23 აგვისტოს ტელეკომპანია POSTV-ის საღამოს ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელიც შემდგომ Facebook-გვერდზე „POSTV - ახალი ამბები“ გამოქვეყნდა. სიუჟეტის მიხედვით, ქობულეთში მდებარე „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთში“, რომლის მფლობელი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, დამსვენებლები „ოთახის დაჯავშნას და შემდგომ თანხის გადახდას რუსულ რუბლებში შეძლებენ“. სიუჟეტში მტკიცებად მოყვანილი არის თავად სასტუმროს ვებგვერდი - „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭყონია რუსულ რუბლებს იღებს, სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული...“,- აღნიშნულია სიუჟეტში. რეალურად, „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ ვებგვერდზე ოთახის ღირებულების ნახვა ბევრ სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის, რუსულ რუბლში მართლაც არის შესაძლებელი, თუმცა ვებგვერდზე გადახდისას საბოლოოდ ანგარიშსწორება მხოლოდ ლარში ხდება.
სიუჟეტის მტკიცებით, იმის გამო, რომ სასტუმროს ვებგვერდზე შესაძლებელია ოთახის ღირებულების ნახვა 32 სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის - რუსულ რუბლში, ეს იმას ნიშნავს, რომ სასტუმროში ამ ვალუტებით ანგარიშსწორებაც ხდება.
სინამდვილეში, „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ ვებგვერდზე ოთახის ონლაინ დაჯავშნისას, მითითებულია, რომ ლარისგან განსხვავებული ვალუტის არჩევის მიუხედავად, მომსახურების საფასურის დარიცხვა ქართულ ლარში მოხდება: „ყურადღება! თქვენ დაგერიცხათ გადასახდელი თანხა ვალუტაში (ქართული ლარი)... რეალური თანხა, რომელიც ჩამოგეჭრებათ დამოკიდებულია იმ ბანკის კონვერტაციის კურსზე, რომელმაც გასცა თქვენი ბარათი“,- ვკითხულობთ ვებგვერდზე.
სხვა სიტყვებით, მომსახურების საფასურის გადახდა მხოლოდ ლარში ხორციელდება და მომხმარებელი სხვა ვალუტის არჩევისას უბრალოდ აღნიშნულ ფასს მის მიერ არჩეულ ვალუტაში კონვერტირებულად, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად ხედავს. უშუალოდ გადახდის განხორციელებისას კი ტექნიკურად მას მოთხოვნა ქართულ ლარში წარედგინება, მისი მომსახურე ბანკი მომხმარებლის ანგარიშზე არსებული ვალუტის (ევრო, დოლარი, რუპია, რუბლი და სხვ) კონვერტაციას ლარში მოახდენს და სასტუმროს მომსახურების საფასურს ლარში გადაურიცხავს და არა უცხოურ ვალუტაში[1].
შესაბამისად, ვებგვერდზე სხვადასხვა ვალუტაში წარმოდგენილი ფასი მხოლოდ საორიენტაციო/საინფორმაციო ხასიათს ატარებს და სასტუმრო მომსახურების ანაზღაურებას მხოლოდ ლარში იღებს.
POSTV-ის სიუჟეტში ასევე ნათქვამია: „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭყონია რუსულ რუბლებს იღებს, სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, რაც ჩვენს გადამღებ ჯგუფს ადგილზეც დაუდასტურეს“. თუმცა, რეალურად, სიუჟეტში სასტუმროს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ფიგურირებს, რომელიც ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს და კითხვებს ვერ უპასუხებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ სასტუმროს დაუკავშირდა. სასტუმროს ფინანსური სამსახურის თანამშრომლის, ვახტანგ ცხოვრებაშვილის თქმით, მათ არასდროს არც ერთი რუსული რუბლი არ მიუღიათ და ოთახების საფასურის გადახდა ადგილზე მხოლოდ ლარში ხდება. ამავდროულად, სასტუმროს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში მხოლოდ ევროსა და დოლარში აქვს, რაც რუსული რუბლით ანგარიშსწორების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ცნობისთვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის, მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა“. მოცემული წესის დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
ამდენად, იურიდიულ პირს ნაღდი ანგარიშსწორებისას უცხოური ვალუტის მიღება ეკრძალება. ელექტრონული გადახდისას გადამხდელმა შესაძლოა, უცხოური ვალუტა გამოიყენოს, თუმცა მიმღებმა იურიდიულმა პირმა თანხა გადამხდელს ლარში უნდა ჩამოაჭრას, ანუ შესაბამისი კურსით ლარში კონვერტირებული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმღები დამრღვევად ჩაითვლება. საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში, ინფორმაცია „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ მხრიდან მსგავსი დარღვევის შესახებ არ იძებნება.
ამრიგად, POSTV-ის მტკიცება, თითქოს „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთში“ დამსვენებლებს თანხის გადახდა რუბლებში შეუძლიათ, მცდარია. სასტუმროს ვებგვერდზე ოთახის ღირებულების სხვადასხვა ვალუტაში ნახვა არის შესაძლებელი, მათ შორის - რუსულ რუბლში, თუმცა ეს სიუჟეტის მტკიცებას არ ადასტურებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
[1] პირობითად თუ მოქალაქეს ანგარიშზე აქვს მხოლოდ რუბლი (ან ნებისმიერი ლარისგან განსხვავებული ვალუტა) და არ აქვს ლარი, როდესაც მას გადახდის მოთხოვნა წარედგინება ლარში, მოქალაქის ნაცვლად კონვერტაციას მისი ბანკი მოახდენს და ანგარიშსწორება განხორციელდება შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა სასტუმროს ფასი აქვს თუ არა მითითებული რუბლებში. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს რომ ანგარიშსწორება რუბლებში (ან ნებისმიერ სხვა ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში) განხორციელდა. სინამდვილეში, მოქალაქეს მოემსახურა საკუთარი ბანკი და რუბლების ლარში კონვერტაცია მის ნაცვლად მოახდინა და სასტუმროს მომსახურების საფასური ლარში გადაუხადა.