სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში, ჰავაის კუნძულებზე ხანძართან დაკავშირებით, ვიდეოს აზიარებს. “გუშინწინ და გუშინ ჰავაის კუნძულების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული მაუი სრულად გადაიწვა, დაიღუპა 89 ადამიანი, თითქოს სიცხისაგან გამოწვეული ხანძრის შედეგად. ბლოგერი ანალიზს უკეთებს ამ მოვლენას. ბლოგერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს უფრო აფეთქების შედეგს ჰგავს, ვიდრე ხანძრის შედეგს. ზოგი საგანი, რატომღაც, გადაურჩა ხანძარს, ზოგი მთლიანად დამწვარია. მთავრობა კი გვეუბნება, რომ ეს კლიმატის ცვლილების შედეგია. მაგრამ ისინი არ ამბობენ, რომ იანვარში ამავე კუნძულზე ჩატარდა კონფერენცია, თუ როგორ გადააქციონ ეს კუნძული ე.წ. "15-წუთიანი ქალაქების" კუნძულად“,- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი გამოწვეულია "15-წუთიანი ჭკვიანი ქალაქების" შესაქმნელად. ამინდის ეროვნული სამსახური (NWS) და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას ხელი მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო.

სოციალური მედიის მომხმარებლები ავრცელებენ შეთქმულების თეორიებს ხანძრის წარმოშობის შესახებ, რომლებიც ჰავაიზე 2023 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. კონსპირაციის თანახმად, ხანძარი მთავრობამ განზრახ გააჩინა. აღნიშნული საკითხი ფაქტების გადამმოწმებელმა სხვა ორგანიზაციებმაც გადააამოწმეს, მათ შორის, Politifact-მა, AFP-მ.

ლაჰაინა, ისტორიული ტურისტული ქალაქი, სადაც, დაახლოებით, 12,000 ადამიანი ცხოვრობს, მაუის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი აგვისტოს დასაწყისში გაანადგურა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძვინვარე ხანძარმა, რომლის შედეგადაც, 16 აგვისტოს მონაცემებით, 106 ადამიანი დაიღუპა და ათასობით უსახლკაროდ დარჩა.

ინსტაგრამგვერდზე „Cultivateelevate” 11 აგვისტოს ბლოგერი მეთ როსკის ვიდეო გამოქვეყნდა, სახელწოდებით: „ვინ გამოიწვია ხანძარი ჰავაიზე?“. ბლოგერი ცდილობს, ჰაივაიზე მომხდარი ხანძარი შეთქმულების თეორიებში ხშირად გამოყენებულ ისეთ საკითხებს დაუკავშიროს, როგორებიცაა: ჭკვიანი ქალაქები, ხელოვნური ინტელექტი და სხვ. აღნიშნული ვიდეო გავრცელდა საქართველოშიც.

ვიდეოში ბლოგერი აცხადებს: ”გუბერნატორმა თქვა, რომ ამის შემოქმედი არის კლიმატის ცვლილება. საინტერესოა, რომ ისინი არ საუბრობენ იანვარში მაუიში ჭკვიანი ქალაქების კონფერენციაზე, სადაც მაუის ჭკვიან კუნძულად გადაქცევაზე ისაუბრეს “ (.....) ”. რაც ასევე საინტერესოა, არის ის, რომ მომდევნო თვეში, სექტემბერში, ჰავაი მასპინძლობს ციფრული მთავრობის სამიტს, რომელიც ცდილობს, AI (ხელოვნური ინტელექტი) კუნძულის სამართავად გამოიყენოს“.

როგორც გადამოწმებისას გაირკვა, პირველ შემთხვევაში, ბლოგერი როსკი 2023 წლის იანვრის ჰავაის საერთაშორისო კონფერენციაზე (HICSS) საუბრობს, რომელიც სისტემურ მეცნიერებებს ეძღვნება და 1968 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონფერენციას მეცნიერები 60-ზე მეტი ქვეყნიდან დაესწრნენ, რათა საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტთან დაკავშირებით ემსჯელათ. კონფერენციის ერთ-ერთ ნაწილს „ჭკვიანი და დაკავშირებული ქალაქები და საზოგადოებები“ ერქვა. გარდა ამისა, კონფერენციის ოთხი ნაშრომი „ჭკვიან ქალაქებს“ იკვლევდა, თუმცა არც ერთი მათგანი მაუის განადგურებას არ გულისხმობდა. ტუნგ ბუიმ, კონფერენციის თავმჯდომარემ, PolitiFact-ს განუცხადა, რომ დისკუსიებში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა და უარყო მტკიცება, რომ კონფერენციამ მაუის განადგურების გეგმას საფუძველი ჩაუყარა. „ჩვენ არ გვქონია რაიმე კონკრეტული დისკუსია მაუის „ჭკვიან ქალაქად“ გადაქცევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბუიმ.

ცნობისთვის, „15-წუთიანი ქალაქი“ არის ურბანული დაგეგმარების კონცეფცია, რომელიც ქალაქების ისე დაპროექტებას გულისხმობს, რომ მაცხოვრებლების ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელი იყოს მათი სახლიდან ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებისას. „ჭკვიანი ქალაქები“ კონცეფციაა, რომელიც, სამთავრობო სერვისებისა და მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიების გამოყენებას გვთავაზობს. მისი განხორციელება არ საჭიროებს ქალაქის განადგურებას.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია 25 სექტემბერს ჰონოლულუში დაგეგმილი ციფრული მთავრობის სამიტის ვებგვერდის ფოტო. ბლოგერი აცხადებს, რომ არსებობს გეგმა, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი შტატის მართვას დაიწყებს.

ღონისძიება ჰავაიში მართლაც დაგეგმილია, თუმცა ის კონკრეტულად ამ შტატისთვის არ იმართება. სამიტის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ მისი მიზანია, „გააერთიანოს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საჯარო სექტორის პროფესიონალები წამყვან ინდუსტრიულ პარტნიორებთან, რათა მათ უფრო დიდი კავშირი ინოვაციურ მიდგომებთან ჰქონდეთ და აღმოაჩინონ ახალი ტექნოლოგიები“. დღის წესრიგში AI მხოლოდ ერთ ადგილასაა ნახსენები, კერძოდ, მოხსენების "ციფრული ტრანსფორმაცია მთავრობისთვის: მომავალი ახლაა" აღწერაში ვკითხულობთ: „ტექნოლოგიების მართვის სამყარო ყოველდღიურად იცვლება. დინამიკური ციფრული ტრანსფორმაციის საჭირობა და ისეთი ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენება, როგორებიცაა ხელოვნული ინტელექტი და IOS (Internet of Things), მომავალია“. ამავდროულად, მოხსენებაში არ წერია, რომ AI შტატის სამართავად უნდა გამოიყენებოდეს. მოხსენება არ ახსენებს არც ჰავაის და არც - მაუის.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები ჯერ კიდევ იძიებენ ჰავაის ტყის ხანძრის მიზეზებს, მაგრამ რამდენიმე ექსპერტმა AFP-ს განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას. ჯონ ბრავენდერმა, NWS-ის გაფრთხილების კოორდინაციის მეტეოროლოგმა, AFP-სთან აღნიშნა, რომ NWS-მა წინასწარ გამოაქვეყნა ხანძრის წინ ამინდის დაკვირვებაც.

ცნობისთვის, ხანძარის კონტექსტში, საქმე აღძრულია Hawaiian Electric-ის, შტატის უმსხვილესი ენერგეტიკული ფირმის წინააღმდეგ. კომპანიას ბრალი ედება ხანძრის საფრთხის გაჩენის შეტყობინების შემდეგ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიით მომარაგების გაგრძელებაში.

ამდენად, მტკიცება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი გამოწვეულია "15-წუთიანი ჭკვიანი ქალაქების" შესაქმნელად, კონსპირაციას წარმოადგენს. როგორც ამინდის ეროვნული სამსახური (NWS) და დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის გაჩენას მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო ხელი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.