2 მაისს Facebook-მომხმარებელმა Mano Beridze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინაში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის კიბეებზე ნაცისტური სიმბოლო „სვასტიკაა“ გამოსახული. აღნიშნულის საფუძველზე პოსტის ავტორი წერს, რომ უკრაინა ნეონაცისტური სახელმწიფოა: „რა ვიცი, ასეთი მისაღები თუ იყო ეს ფაშიზმი და ნეონაციზმი ვიღაცეებისთვის, გერმანულ ფაშიზმს რაღას ვერჩოდით?“. გამოქვეყნებული ვიდეო სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო კიევის სავაჭრო ცენტრში 2019 წელს არის გადაღებული. გამოძიებით დადასტურდა, რომ ნაცისტური სიმბოლო ჰაკერული თავდასხმის შედეგად მხოლოდ გარკვეული ვადით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნაცისტური სიმბოლოების გამოყენება და გავრცელება აკრძალულია.
მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოს თავდაპირველი ვერსია 2019 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა Youtube-ზე. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ვიდეოკადრები კიევის სავაჭრო ცენტრში 2019 წლის 16 თებერვალს გადაიღეს.
მომხდარს იმავე დღეს სავაჭრო ცენტრი გამოეხმაურა, რომელშიც ინციდენტი დაფიქსირდა. მათ განმარტეს, რომ სავაჭრო ცენტრის კიბეებზე ნაცისტური სიმბოლო ჰაკერული თავდასხმის შედეგად გამოჩნდა, ხოლო ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს მომხდართან საერთო არაფერი ჰქონდათ.
ადგილობრივმა პროკურატურამ გამოძიება 436-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე დაიწყო და იმავე წლის ივლისში პასუხისმგებელი პირის ვინაობაც დადგინდა. დამნაშავე 17 წლის ბიჭი იყო, რომელმაც სავაჭრო ცენტრის კომპიუტერული სისტემის გაუმართაობით ისარგებლა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა. თუმცა, უკრაინის დისკრედიტაციის აქტიური კამპანია ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ომი წამოიწყო. კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია, საკუთარ მოქალაქეებსა და საერთაშორისო აუდიტორიას უკრაინა როგორც „ნეონაცისტების ბუდე“ და „ბანდიტების სახელმწიფო“, ისე დაანახოს.
კრემლის მცდელობის მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსი ჩამოყალიბდა - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ გამოგონილ „ნაცისტური სახელმწიფოს“ იმიჯთან და აღნიშნულის დასტურია არაერთი მაღალი რანგის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადება და ავტორიტეტული გამოცემების კვლევები. რუსული პროპაგანდის ბრალდებები უკრაინის სახელმწიფოს ანტისემიტიზმზე ნაციზმის ბრალდებების განუყოფელი ნაწილია. თუმცა აღნიშნულს არც ნაციზმის ისტორიკოსები და არც ნაციზმის მსხვერპლნი, პირველ რიგში - ებრაელები, არ იზიარებენ.
უკრაინის ხელისუფლების ნაცისტურად მოხსენიებას ნაციზმის ისტორიის მკვლევრები მთელი მსოფლიოდან ეწინააღმდეგებიან. Jewish Journal-ის მიერ გამოქვეყნდა ღია წერილი, რომელსაც ხელს 180-ზე მეტი მეცნიერი აწერს, ვინც გენოციდის, ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიას იკვლევენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც საკუთარ ებრაულ წარმომავლობას ხშირად უსვამს ხაზს, აღნიშნავს: „თქვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ ნაცისტები ვართ. მაგრამ შეუძლია, თუ - არა ერს, რომელმაც ნაციზმთან ბრძოლაში 8 მილიონზე მეტი სიცოცხლე დაკარგა, მხარი დაუჭიროს ნაციზმს?"“
ისრაელში გერმანიის ელჩის თქმით, „პუტინი ყველაფერს დემოკრატიულს „ნაციზმს“ უწოდებს. მე გულწრფელად ბოდიშს ვუხდი უკრაინის მამაც ებრაელ პრეზიდენტს“.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Pew Research Center-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინას ანტისემიტური განწყობები ყველაზე ნაკლებად აქვს.
ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ კიევის სავაჭრო ცენტრში ნაცისტური სიმბოლო, რომელიც ჰაკერული თავდასხმის შედეგად 2019 წელს მცირე ხნით გამოჩნდა, უკრაინელების ნეონაციზმზე მეტყველებს, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრისა და განურჩეველი თავდასხმების პარალელურად ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ აბსურდული არგუმენტის გამყარებას ემსახურება.
-----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე