება სცდება მოცემული სტატიის ფარგლებს. მოყვანილი მაგალითი კი ემსახურება საკურსო ეფექტის მნიშვნელობის განმარტებას და არ წარმოადგენს მტკიცებას საკურსო ეფექტის მასშტაბის შესახებ.
[2] გაცვლითი კურსი 2023 წლის აგვისტოს ბოლოს.
[3] გაცვლითი კურსი 2012 წლის სექტემბრის ბოლოს.
[4] მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტებსაც, თუმცა არ მოიცავს მთავრობისა და იურიდიული პირების დეპოზიტებს.
[5] შესაძლო მცირედი განსხვავება ცალკეულ სიდიდეებს შორის დასაშვებია გამოწვეული იყოს განსხვავებული ტიპის წყაროების გამოყენებით (დამუშავებად ფორმატში ხელმისაწვდომი ცხრილები და ინტერაქტიული სტატისტიკის პორტალი)