სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ჰავაის ხანძრის ვიდეოს ავრცელებს. “ჰავაი. სოციალურ ქსელ ტვიტერში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ტრაგედიის მიზეზად ენერგეტიკული იარაღის გამოყენებას ასახელებენ“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი გამოწვეულია “ენერგეტიკული იარაღის“ საშუალებით. აშშ-ს ამინდის ეროვნული სამსახური (NWS) და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას ხელი მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო.

ჰავაიზე 8 აგვისტოს დაწყებულ მასშტაბურ ხანძარზე სოციალური ქსელში შეთქმულების თეორიები ვრცელდება (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ერთ-ერთი ასეთი კონსპირაციის თანახმად, ხანძარი მთავრობამ განზრახ გააჩინა.

ლაჰაინა, ისტორიული ტურისტული ქალაქი, სადაც, დაახლოებით, 12,000 ადამიანი ცხოვრობს, მაუის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი აგვისტოს დასაწყისში მოიცვა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძვინვარე ხანძარმა, რომლის შედეგადაც, 17 აგვისტოს მონაცემებით, 111 ადამიანი დაიღუპა და ათასობით უსახლკაროდ დარჩა.

ცალკეული სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ხანძარი "ენერგეტიკული იარაღითაა“ მიზანმიმართულად გამოწვეული. აღნიშნული საკითხი ფაქტების გადამმოწმებელმა სხვა ორგანიზაციებმაც გადააამოწმეს, მათ შორის, Fullfact-მა, USA Today-მ. ამ თემაზე სტატია BBC-მაც მოამზადა.

ცნობისთვის, იარაღი, რომელსაც ხანძრის გამოწვევას მიაწერენ, ლაზერისა და სხვა ელექტრომაგნიტური ენერგიის ტექნოლოგიას იყენებს, რათა სხვადასხვა სამიზნე ობიექტი გაანადგუროს. ამ იარაღის სახეობას მიმართული ენერგიის იარაღს უწოდებენ (directed energy weapon). აღნიშნული ტიპის იარაღიდან დამაზიანებელი მოქმედება ხორციელდება ვიწრო კონად კონცენტრირებული იარაღის გამოსხივებით. აღსანიშნავია, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ჯერ კიდევ იკვლევს მათ გამოყენებას. კუნძულზე აღნიშნული მიმართული ენერგიის იარაღის მიზანმიმართულად გამოყენება არ დასტურდება, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები კი ან რედაქტირებულია, ან ძველია.

მაგალითად, BBC წერს, რომ ვიდეო, რომელიც ჰავაის ხანძრის კონტექსტში გავრცელდა და თითქოს ხანძრის გაჩენამდე დიდ აფეთქებას აფიქსირებს, რეალურად მაისში TikTok-ზე გაზიარებული ვირუსული ვიდეოა, რომელშიც ჩილეში ტრანსფორმატორის აფეთქებაა ნაჩვენები.

BBC-მ ასევე გადაამოწმა X პლატფორმაზე (ადრე ცნობილი როგორც Twitter) გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „ყველაფერი დაიწვა, ხეების გარდა. მაგრამ თუ განაცხადებ, შეთქმულების თეორეტიკოსი იქნები“.

X-ის პოსტში მოცემულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, ედინბურგის უნივერსიტეტის ხანძრის გამოძიების ექსპერტმა რორი ჰადენმა BBC-ის განუცხადა, რომ ხეები ტყის ხანძრის შემდეგაც კი ინარჩუნებენ მდგომარეობას, რადგან „ხის მოცულობითი ნაჭრის დაწვას დიდი დრო სჭირდება... ხის ნაჭრები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ წვას დამოუკიდებლად" და რომ წვის პროცესს ხეების მაღალი ტენიანობაც აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები ჯერ კიდევ იძიებენ ჰავაის ტყის ხანძრის მიზეზებს, მაგრამ რამდენიმე ექსპერტმა AFP-ს, ფაქტების გადამამოწმებელ ორგანიზაციას, განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას. ჯონ ბრავენდერმა, აშშ-ს ამინდის ეროვნული სამსახურის (NWS) გაფრთხილების კოორდინაციის მეტეოროლოგმა, AFP-სთან აღნიშნა, რომ NWS-მა ხანძრამდე ამინდზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციაც გამოაქვეყნა.

ჯეფ ჰიკმანმა, ჰავაის შტატის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, USA TODAY-ს ელფოსტით შეატყობინა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ გამოუძიებელია, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება ის მტკიცება, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ენერგეტიკული იარაღია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჰავაიზე ტყის ხანძრების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამინდის ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ძლიერი ქარი, დაბალი ტენიანობა, ნალექის ნაკლებობა, ხელი შეუწყო ე.წ. „წითელი დროშის“ (როგორც მას ამინდის ეროვნული სამსახური უწოდებს) პირობების გაჩენას. აღნიშნული ფაქტორები ხანძრის გაჩენისა და გავრცელების ალბათობას ზრდის.

ამდენად, მტკიცება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი მიმართული ენერგიის იარაღითაა გამოწვეული, კონსპირაციას წარმოადგენს. როგორც ამინდის ეროვნული სამსახური (NWS), ისე დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის გაჩენას მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო ხელი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია