ლევან ხაბეიშვილი: 300 000-მდე ადამიანს 800 ლარამდე აქვს ანაზღაურება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2023 წლის ივლისში 800 ლარამდე დასაბეგრი ხელფასი 238 ათას პირს გააჩნდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ, შეადგენდა 800 ლარს ან უფრო ნაკლებს, 310 ათასს უთანაბრდებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც სავარაუდოდ, ხელზე ასაღებ თანხას გულისხმობდა.
ტექნიკურად სწორად დასახელებული რიცხვის მიუხედავად, მხოლოდ მშრალ სტატისტიკაზე დაყრდნობით 100 ლარამდე, ანუ დაბეგვრის შემდეგ 80 ლარამდე ხელფასი 13 ათას დასაქმებულს უფიქსირდება, რაც არარეალურია და სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანის შრომის ანაზღაურებას არ ასახავს.
ანალიზი: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა 4 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონზე საუბრისას ხელფასების ოდენობაზეც გააკეთა კომენტარი: „თუ ჩაიხედავთ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტში, ნახავთ რომ 800 ლარამდე ანაზღაურება აქვს 300 ათასზე მეტ მოქალაქეს“.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო დასაბეგრი ხელფასი 1717 ლარს შეადგენდა, საიდანაც დასაქმებულს საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 1346 ლარი რჩებოდა.
საშუალო ხელფასი შრომის ბაზარზე არსებულ ანაზღაურების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა, მაგრამ შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ რამდენს იღებს.
სამუშაოს სახეობის, დაკავებული პოზიციისა თუ დასაქმებულის კვალიფიკაციის მიხედვით ხელფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საფინანსო სფეროში დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ანაზღაურება 3761 ლარს შეადგენს, ინფორმაციასა და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულების _ 3630 ლარს, მაშინ, როცა განათლების მიმართულებით საშუალო ხელფასი მხოლოდ 1009 ლარია.
2021 წელს საშუალო დარიცხული ხელფასი 1305 ლარს (ხელზე ასაღებ 1023 ლარს) შეადგენდა, მედიანური ხელფასი კი 31%-ით ნაკლებს ანუ 900 ლარს (ხელზე ასაღებ 705 ლარს). მას შემდეგ საქსტატს მედიანური ხელფასის შესახებ ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია.
ხელფასების შესახებ კიდევ უფრო დაკონკრეტებული მონაცემების ნახვა, რამდენ დასაქმებულს აქვს ხელფასი 500 ლარამდე, 500-დან 1000 ლარამდე ან 10 000 ლარზე მეტი, შემოსავლების სამსახურის საიტზეა შესაძლებელი. 2023 წლის ივლისში 945 ათასი დასაქმებულიდან თითქმის მესამედი - 305 ათასი ადამიანი 1200-დან 2400 ლარამდე დასაბეგრ ხელფასს იღებდა, 1000 ლარამდე ხელფასი 310 ათასს პირს ჰქონდა, მათ შორის 800 ლარამდე 238 ათასს. 15 000 ლარზე მეტი კი 7700-ს. თუ გადასახადებს ხელფასებში არ გავითვალისწინებთ, მაშინ ოფიციალური სტატისტიკით 800 ლარამდე ხელზე ასაღები ხელფასი 310 ათას ადამიანს ექნება.
როგორც საშუალო, ასევე მედიანური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურებას გულისხმობს. ანაზღაურების მოცულობისგან განსხვავებით, ვინ რამდენ საათს მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაცია არც შემოსავლების სამსახურის გვერდზე იძებნება. პრაქტიკაში ბევრი ადამიანი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ან ფრილანსერია (თავისუფალ გრაფიკზე მომუშავე) და ანაზღაურებას კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოში იღებს. გარკვეული საჭიროებისთვის, მაგალითად ონკანის გამოცვლისთვის კომპანიამ არასაშტატო თანამშრომელი შეიძლება მხოლოდ 1 საათით დაიქირაოს და პირობითად 50 ლარი გადაუხადოს. ბუნებრივია, იმის მტკიცება, რომ ხელოსნის ხელფასი 50 ლარია, არასწორი იქნება, რადგან მან სტანდარტული 173 საათის ნაცვლად (40-საათიანი სამუშაო კვირა თვეში 173 საათია) მხოლოდ 1 საათი იმუშავა.
განათლებაში ისედაც დაბალ ხელფასს ემატება ისიც, რომ მასწავლებელთა ნაწილი არასრულ განაკვეთზე მუშაობს. ზოგი მასწავლებელი კვირაში 18-ის ნაცვლად 5 ან 7 გაკვეთილს ატარებს, რაც თვის ბოლოს მის ხელფასზეც აისახება.
გრაფიკი 1: დასაბეგრი ხელფასი და მიმღებთა რაოდენობა
წყარო: შემოსავლების სამსახური
დაბალი ხელფასების პარალელურად, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რასაც არაფორმალური დასაქმება ჰქვია. რეპეტიტორების, ტაქსის მძღოლების, ხელოსნების და ა.შ., ნაწილის შემოსავალი არარეგისტრირებულია და მის მოცულობაზე მხოლოდ მიახლოებითი გამოთვლების საფუძველზე შეიძლება საუბარი. ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც არაფორმალური დასაქმებაც, როგორც მშპ-ს, აგრეთვე მოქალაქეთა შემოსავლების ზუსტ გამოთვლას საკმაოდ ართულებს.
კითხვაზე რამდენ ადამიანს აქვს 800 ლარამდე ანაზღაურება, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ. ფორმალურად, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ასეთი 238 ათასია, მაგრამ თუ საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღებ ხელფასს ავიღებთ საზომად, მათი რიცხვი 310 ათასამდე იზრდება. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელფასად სწორედ იმ თანხას მიიჩნევს, რაც საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ რჩება. ლევან ხაბეიშვილმა წყაროდ შემოსავლების სამსახური დაასახელა. დეპუტატი სავარაუდოდ სწორედ ხელზე ასაღებ ხელფასს გულისხმობდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაც მის განცხადებას უკვე არაზუსტს ხდის. ასევე ლევან ხაბეიშვილმა ოფიციალურად 100 და 200 ლარიან ხელფასზე მომუშავეთა რაოდენობაც სტატუსით სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს გაუთანაბრა, რაც არასწორი ინტერპრეტაციის გაკეთების საშუალებას იძლევა. ფორმალურად მეტ-ნაკლებად სწორი და გარკვეული აუცილებელი დეტალის არდასახელების გათვალისწინებით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეფასდა როგორც მეტწილად სიმართლე.