Facebook-ანგარიში „სულიერი სამყარო“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაციაც „ფაქტ-მეტრს“ აქამდე არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს(არქივირებული ბმული). პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თითქოს ვერტმფრენი ჰაერში ცეცხლს აფრქვევს. Facebook-ანგარიშის მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერი ადამიანების მიერ ტყის ხანძრის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას ასახავს. გავრცელებული პოსტით ასევე იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლიმატის ცვლილება არ არსებობს და ისეთი მოვლენა, როგორიც, მაგალითად, ტყის ხანძარია, ხელოვნურადაა გამოწვეული.
სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო არა - ხანძრის გამოწვევას, არამედ, კონტროლირებადი დაწვის მეთოდის გამოყენებით, ხანძრის ლიკვიდაციას ასახავს. ე.წ Heli-torches არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ვერტმფრენზეა მიმაგრებული და ცეცხლის ნაკადს აფრქვევს. ტყის ხანძრების კონტროლირებადი წვის მეშვეობით შეჩერების ოპერაციას პროფესიონალი და სპეციალურად მომზადებული მეხანძრეები (“ignition specialist”) ასრულებენ. ტყის ხანძრის აღნიშნული მეთოდით ჩაქრობა გულისხმობს არსებული ბუნებრივი „საწვავის“ დაწვას მანამ, სანამ ტყის ხანძარი მას მიუახლოვდება. არსებული საწვავი ნარჩენების Heli-torches-ით დაწვით, ხანძრის ირგვლივ იქმნება არეალი, სადაც აალებადი ნარჩენები აღარ არის, რის გამოც ტყის ხანძარი ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება. შედეგად, ხანძარი კონტროლის ქვეშ ექცევა და მისი შემდგომი გავრცელების უნარი იზღუდება (1,2,3).
აღსანიშნავია ისიც, რომ მასიური ტყის ხანძრების ლიკვიდირების ამგვარი პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დამკვიდრებული. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში, ხანძრის გავრცელების შეჩერების მიზნით, Heli-torches-ით კონტროლირებადი დაწვის მეთოდი ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადის პროვინცია) გამოიყენეს. ხანძრის მასშტაბების შესამცირებლად, ბრიტანეთის კოლუმბიის სახანძრო სამსახურმა კონტროლირებადი წვის გეგმიური სამუშაოები („planned ignitions“) ჩაატარა. მსგავსი ტექნიკა გამოიყენეს 2020 წელს საბერძნეთში, 2022 წელს კალიფორნიის შტატში. ამავე ტექნიკას იყენებდნენ 2008 წელსაც კალიფორნიის შტატის სამხრეთში გაჩენილი ხანძრის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, მისი ორიგინალი ვერსია Facebook-სა და Instagram-ზე 2020 წლის 21 და 22 აგვისტოს მომხმარებელმა Fireman323-მა გამოაქვეყნა. ორივე პოსტის სათაურში ვიდეოს ავტორად მითითებულია "@joshua.payet“. ახალი ამბების სააგენტოს Agence France-Presse (AFP)-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ AFP "@joshua.payet”-ის ანგარიშთან დაკავშირებულ პირს გაესაუბრა, რომელმაც მიმოწერისას დაადასტურა, რომ "@joshua.payet“-ის ანგარიში მეხანძრეს ეკუთვნის და გავრცელებული ვიდეოც სწორედ მის მიერაა გადაღებული.
Fireman323-ს Instagram-ის პირად პროფილზე 190000 გამომწერი ჰყავს. მისი პროფილიდანვე ვიგებთ, რომ ის მეხანძრეა. Fireman323-ის Instagram-ანგარიშზე ბოლო ვიდეო 6 საათის წინ გამოქვეყნდა. „იქონიეთ გეგმა, ჩამოკიდეთ დეტექტორები, დახურეთ ოთახის კარი ღამით, ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - წერს Fireman323 გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
ამდენად, მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო ტყის ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას ასახავს, ყალბია. შესაბამის ვიდეოში ნაჩვენებია ხანძრის ლიკვიდაციის კონტროლირებადი დაწვის მეთოდი, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკაა და მას პროფესიონალი მეხანძრეები ასრულებენ. კონტროლირებადი დაწვა კი მეხანძრეებს საშუალებას აძლევს, ტყის ხანძარი კონტროლის ქვეშ მოაქციონ და მათი შემდგომი გავრცელება შეზღუდონ.
-------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.