სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ სახელით და ლოგოს გამოყენებით სტაგრამის ყალბი ანგარიში პოსტს ავრცელებს წარწერით: „ჯავახეთი სომხეთის ნაწილია“. ანგარიში საქართველოში მცხოვრებ სომხებს ძლიერი სათვისტომოს შექმნის მიზნით გვერდის გამოწერისკენ მოუწოდებს.


პირველ რიგში, ანგარიში ყალბია და „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ რეალურ გვერდს არ წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის ნამდვილი ინსტაგრამ-გვერდი პლატფორმაზე შემდეგნაირად იძებნება Armenian_Community_of_Georgia. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ლიდერს, არტურ მირზოიანს დაუკავშირდა. მირზოიანის თქმით, გვერდი ყალბია და ორგანიზაციის ნამდვილ ანგარიშს არ წარმოადგენს, ხოლო გვერდზე გამოქვეყნებული მასალა ორგანიზაციის ხედვებს არ შეესაბამება.

დამატებით, „ფაქტ-მეტრმა“ „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ რეალური და ყალბი ანგარიშები შეადარა. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ნამდვილ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება ინსტაგრამის ყალბ ანგარიშს, მასზე ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში მომხდარი მოვლენების კადრები, რომელთაც, საერთო ჯამში, შინაარსობრივი ბმა არ გააჩნიათ, ხოლო ყოველივე პოსტის აღწერაში ერთი და იმავეს ვკითხულობთ - „შემოგვიერთდი! ერთად შევქმნათ ძლიერი სათვისტომო“ ან „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“. ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე პოსტი „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ნამდვილ ანგარიშიდან არის აღებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყალბი ანგარიში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და რეალური ანგარიშის იმიტაციას ცდილობს.

ყალბ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პირველი პოსტი 5 ივლისით თარიღდება, ხოლო თავად ანგარიში 2023 წლის ივნისში არის შექმნილი. გვერდს 8 აგვისტოს მონაცემებით 207 გამომწერი ჰყავს.

სომხეთის რესპუბლიკა, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, როგორც საქართველოს ნაწილს, აღიარებს. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ დონეზე დავა არ არსებობს, ხოლო მსგავსი შინაარსის პუბლიკაციები მიზნად ეთნიკური შუღლის გაღვივებას ისახავენ.

შესაბამისად, „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ სახელით გავრცელებული პოსტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამცხე-ჯავახეთი სომხეთის ნაწილია, ყალბი ინსტაგრამის ანგარიშის მიერ გავრცელებული განცხადებაა, რომელიც ეთნიკური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.