სოციალურ ქსელში ანგარიში Mano Beridze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ვიდეოს ავრცელებს. „რა იყოთ? რა გერიდებათ? რას კვლანჭავთ მაგ თითებს საცოდავად? თამამად, თამამად! უკვე ვიცით, ვინცა ხართ..“ -წერია პოსტის აღწერაში. აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე წელია, კონსპირაციის თეორია ვრცელდება, თითქოს მაკრონი ხელის მოძრაობით მასონურ სიმბოლოს გამოსახავს. რეალურად, მაკრონი და ოლიმპიური თამაშების კომიტეტის წევრები გამოსახავენ ეიფელის კოშკს, რომელიც 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის, როგორც კანდიდატი ქალაქის, სიმბოლოდ გამოიყენებოდა.
მასონურ სიმბოლოსთან მაკრონის ჟესტის დაკავშირების შესახებ სტატია მოამზადა იტალიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Open.online-მაც. ორგანიზაციამ მიაკვლია, რომ აღნიშნული ვიდეო ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა, როცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პარიზში ჩავიდა, რათა დაედგინა, თუ რომელი ქალაქი უმასპინძლებდა 2024 წლის ოლიმპიადას. მაკრონმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, პარიზის გამარჯვების აღსანიშნავად, ამ ჟესტით პარიზის, როგორც ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ქალაქის, სიმბოლო - ეიფელის კოშკი გამოსახა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ჟესტს მცდარად აიგივებენ ე.წ. „თავისუფალი მასონების“ (Freemason) სიმბოლოსთან, რომელსაც „კვადრატი და კომპასები“ ეწოდება. (იხილეთ ფოტო):
ამდენად, გავრცელებულ ვიდეოში მაკრონის ჟესტი არა - მასონურ, არამედ პარიზის სიმბოლოს გამოსახავს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.