სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ციტატები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ყალბ ციტატას ავრცელებს. პოსტის ავტორის მიხედვით, ჯოზეფ ბორელი რუსეთს რუსულ მარცვლეულზე ფასების დაწევას სთხოვს: „ტრანსპორტის ხარჯების ზრდის გამო, უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება წააგოს აუქციონზე რუსულ მარცვლეულთან შედარებით. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი კონკურენცია, ამიტომ მოსკოვს ვთხოვთ ფასების შემცირებას მიწოდებულ პროდუქტებზე. ეს იქნება სამართლიანი ბაზრის ყველა მონაწილისთვის“. რეალურად, ჯოზეფ ბორელს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.
პირველ რიგში, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მსგავსი გამოგონილი ციტატა მხოლოდ ტელეგრამის მომხმარებლის, „а вот мой яндекс кошелек“, გვერდზე გვხვდება.
აღნიშნული გვერდის აღწერაში მითითებულია - „პაროდია, სატირა პოლიტიკურ რეალობაზე. მხოლოდ დამოწმებული ყალბი ამბები“. ამდენად, ტელეგრამ არხის აღწერიდანაც დასტურდება, რომ ჯოზეფ ბორელის ციტატა გამოგონილია.
დამატებით „ფაქტ-მეტრმა“ უკრაინული და რუსული მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის რეალური განცხადებები გადაამოწმა, საიდანაც დასტურდება, რომ ჯოზეფ ბორელს რუსეთისთვის მარცვლეულის ფასების დაწევა არც ერთ განცხადებაში არ უთხოვია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მარცვლეულის ფასზე 2023 წლის 20 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც რუსეთი სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისში დაადანაშაულა:
“დღეს ჩვენ განვიხილავთ - როგორც ყოველთვის - [რუსეთის აგრესიას] უკრაინის წინააღმდეგ. გვეყოლება [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო] კულება. მაგრამ ამ მომენტში და უკვე მესამე ღამეა, რუსეთი ბომბავს და ანადგურებს ოდესის [და სხვა სანაპირო ქალაქების] მთელ საპორტო ინფრასტრუქტურას და მარცვლეულის საწყობებს - დამწვარია 60,000 ტონაზე მეტი მარცვლეული. ასე რომ ისინი არა მარტო გამოდიან მარცვლეულის შეთანხმებიდან, რათა [შეაჩერონ] მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან, არამედ წვავენ მარცვლეულსაც. ოდესის პორტზე და ინფრასტრუქტურაზე მასიური საჰაერო თავდასხმების მესამე ღამეა, რაც იწვევს, არა მხოლოდ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, არამედ, იქ, მარცვლეულის საწყობის, დიდ განადგურებას. ეს არის ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საბჭო გაითვალისწინებს. [მინისტრთან] კულებასთან მოლაპარაკებების დროს, ჩვენ გვექნება მეტი ინფორმაცია, მაგრამ ვიცით, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს. თუ ეს მარცვლეული არა მხოლოდ შეჩერდება, არამედ [ასევე] განადგურდება, ეს ნიშნავს რომ მსოფლიოში საკვების, მარცვლეულის დეფიციტი გაჩნდება. ასე რომ, ჩვენ მოვუსმენთ [მინისტრს] კულებას, განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში - გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებით და გარანტიებით უკრაინის წინაშე, რაც ევროპის სამშვიდობო ფონდის რესურსების ზრდას გულისხმობს.’’
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდგომაც, ბორელმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დარღვევის გამო და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის უკანონო ბლოკადაში დაადანაშაულა:
“რუსეთი უკანონოდ ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. ის ანადგურებს უკრაინის მინდვრებს და ძარცვავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.” - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრას უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა მოჰყვა. ბლოკადის შედეგად 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი ვეღარ ხერხდებოდა, რამაც სურსათის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია. აღნიშნულმა საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებს, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობით იმპორტს უკრაინიდან ახორციელებდნენ.
2022 წლის ივლისში, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, სატვირთო გემებს შეეძლოთ შავი ზღვის დერეფნის გასწვრივ 310 საზღვაო მილის სიგრძით (575-მდე კილომეტრი) და სამი საზღვაო მილის (6-მდე კილომეტრი) სიგანით ცურვა. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეული გაიგზავნა და მსოფლიო ფასები სურსათზე დაახლოებით 20%-ით შემცირდა.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 2023 წლის 17 ივლისს გაუვიდა, მის გახანგრძლივებაზე უარი რუსეთმა განაცხადა. 17 ივლისის შემდეგ, მოსკოვმა საჰაერო შეტევები განახორციელა უკრაინულ პორტებზე, რა დროსაც დაახლოებით 60 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში უკრაინისკენ მიმავალ ნებისმიერ გადამზიდ გემს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ აღიქვამდა.
გაეროს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, უკრაინიდან ექსპორტირებული სურსათის 57% განვითარებად ქვეყნებში, ხოლო 43% განვითარებულ ქვეყნებში მიდიოდა. უკრაინის პორტებიდან 725, 000 ტონაზე მეტი ხორბალი გავიდა ეთიოპიაში, იემენში, ავღანეთში, სუდანში, სომალიში, კენიასა და ჯიბუტიში.
ამრიგად, Facebook-ის მომხმარებლის მტკიცება, რომ თითქოს ევროკავშირი და მისი უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსეთს მარცვლეულის ფასების დაწევას სთხოვს, ყალბია.
…………………………………………………………………………………………….
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს-შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.